LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ხუციშვილის ემოციური სიტყვა, როცა მამის მაგივრად „ოქროს ტალღა“ მიიღო

173

26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „ოქროს ტალღის“ საიუბილეო ღონისძიება ჩატარდა. მუსიკალური კონკურსი, წლის სიმღერის დაჯილდოება, სადაც შოუბიზნესის წევრებს 15 ნომინაციაში გადასცემენ პრიზებს, მეხუთე წელია ტარდება.

წელს რადიო „ფორტუნას“ 20 წლის იუბილე და „ოქროს ტალღის“ 5 წლის იუბილე განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნა. სპეციალური სტუმრის, ლიზა ფიშერის შესანიშნავ ვოკალურ პერფორმანსზე მეორე დღეა, აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელებში, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით სიმფონიურმა ორკესტრმა კი შესანიშნავი პარტნიორობა გაუწია ქართველ ვარსკვლავებს.

15 ნომინაციიდან ერთი ყველაზე გამორჩეული გამოდგა, ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ნომინანტის დასაჯილდოვებლად სცენაზე რადიო „ფორტუნას“ ერთ-ერთი ძველი სახე, ტელეწამყვანი ეკა ხოფერია გამოვიდა. სწორედ მას ხვდა წილად პატივი, გამოეცხადებინა, ვის გადაეცა ჯილდო ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის და ეს გახლდათ მისი დიდი ხნის მეგობარი, მომღერალი და მსახიობი, გიო ხუციშვილი…

პრიზის მისაღებად სცენისკენ მისი ვაჟ, ზუკა ხუციშვილი გაემართა… თავიდან მას ძალიან გაუჭირდა აზრის მოკრება, მაგრამ შემდეგ გაიხსენა, როგორ გაუხსნეს იმავე დარბაზის წინ ვარსკვლავი მამას, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი გამოჩენა აღმოჩნდა ფართო მაყურებლის წინაშე.

ზუკა ხუციშვილი:

დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა… მგონი, ხვდებით, ჩემთვის ძალიან რთულია აქ ყოფნა, გიოს მაგივრად საუბარი. სულ ახლახან ფილარმონიის წინ გაიხსნა გიოს ვარსკვლავი. კონცერტის დროს შეუძლოდ იყო და ზუსტად აი, აქ იჯდა და შეასრულა რამდენიმე სიმღერა. ამხელა სიყვარული, პატივისცემა, ამხელა დარბაზი რომ ადგა და სიყვარული აჩუქა მამაჩემს, ასეთი არაფერი მინახავს, ძალიან დიდი მადლობა…

მე დავინახე, მამაჩემმა თქვენი სიყვარულისგან უკანასკნელად როგორ გაანათა, არასდროს დამავიწყდება და მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის ვალში ვიქნებით თქვენ წინაშე. დიდი მადლობა!.. მადლობა მთელ გუნდს და მადლობა მთელი ჩემი ოჯახისგან…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები