LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს

90

სოფელ გეგუთის გარდა, ბავშვების მოწამვლის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა. საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების მმართველის მოადგილემ, ნინო კუჭუხიძემ განუცხადა.

სოფელ გეგუთში იმყოფება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი  პაატა იმნაძე.

მისი თქმით მასიური მოწამვლის მიზეზი საკვები პროდუქტი გახდა.

„ეს იყო ნაწლავური ინფექცია, თუმცა რომელმა პროდუქტმა გამოიწვია მოწამვლა ჯერჯერობით უცნობია“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, ბაღებში შეტანილ პროდუქტებს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო იკვლევს. კვლევის შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მანამდე კი, ბაღებში სწავლა შეწყდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რამდენიმე დღის წინ მოიწამლნენ. ბავშვები ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ მკურნალობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები