LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუსიკას სიარულის დროს ვწერ… თავში უამრავი მელოდია მიტრიალებს” – „პატარა მოცარტი“ ცოტნე ზედგენიძე სტუმრად „არტ-FM“-ში

7
cntzgdndzsee

10 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ 9 წლის ვირტუოზი პიანისტი ცოტნე ზედგენიძე სტუმრობდა ბებიასთან, ქალბატონ ნინო მამრაძესთან ერთად.

გადაცემის ლაივი LIVE

მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ოჯახში დაბადებული ცოტნე, რომელსაც ხშირად „პატარა მოცარტსაც“ უწოდებენ, ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა კლასიკური მუსიკით,  ფორტეპიანოზე დაკვრა კი 5 წლის ასაკში დაიწყო ბებიას ხელმძღვანელობით. პირველი სოლოკონცერი ცოტნემ გასულ წელს გამართა, ცნობილი კომპოზიტორების, საკუთარი ნაწარმოებები შეასრულა და მელომანებთან ერთად პროფესიონალებიც აღაფრთოვანა.

– ცოტნე, როდის გაგიტაცა ფორტეპიანოზე დაკვრამ?  

– დაკვრა 5 წლისამ დავიწყე. ბებიას სტუდენტებს ვუსმენდი, ძალიან მომეწონა და თვითონაც ძალიან მომინდა დაკვრა მესწავლა.

– რომელი პიანისტი მოგწონს ყევლაზე მეტად?

– ყველაზე მეტად სვიატოსლავ რიხტერი მომწონს და ხშირადაც ვუსმენ.

– გაქვს თუ არა საყვარელი ფილმი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით უყურებ?

– ძალიან მომწონს ფელინის „ორკესტრის რეპეტიცია“.

– უფროსები ხშირად გეძახიან „პატარ მოცარტს“, თვითონ როგორ მოგწონს ასეთი შეფასება?

– სხვამ რაც უნდა ის თქვას, მაგრამ მე მაინც ცოტნე ზედგენიძე ვარ.

– საუკეთესო მეგობრად ნიკოლოზ რაჭველს თვლი, თქვენი მეგობრობის საუკეთესო მომენტს ხომ ვერ გაიხსენებ?

– ნიკასთან ყოველთვის საინტერესოა ურთიერთობა. საუკეთესო მომენტი კი, მაშინ იყო, როცა შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტის დაკვრა შემომთავაზა ორკესთრთან ერთად, რადგან ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები, ორკესტრთან კი, მანამდე არასდროს დამეკრა და მართლა ძალიან გამიხარდა.

– როგორც ვიცი, ძალიან მოგწონს სცენარების წერა, რომელთა მთავარი პერსონაჟი ყოველთვის შენი უმცროსი დაიკოა…

– ჩემს დასთან ერთად ხშირად ვდგამ პატარა წარმოდგენებს, რომელთაც მობილურზე ვიღებ და ზოგჯერ სოციალურ ქსელში ვავრცელებ.

– დაკვრაც გეხერხება, მუსიკის შექმნაც და სცენარების წერაც, რას აირჩევ პროფესიად, როცა გაიზრდები?

– როცა გავიზრდები აუცილებლად პიანისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი ვიქნები.

– ქალბატონო ნინო, როდის მიხვდით, რომ ცოტნე არა უბრალოდ კარგად უკრავდა, არამედ ნამდვილი ტალანტი იყო?

– საკმაოდ ადრე მივხვდი, რადგან მცირე ასაკიდანვე გამორჩეული ბავშვი იყო. 2 წლისამ დამოუკიდებლად ისწავლა ქართული და ლათინური ანბანი, მუსიკის მოსმენისას კი, ყოველთვის უშეცდომოდ ცნობდა ინსტრუმენტებს.

– როგორ განავითარეთ ცოტნეს ტალანტი, როცა მიხვდით, რომ მას მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობები ჰქონდა?

– ცოტნეს არასდროს უსწავლია მუსიკალურ სკოლაში, რადგან ინდივიდუალური გზა აირჩია და თავისებურად ვითარდება. არასდროს ვაიძულებთ დაკვრას თუ თვითონ არ უნდა და ნაწარმოებებსაც მხოლოდ საკუთარი სურვილით ირჩევს. ცოტნე მუსიკასაც განსხვავებულად ქმნის, ყოველთვის თავისუფალია ფანტაზიებსა და ინტერპრეტაციებში, იმახსოვრებს იმას, რაც თავად მოსწონს, მოგვიანებით აფიქსირებს და ასე ქმნის კომპოზიციას. სწორედ თავისუფლების შესანარჩუნებლად და საკუთარი ენის ჩამოსაყალიბების სურვილით გადავწყვიტეთ მუსიკალური სკოლის სტანდარტულ განათლებაზე უარის თქმა.

– ცოტნე, როგორც ვიცი, ბებიასთან ყოველთვის ადვილად პოულობ საერთო ენას და საკუთარ მეგობრადაც მიიჩნევ…

– ბებიასთან ყოველთვის თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან არაფერს მიკრძალავს და ყველა სურვილს მისრულებს.

– რას ამზდებ საზღვარგარეთული გასტროლებისთვის?

– ჯერ მხოლოდ ვარჩევ, ამიტომ პროგრამა სრულად არაა შედგენილი.

– (ქალბატონი ნინო) ყველაზე მეტად ცოტნეს ახალი ნაწარმოების გაცნობა, მოსმენა და გარჩევა უყვარს, ბოლო დროს კი, მართლაც უამრავი ნაწარმოები გაარჩია და სწორედ მათი თავმოყრით ვგეგმავთ პროგრამის შექმნას.

– უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, რამდენად სასიმაოვნოა ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– ყველას დიდ მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის, რადგან მართლაც ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. სკოლაშიც ხშირად მაქებენ მასწავლებლები, კლასელებთან კი, ცნობილ ადამიანს ვთამაშობ, რომელიც ყველას ავტოგრაფებს ურიგებს.

(ქალბატონი ნინო) ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მართლა კარგად სწავლობს, რადგან ძალიან მოსწონს სკოლა.

– როგორ ერთობი თავისუფალ დროს?

– თავისუფალ დროს მუსიკას ვუსმენ, ფილმებს ვუყურებ და ვცდილობ თვითონაც შევქმნა რაიმე.

– გიფიქრია, რომ წლების შექმდეგ შენს კომპოზიციებს ცნობილი პიანისტები შეასრულებენ?

– (ქალბატონი ნინო) სხვათაშორის, ახლაც ხშირად გვთხოვენ ცოტნეს კომპოზიციებს, თუმცა მან ჯერ წერა არ იცის, ამიტომ ნაკლებად გამოგვდის მსგავსი სურვილების დაკმაყოფილება.

– რას ნიშნავს შენთვის პოპულარობა?

– პირველ კონცერტზე ჟურნალისტები დამეხვივნენ და ცოტა დავიბენი, თუმცა შევეჩვიე და ახლა ძალიან მომწონს.

– როგორ ქმნი კომპოზიციებს?

– მუსიკას სიარულის დროს ვწერ. მართალია, ჩაწერა არ ვიცი, მაგრამ თავში უამრავი მელოდია მიტრიალებს.

– უამრავ ცნობილ ადამიანთან ურთიერთობ, საინტერესოა, ვისთან ისურვებდი თანამშრომლობას?

– ბევრ მუსიკოსთან მინდა თანამშრომლობა, თუმცა მაინც სანდრო ნებიერიძეს გამოვარჩევდი.

– ქალბატონო ნინო, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– რა თქმა უნდა, კონცერტებს გავაგრძელებთ, თუმცა ნაკლებად ინტენსიურად, რათა ზედმეტად დამღლელი და დამთრგუნველი არ იყოს. გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ, რათა ცოტნეს ყოველთვის ჰქონდეს დრო სწავლისა და შემოქმედებისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები