LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დროის 10 საუკეთესო ფილმი სიყვარულზე

37086
love-movies

კინემატოგრაფიის ისტორიაში არაერთი დასამახსოვრებელი რომანტიკული კომედია თუ დრამა გადაღებულა, თუმცა არსებობს ფილმები, რომლებმაც დროს გაუძლეს. თითოეული მათგანი სასიყვარულო ფილმების კინოკლასიკა და ყველასთვის საყვარელი ფილმია.

გავიხსენოთ ყველა დროის 10 საუკეთესო ფილმი სიყვარულზე….

„ქარწაღებულნი“ / Gone With The Wind (1939)

რეჟისორი: ვიქტორ ფლემინგი

როლებში: ვივიენ ლი, კლარკ გეიბლი

ბამბის პლანტაციის მდიდარი მფლობელის ქალიშვილის, სკარლეტ ო’ჰარას და რეტ ბატლერის სიყვარულის ამბავი გულგრილს ვერცერთ კინომოყვარულს დატოვებდა. ფილმი მარგარეტ მიტჩელის ამავე სახელწოდების წიგნს ეფუძნება, მისი მოქმედება კი ამერიკის სამოქალაქო ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში ვითარდება. სკარლეტს რთული ცხოვრებისეული გზის გავლა უწევს მდიდარი და უდარდელი ლედიდან შეუპოვარ მებრძოლ ქალამდე, მისი ნამდვილი სიყვარული და კომპანიონი კი ამ გზაზე სწორედ რეტი ხდება.

„ქარწაღებულნი“ ამერიკის კინოაკადემიის მე-12 დაჯილდოებაზე 13 ნომინაციაში იყო წარდგენილი და 8 ოსკარი დაიმსახურა, მათ შორის წლის ფილმის, რეჟისურის, სცენარის და ქალის როგორც მთავარი, ასევე მეორეხარისხოვანი როლებისათვის.

„კასაბლანკა“ / Casablanca (1942)

რეჟისორი: მაიკლ კერტისი

როლებში: ინდგირდ ბერგმანი, ჰამფრი ბოგარტი, პოლ ჰენრიდი

“კასაბლანკა”- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედზე მოგვითხრობს.  ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ემიგრანტების თავშესაფრად იქცა, ერთ ერთი კაზინოს მფლობელი რიკ ბლეინი თავის ძველ სიყვარულს ხვდება. ილსა ლუნდი და მისი ქმარი, ვიქტორ ლაზლო გერმანელებს გაურბიან. რიკს მათი დახმარება შეუძლია სპეციალური საბუთების გადაცემის მეშვეობით, რომელიც წყვილს ევროპის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

„კასაბლანკას“ მოგებული აქვს 3 ოსკარი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისურის და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციებში.

„რომაული არდადეგები“ / Roman Holiday (1953)

რეჟისორი: უილიამ ვაილერი

როლებში: ოდრი ჰეპბერნი, გრეგორი პეკი

პრინცესა ანა, რომლის ყოველი დღეც წინასწარ დაგეგმილია და რომელიც მუდამ იძულებულია, ეტიკეტის თანახმად მოიქცეს, რომში ვიზიტით ყოფნის დროს ღამით საელჩოდან იპარება. დამამშვიდებელი საშუალების გამო, რომელიც მიღებული აქვს, პრინცესას პირდაპირ ქუჩაში, სკამზე ეძინება, სადაც მას რეპორტიორი, ჯო ბრედლი პოულობს და თავის სახლში მიჰყავს. ბრედლი მხოლოდ მეორე დღეს აცნობიერებს, რომ მისი სტუმარი პრინცესაა. იგი თავის მეგობარ ფოტოგრაფ ირვინგთან ერთად გადაწყვეტს, კარიერის საუკეთესო რეპორტაჟი მოამზადოს. ჯო და ირვინგი ანას რომში ასეირნებენ და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი იციან მის ვინაობაზე, თუმცა მარადიულ ქალაქში გატარებული ერთი დღე სამუდამოდ ცვლის როგორც პრინცესას, ასევე ჟურნალისტის ცხოვრებას.

„რომაული არდადეგები“ 10-ჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ და 3 ოქროს ქანდაკება დაიმსახურა.

 „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ / Some Like it Hot (1959)

რეჟისორი: ბილი უაილდერი

როლებში: მერილინ მონრო, ტონი კერტისი, ჯეკ ლემონი

მას შემდეგ, რაც შემთხვევით კრიმინალური გარჩევის მოწმეები გახდნენ, განუყრელ მეგობრებს : საქსოფონისტ ჯოს და ბასისტ ჯერის ჩიკაგოდან გაქცევა უწევთ. ჩიკაგოს მაფიისაგან თავის დასაღწევად ისინი იძულებული ხდებიან, თავები ქალებად გაასაღონ და ქალთა ანსამბლს შეუერთდნენ, რომელიც გასტროლებზე ფლორიდაში მიემგზავრება. მეგობრები ანსამბლის ვოკალისტს, შუგარ კეინს გაიცნობენ. არცერთმა მათგანმა არ იცის, რამდენ რამეს შეცვლის მათ ცხოვრებაში ეს მოგზაურობა.

„„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” „ოსკარის“ 6 ნომინაციის და ერთი ოქროს ქანდაკების მფლობელი გახდა.

„საუზმე ტიფანისთან“ / (1961)

რეჟისორი: ბლეიქ ედვარდსი

როლებში: ოდრი ჰეპბერნი, ჯორჯ პეპარდი

ახალგაზრდა და ლამაზი ბედის მაძიებელი ჰოლი გოლაითლი ცხოვრებით ტკბება და მდიდარი საქმროს პოვნას ცდილობს, თუმცა მის გეგმებს თავდაყირა აყენებს ახალი მეზობელი, უიღბლო მწერალი პოლ ვაჟაკი. ჰოლის მიმართ გულგრილი არ არის პოლიც, რომელიც თავს ალფონსობით ირჩენს. ჰოლის და პოლს საკმაოდ რთული ურთიერთობის განმავლობაში ღირებულებების გადაფასება და იმის გაცნობიერება უხდებათ, რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორს, ტრუმან კაპოტეს ჰოლის როლში არა ოდრი ჰეპბერნის, არამედ მერილინ მონროს ხილვა სურდა.

„საუზმე ტიფანისთან“ ხუთჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და გაიმარჯვა ორ ნომინაციაში : საუკეთესო მუსიკალური გაფორმება და საუკეთესო სიმღერა (Moon river). სიმღერას თავად ოდრი ჰეპბერნი ასრულებს.

 „ვესტსაიდური ისტორია“ / West Side Story (1961)

რეჟისორები: რობერტ უაისი და ჯერომ რობინსი

როლებში: ნატალი ვუდი, რიჩარდ ბეიმერი

ბროდვეის მიუზიკლის ადაპტაციამ, რომელიც უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ ისტორიითაა შთაგონებული, ადვილად მოიგო მაყურებელთა გულები. სიუჟეტი 50-იანი წლების ნიუ იორკში ვითარდება, სადაც ახალგაზრდების ორი დაპირისპირებული დაჯგუფების წარმომადგენლებს ერთმანეთი უყვარდებათ.

„ვესტსაიდურმა ისტორიამ“ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ფილმმა სხვა უამრავი ჯილდოს გარდა 10 ოსკარი მოიპოვა.

„შერბურული ქოლგები“ / The Umbrellas of Cherbourg (1964)

რეჟისორი: ჟაკ დემი

როლებში: კატრინ დენევი, ნინო კასტელნუევო

17 წლის ჟენევიევს, რომელიც დედასთან ერთად ოჯახის კუთვნილ ქოლგების მაღაზიას უძღვება ქალაქ შერბურში, 20 წლის ავტომექანიკოსი გი შეუყვარდება, თუმცა ჟენევიევის დედა, რომელიც მხოლოდ ეკონომიური სიდუხჭირისაგან თავის დაღწევაზე ფიქრობს, ამ კავშირის წინააღმდეგია. მას შემდეგ, რაც გი სავალდებულო სამსახურის მოსახდელად ალჟირში მიემგზავრება, დედის მოთხოვნით ჟენევიევი მდიდარ იუველირ როლან კასანს მიჰყვება ცოლად…

„შერბურული ქოლგები“ 4-ჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ 1964 წელს კი „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა კანის კინოფესტივალზე.

რომეო და ჯულიეტა“ / Romeo and Juliet (1968)

რეჟისორი: ფრანკო ძეფირელი

როლებში: ოლივია ჰასი, ლეონარდ ვაითინგი

ფრანკო ძეფირელის „რომეო და ჯულიეტა“ უილიამ შექსპირის ტრაგედიის საუკეთესო ეკრანიზაციად ითვლება. ფილმს მოპოვებული აქვს „ოსკარის“ 4 ნომინაცია და ოქროს 2 ქანდაკება, ასევე 3 „ოქროს გლობუსი“ და BAFTA საუკეთესო კოსტუმებისათვის.

 

ტიტანიკი“ / Titanic  (1997)

რეჟისორი: ჯეიმს კამერონი

როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, ქეით უინსლეტი

დაუვიწყარი სასიყვარულო ისტორია, რომელიც ლეგენდარული გემის ისტორიის მსგავსად, ტრაგიკულად დასრულდა, გამოსვლისთანავე იქცა მილიონების საყვარელ ფილმად.

უიშვიათესი ბრილიანტის, „ოკეანის გულის“ მაძიებლებმა ოკეანის ფსკერზე 1912 წელს ჩაძირული გემის, „ტიტანიკის“ კორპუსის კვლევისას სეიფში ჩაკეტილი პორტერეტის გარდა ვერაფერი აღმოაჩინეს. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, მკვლევარებს მოხუცი ქალბატონი დაუკავშირდა, რომელიც ამ პორტრეტზე იყო გამოსახული, რის შემდეგაც გემის ერთადერთი მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების გარდა, მათ თავისი სასიყვარულო ისტორიაც მოუთხრო.

„ტიტანიკი“ ამერიკის კინოაკადემიის 70-ე დაჯილდოებაზე 14 ნომინაციის და 11 ოსკარის მფლობელი გახდა, მათ შორის იყო მთავარი ნომინაციები: წლის ფილმი და წლის საუკეთესო რეჟისორი. „ტიტანიკის“ ორიგინალური სიმღერა, My Heart Will Go on  სელინ დიონის შესრულებით, რომელმაც ასევე დაიმსახურა ოსკარი, მსოფლიო ჰიტი გახდა.

„ლამაზმანი“ / Pretty Woman (1990)

რეჟისორი: გარი მარშალი

როლებში: ჯულია რობერტსი, რიჩარდ გირი

რომანტიკული ფილმი მილიონერი საქმოსნის, ედვარდ ლუისის და  ჰოლივუდელი მეძავის, ვივიან უორდის საქმიანი გარიგებისა და სიყვარულის შესახებ გამოსვლისთანავე კინოჰიტად იქცა. აღსანიშნავია, რომ ვივიენის როლზე უარი არაერთმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომელთა შორისაც დერილ ჰანა და მიშელ პფაიფერი იყვნენ. ჰოლივუდელ ქალბატონებს მეძავის როლის შესრულება არ სურდათ, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს მათ რეპუტაციას ჩრდილს მიაყენებდა. იოლი არც რიჩარდ გირის დათანხმება აღმოჩნდა, თუმცა ყველასთვის საბედნიეროდ, გარი მარშალმა ფილმში მთავარი როლის შემსრულებლები იპოვა და ყველა თაობისათვის საყვარელი სასიყვარულო ისტორიაც გადაიღო.

ფილმში შესრულებული როლისათვის ჯულია რობერტსმა „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარის“ ნომინაცია დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები