LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურის ჩხირები უნდა აიკრძალოს! – შოთა ჯაფარიძე მოსახლეობას აფრთხილებს

1958
FORTUNA.GE (4)

თქვენ შეიძლება გქონდეთ ერთი, ძალიან ჩვეულებივი ჰიგიენური ჩვევა, რომელიც საშიშია – ყურის ჩხირების პერმანენტული გამოყენება.

ეს ძალიან ჩვეულებრივი ბამბიანი ჩხირები, ყველგან გვხვდება – მაღაზიებსა თუ აფთიაქში და რთული დასაჯერებელია, როგორი კატასტროფული ზიანის მიყენება შეუძლია თქვენი ყურისა და სმენისთვის.

ყურის ჩხირები ძალიან ბევრ რამეში კომფორტულად გამოიყენება, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყურის საწმენდად – არა. ზოგიერთ მათგანს ყუთზეც აწერია რომ “არ გამოიყენება ყურებისთვის”.

ალბათ, სხვებისგანაც ხშირად გაგიგიათ, რომ მისი მოხმარება არ შეიძლება. თუ რატომ ამას “ფორტუნასთან” ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი შოთა ჯაფარიძე განმარტავს.

მისი თქმით, ყურის ჩხირებმა შეიძლება გამოიწვიოს დაფის აპკის დაზიანება, სასმენი მილის კანის დათხელება, სოკოვანი ინფექციები და სხვა გართულებები.

ექიმი ყვება, რომ მის კლინიკაში არაერთი პაციენტი მოხვედრილა სწორედ ამ ჩხირების ხშირი მოხმარების გამო. ბოლო პერიოდში ჰყავდა პაციენტი, რომელსაც ყურის ჩხირების ხშირი გამოყენების გამო, კანი იმდენად ჰქონდა დათხელებული, რომ ოპერაცია საგრძნობლად გართულდა.

სამწუხაროდ, საქართველოში გახშირებულია გარეთა სასმენი მილის და დაფის აპკის დაზიანება ე.წ. ყურის ჩხირების გამოყენებით.

ახლახანს მქონდა შემთხვევა, რომ პაციენტს დასჭირდა ოტოსკლეროზის ოპერაცია. ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ მას სასმენი მილის კანი ჰქონდა საოცრად დათხელებული. კანის დათხელებამ კი სერიოზული პრობლემები შექმნა”, – აცხადებს შოთა ჯაფარიძე.

ექიმი მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით კი მშობლებს, მოერიდონ ყურის ჩხირების გამოყენებას.

“მშობლები ბავშვებს აბაზანის მოღების შემდეგ ყოველთვის, როგორც წესი, ყურის საწმენდი ჩხირებით უწმენდენ გარეთა სასმელ მილს, რაც არასწორია.

გარდა ამისა, ბავშვები თვითონ იყენებენ ყურის ჩხირებს და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ხშირია დაფის აპკის დაზიანება. 

ხშირი წმენდით, ბავშვი იქნება თუ ზრდასრული ადამიანი, აზიანებს გარეთა სასმენი მილის კანს და დროთა განმავლობაში, კანი თამბაქოს ქაღალდივით თხელი ხდება. ეს ართულებს საჭიროების დროს ქირურგიულ ჩარევას და პრობლემას უქმნის ქირურგს რეკონსტრუქციული ოპერაციების დროს”, – აცხადებს “ფორტუნასთან” ინტერვიუში შოთა ჯაფარიძე.

 

რაც შეეხება ჰიგიენურ პროცედურებს და ყურის შეშრობას, სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ჯანმრთელ ყურში, სადაც დაფის აპკი მთელია, წყლის მოხვედრა საშიში საერთოდ არ არის. თუ ყურში ბანაობისას/ცურვისას წყალი ჩავიდა, თავის გადაწევა სრულიად საკმარისია. წყალი ამ დროს უკან გადმოვა. ის ნაწილი კი, რაც შიგნით დარჩება თავისით ამოშრება.

 

წყლისგან განსხვავებით, საშიშია ის ნივთები, რომლებიც სხვადასხვა მიზნით ხშირად ხვდება ყურებში.

 

იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებითაც ყველაზე ხშირად აზიანებენ ყურს:

  • ბამბის ჩხირები
  • თმის სარჭები
  • პინცეტი
  • კალამი და ფანქარი
  • სათამაშოები
  • საწრუპები
  • სკრეპები

ყურს აქვს სპეციალური უჯრედები, რომლებიც წარმოქმნის ე.წ. გოგირდის საცობს. ზოგ ადამიანში ის უფრო სწრაფად გროვდება. ჩხირების წმენდისას ეს მასა უფრო ღრმად ჩადის და გროვდება, რამად მოგვიანებით შესაძლოა ტკივილი ან სმენის დაქვეითება გამოიწვიოს. ასეთ დროს ყურის თვითნებურად გასუფთავება დაუშვებელია.

შოთა ჯაფარიძე გვირჩევს, რომ ყურთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დროს, ექიმს მიმართოთ და ამით თავიდან აიცილოთ გართულებები.

“თუ იგრძნობთ ტკივილს ან შეატყობთ რომ სმენა დაგიქვეითდათ, უნდა მიაკითხონ ოტოლარინგოლოგს, რომელიც დასვამს სწორ დიაგნოზს და თუ სმენის დაქვეითების მიზეზი გოგირდის საცობები იქნება, მიკროსკოპით გამოყენებით გაათავისუფლებენ გარეთა სასმენ მილს ყოველგვარი გართულებების გარეშე”, – ამბობს “ფორტუნასთან” შოთა ჯაფარიძე.

 

დაფის აპკი ძალიან მყიფეა, ადვილად შეიძლება დაზიანდეს, არათუ საგნის მოხვედრით, წნევითაც კი. აპკის პერფორაციას კი საკმაოდ არასასიამოვნო პროცესები მოსდევს: ტკივილი, ყურიდან სითხის დენა და ა.შ. აპკის დაზიანებისას თუ გაგიმართლებთ და ინფექცია არ შეიჭრება, პრობლემა რამდენიმე კვირაში მოგვარდება, თუმცა ასეთი დისკომფორტის დროს უმჯობესია ექიმს მიმართოთ.

ოტოლარინგოლოგები გვარწმუნებენ, რომ ყურის ჰიგიენის შენარჩუნებისთვის დამატებითი საგნების გამოყენება საჭირო არ არის – წყალი და საპონი სრულიად საკმარისია. გარეთა ყურის ნაწილი, ძირითადად თავის დაბანის დროს ავტომატურად სუფთავდება.

ვიცით, რომ ყური თვითწმენდი ორგანოა, ამის მიუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის 68% დამატებითი სისუფთავისთვის ყურის ჩხირებს მაინც იყენებს.

ასე რომ, დავივიწყოთ ჩხირები და ბამბის ტამპონები და ჩვენს ორგანიზმს თავისი საქმის კეთება ვაცადოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები