LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: დღევანდელი დღე ტრაგიკულია უკრაინისთვის, ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის

108
Untitled design - 2022-02-24T153450.060

როგორც საქართველოს პრეზიდენტს – პრეზიდენტს ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„დავიწყებ იმით, რომ ეროვნული თანხმობის დღევანდელი სესია, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, გავაუქმე, რამეთუ ეროვნული თანხმობის ერთი საკითხი გვაქვს: ეს არის უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა. დღეს უკრაინისთვის ტრაგიკულია დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა უკრაინა ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას.

ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერისთვის ევროპასა და მსოფლიოში. ომი ევროპის გულში გაჩაღდა დიალოგის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად. როგორც საქართველოს პრეზიდენტს – პრეზიდენტს ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლების დღეს შეეწირნენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას.

მინდა შევუერთდე გაეროს გენმდივნის და სხვა მსოფლიო ლიდერების მოწოდებებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე. მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს და მთავრობას: დღეს, როგორც არასოდეს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია“, – აცხადებს პრეზიდენტი.

მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს – პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნას ხელს აწერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები