„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთავრობამ ტრანსპორტთან დაკავშირებით არასწორი ღონისძიებები გაატარა.

როგორც მესხიშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა, მერიას ორი თვე ჰქონდა, ვირუსის წინააღმდეგ სწორი სანქციები გაეტარებინა, მაგრამ ეს ვერ გააკეთა.

„თბილისის მერიამ ტრანსპორტთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება ძალიან დააგვიანა, იმიტომ რომ ტრანსპორტი არის ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი კერა.

ის, რომ მსოფლიოში პანდემიაა, ეს ტრანსპორტის დამსახურებაა. ჩვენ ორი-სამი თვე ვქონდა იმისთვის, რომ მოვმზადებულიყავით. საჭირო იყო სპირტისა და პირბადეებით მომარაგება, იმიტომ რომ მალევე გამოვიდა რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ტრანსპორტიში ყველა მგზავრი და მძღოლი პირბადით უნდა იყოს აღჭურვილი. თავიდანვე მგზავრების ერთი კარიდან ასვლა უნდა მომხდარიყო, რათა მძღოლისგან მათი იზოლაცია მომხდარიყო. დეზინფექცია კი თავისთავად მანამდეც ყოველდღე უნდა ჩატარებულიყო. ახლა რაც მოხდა, საჩვენებლად, რომ ნახეთ, ტრანსპორტში დეზინფექციას ვატარებთო, ეს ისედაც ასე უნდა ყოფილიყო. მე არ მიმაჩნია, რომ ეს რაიმე განსაკუთრებული ზომაა. იმდენად საშინელი მდგომარეობაა ყვითელ ავტობუსებში, რომ არც ვიცი, დეზინფექციას რა შედეგი უნდა მოჰყვეს. წლების ჭუჭყი არის ჩამკვდარი. ასე რომ, მთლიანობაში მერიამ თავდაცვის ზომები არ მიიღო. თუმცა, ერთის მხრივ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და მძღოლების იზოლაცია მოახდინა, მაგრამ მეორეს მხრივ სრულიად არაადკვატური გადაწყვეტილება მიიღო მიკროავტობუსების გაუქმებით. შედეგად მგზავრები მიაწყდნენ ავტობუსებს, რის გამოც მთავარი რეკომენდაცია, რომ მგავრების და მძღოლის იზოლირება მომხდარიყო, გააფუჭა. ახლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ რაც შეიძლება ცოტა მგზავრი იყოს ტრანსპორტში და სატრანსპორტო საშუალების აკრძალვით, ეს არ მიიღწევა“, – აცხადებს მესხიშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

კითხვაზე, უნდა გაითვალისწინოს თუ არა სხვა ქვეყნების გამოცდილება საქართველომ და მძღოლებს სანქციები გაუუქმონ,  მესხიშვილი პასუხობს, რომ ახლა ჯარიმების მოგვარების თემა არაა მთავარი.

„მთავარია, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები შესრულდეს და ვირუსის გავრცელებას ხელი შეეშალოს. არადა ტრანსორტის მიმართულებით გადადგმული მთავრობის გადაწყვეტილებები ვირუსის გავრცელების მაღალ რისკებს ქმნის. იქ, სადაც არის ე.წ. კანონიერი ავტოსადგურები, იქაც უკონტროლო სიტუაციებია. მიკროავტობუსები გადატვირთულია და არც ჰიგიენის ნორმები არაა დაცული.

მუნიციპალიტეტის ტრანსპორტში უფრო რთული სიტუაციაა. თბილისში ჩვენ ვიცით, რომ ტრანსპორტის პრობლემებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერს უნდა მივმართოთ. საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე და ავტოსადგურებზე ვინ არის პასუხისმგებელი, რთულად გასაგებია. ჩვენს ქვეყანაში ტრანსპორტზე პასუხს აგებს ეკონომიკის სამინისტრო, ამიტომ მივმართავ ეკონომიკის მინისტრს, მიხედოს ამ პრობლემას“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში მესხიშვილი.

მესხიშვილის ტრანსპორტით მგზავრობით რეკომენდაციები შემდეგია:

„ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ისეთი ტრანსპორტით ვიმგზავროთ, სადაც ცოტა ხალხია. მგზავრობისას პირბადე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. სასურველია, თუ ავტობუსში ფანჯრები ღია იქნება, შეიძლება ციოდეს, მაგრამ ყველანაირი საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რომ რომ ვირუსი არ გავრცელდეს. სასურველია მძღოლების გადამზადება. მათ უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, როგორ მოიქცნენ პანიკის შემთხვევაში, როდესაც მგზავრებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ერთ-ერთი მათგანი დაავადებულია“, – აცხადებს მესხიშვილი ჩვენთან საუბარში.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05