საქართველოს ეკონომიკის მინისტრი არ აკონკრეტებს თარიღს, თუმცა განმარტავს, რომ ელექტროენერგიის გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს. საქმე ეხება სვანეთის რეგიონს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან ამ დრომდე თავისუფალი იყო.

„საქართველოს მთელი მოსახლეობა ვალდებულია, რომ პირნათლად გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ჩვენ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას” ვეხმარებით, რომ ამ თვალსაზრისით დისციპლინა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური”, – აცხადებს ნათია თურნავა.

წინ უნდა წავწიოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა – ნათია თურნავა

რაც შეეხება სვანეთში ბიტკოინების არალეგალურ წარმოებას, მინისტრი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები გატარდა.

„სვანეთის ტერიტორიაზე გაიზარდა აღურიცხავი მოხმარება. მათ შორის, ეჭვი იყო იმაზე, რომ გარკვეულწილად არალეგალური მაინინგი ხორციელდებოდა. ამაზე გარკვეული ღონისძიებები გატარდა, მათ შორის „ენერგო-პრო ჯორჯიას” მხრიდან ჩვენი დახმარებით და ეს პრობლემა თანდათან გადაიჭრება. რაც მთავარია, სვანეთის ტურისტულ სეზონს ამ თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. ელექტრომომარაგება არის წესრიგში, პრობლემები არ არის”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები