LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძე: “ეს ერთი ციცინოს ამბავია… რაღაცნაირად მიხარია”

185
zura-shevardnadze-newsmay

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ერთ საინტერესო ამბავს ჰყვება მეზობელ ქალზე, რომელიც წლების განმავლობაში თურქეთში მუშაობდა, ახლა კი საქართველოში დაბრუნდა.

“ნათესავი მყავს ერთი ციცინო, წესიერი ოჯახის ქალია. ადრე დაქვრივდა, სამი ბიჭი დარჩა გასაზრდელი.. საქმე წახდა და მეზობლის ქალებმა თურქეთში წაიყოლეს სამუშაოდ. იპოვნა იქ საზღვართან ახლოს როგორც თითონ ამბობს დიდი, მშრომელი ოჯახი და აგერ 15 წელია თავს ევლება დედიან-ბუდიანად, ბავშვები ციცინომ გაუზარდა, იმათ მოხუცებს ყველას ამან მოუარა, გასათხოვრები გაათხოვა და მოსაყვანებს მოაყვანინა. დიდი ჩაის, ციტრუსის და თხილის პლანტაციები ჰქონიათ…
სეზონზე ციცინოს გამოშომაულებული ქართველი ბიჭები ჩადიოდნენ და მუშაობდნენ ახმედ ეფენდის ეზოში. ისტორიებს რასაც იქიდან დაბრუნებული ჩვენი ხალხი ყვება, მირჩევნია არ დავწერო, რბილად ვთქვა, არაა მთლად სასიამოვნო და მით უმეტეს საინტერესო.

დღე არ გავა, ციცინოს ზეინებ ხანუმმა არ დაურეკოს და ლოყების ხოკვით არ მოუყვეს, რაფერ დარჩა წელს ჩაი მოუკრეფავი, რაფერ დაენგრა წლევანდელი გეგმები და დაკარგა ოჯახმა შემოსავალი, რომელსაც ასე ელოდებოდა.

ამასობაში, სანამ საზღვარი დაკეტილია, ციცინომ გადააბზრიალა თავისი თითქმის მიტოვებული ოდა, ბიჭებმა დაბარეს, დათესეს და დარგეს ბაღჩა. მათი ეზო ვერ ვიცანი, ისე იყო დავარცხნილი და მოვლილი, სათხილე გამოუთხელებიათ და დაუფოცხავთ. მამამთილის დატოვებული წისქვილიც ავამუშავეთო, მომიყვა. ამაყად მიჩვენებდა გამარგლულ კვლებს და აყვავებულ ვარდებს, წინა ეზოში… ქვეყნის კეჟერა და ცერცვი გამოურგავს მწკრივებად.
ცოტა წაიწუწუნა, ზეინებ ხანუმი და მისი მოუკრეფავი პლანტაციებიც ვიშვიშით გაიხსენა, მარა მერე უცებ გააგრძელა იმედიანად, ხვალ ნადი მყავს, ჩემი ჩაის გადაჭრას და გაახლებას ვაპირებო..
ეს ერთი ციცინოს ამბავია, მგონია, მსგავსი ამბები დაგროვდა ნელ-ნელა…
რაღაცნაირად მიხარია…
რა ვქნა, ზეინებ ხანუმზე ვერ ვიდარდებ..
ბოდიში, ახმედ ეფენდი…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები