LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წყალი, რომელსაც ტურისტები უნდა მოერიდონ” – რამდენად უსაფრთხოა საქართველოში სასმელი წყალი

864
freshwater-pollution

ქვეყნებში, სადაც ონკანიდან წყლის დალევა სახიფათოა, საქართველოც მოხვდა. კვლევა, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, საგანგაშოა. კვლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებს ეყრდნობა და აცხადებს, რომ ტურისტებისთვის სასმელად ვარგისი წყალი მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებშია.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, სააგენტოს თქმით, მათში ონკანის წყალი ტურისტებისთვის ვარგისი არ არის. კვლევაში განმარტებულია, რომ ეს არ ნიშნავს წყლის დაბინძურებას – უბრალოდ, ხშირად ონკანის წყალი შეიცავს პათოგენურ მიკრო ორგანიზმებს, რაც უცხოა ტურისტთა იმუნური სისტემისთვის, სწორედ ამიტომ ურჩევენ მათ, ონკანის წყლის მოხმარებისგან თავის შეკავებას.

სააგენტო შეახსენებს მოგზაურებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკას, რომლის თანახმადაც, დაბინძურებული სასმელი წყლით გამოწვეული დიარეის გამო, ყოველწლიურად 842 ადამიანი იღუპება.

 

GGU: თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ონკანიდან მაღალი ხარისხის წყალი მოდის

GGU ჯგუფი და მასში შემავალი წყლის სამი კომპანია – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “რუსთავის წყალი” და “მცხეთის წყალი”, სამი ქალაქის – თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაზეა პასუხისმგებელი. ისინი „ფორტუნასთან“ აცხადებენ, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მოსახლეობას ონკანიდან მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება, რომლის ხარისხიც სრულად შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს.

„სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ სამ ქალაქში არის ისეთივე დონის სასმელი წყალი, როგორიც კვლევის სიის პირველ ნაწილში (განვითარებულ ქვეყნებში).

თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის მაღალ ხარისხს განაპირობებს სწორი დამუშავება და კონტროლი. კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. წყლის დამუშავება კი, ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს.

აღნიშნული სამი ქალაქიდან ტურისტების სიმრავლით განსაკუთრებით ქვეყნის დედაქალაქი გამოირჩევა. წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება და მომხმარებლებზე განაწილება. თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყაროა მდინარე არაგვი, ჟინვალისა და თბილისის წყალსაცავები (თბილისის ზღვა). თბილისის წყალსაცავი უწყვეტად ივსება მდინარე არაგვის წყლებით, რომელიც ჟინვალიდან გვირაბის საშუალებით ჩაედინება ზღვაში, საიდანაც ხდება წყალაღება. თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვანია აღნიშნული ობიექტების ეკოლოგიური ხარისხის სათანადოდ შენარჩუნება, აღდგენა და სანიტარული ზონების დაცვა. სწორედ ამ გზით შევძლებთ წყლის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას,“ – აცხადებენ კომპანიაში.

 

დაბინძურებული სასმელი წყალი ძირითადად რეგიონებშია

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ თბილისში ონკანიდან ნამდვილად დასალევად ვარგისი წყალი მოედინება. მათივე თქმით, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია სიტუაცია დიდ ქალაქებში – ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თუმცა, გამოწვევად მაინც რჩება რეგიონები – ლაბორატორიული კვლევების შედეგების ანალიზით, წყლის დაბინძურების შემთხვევების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, თუმცა სეს-ში ამბობენ, რომ არსებული დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. წყლის ხარისხი განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული და პრემიერმინისტრის მიერ კონტროლზეა აყვანილი.

სასმელ წყალთან დაკავშირებით, პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე, ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს ეგზავნება.

უნდა აღინიშნოს, რომ წყლის კვლების დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს,“ – ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგიონებში, 50 მუნიციპალიტეტსა და 300-ზე მეტ სოფელში, წყლის ხარისხს, ისევე როგორც მომარაგებას, 2010 წელს დაარსებული „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს.

კომპანიაში ამბობენ, რომ იქ, სადაც ოპერირებენ, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ.

„ამას კომპანია თავისი ლაბორატორიული ქსელის მეშვეობით ყოველდღიურად ახორციელებს. ქსელი შედგება სერვის-ცენტრების, რეგიონული და ცენტრალური ლაბორატორიებისგან. სერვის-ცენტრები და რეგიონული ლაბორატორიები ყოველდღიურად ამოწმებენ წყლის ხარისხს, ხოლო ცენტრალურ ლაბორატორიაში ხდება თითოეული რეგიონიდან მიღებული სინჯების სრული კომპლექსური შემოწმება.

წლის განმავლობაში ლაბორატორიები 40 000-ზე მეტ წყლის სინჯს იღებენ სხვადასხვა ადგილებიდან,“ – ამბობენ კომპანიაში „ფორტუნასთან“.

მათივე განცხადებით, იქ, სადაც ისინი ოპერირებენ, სასმელი წყლის ხარისხი სტანდარტებთან სესაბამისობაშია. რაც შეეხება პრობლემებს, მათი განმარტებით, ის ძირითადად, სოფლის ტიპის დასახლებებშია, სადაც წყალმომარაგების სისტემები თვითნებურადაა მოწყობილი და ინფრასტრუქტურა მოძველებულია.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით, სიტუაციის გამოსასწორებლად მუშაობენ.

„ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ყოველწლიურად უფრო მეტი სახსრების გამოყოფა ხდება, რომ სამუშაოების მასშტაბები გაფართოვდეს და მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 25 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში, მათ შორის არის ზუგდიდის წყალმომარაგებ-წყალარინების და გამწმენდის მშენებლობა, ქუთაისისა და ჭიათურის წყალმომარაგების პროექტი, ფოთის კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდის მშენებლობა, აბაშის წყალმომარაგება, ურეკის წყლის, კანალიზაციისა და გამწმენდის მშენებლობა, ანაკლიის გამწმენდის ნაგებობა. მესტიის წყლის გამწმენდის მშენებლობა. ამ პროექტების ჯამური ღირებულება 814,636,384  ლარია. პროექტების დასრულების შემდეგ სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება დამატებით 246 450 მომხმარებელს, ხოლო წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს დამატებით 168 800 ადამიანი.

2019-2020 წლებში იგეგმება სამუშაოების მოცულობის კიდევ უფრო გაზრდა, რაც დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტით და საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსებული 23 მასშტაბური პროექტის დაწყებას გულისხმობს,“ – აცხადებენ ისინი. 

არის თუ არა უსაფრთხო სასმელი წყალი - "ფორტუნამ" GWP-სგან ლაბორატორიული კვლევის შედეგები გამოითხოვა

სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებით, წყლის ხარისხს რამდენიმე მაჩვენებელი განსაზღვრავს.

კონკრეტულად რომელ სოფლებშია წყლის ხარისხის პრობლემა, უცნობია. არცერთი უწყება, რომელსაც შესაძლოა, აღნიშნული საკითხის კონტროლი ევალებოდეს, ამ სოფლებს არ ასახელებს. წყლის ხარისხის თემაზე ინფორმაციის მოძიება საზოგადოებისთვის მარტივი არ არის.

ბოლოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაფრთხილება იმის შესახებ, რომ წყალი დაბინძურებულია და ის გადადუღების გარეშე არ უნდა დალიონ, 2018 წლის ოქტომბერში, სოფელ წერეთელთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

საზოგადოებისთვის ინფორმირებულობისა და ლაბორატორიული კვლევების ნაკლებობაზე საუბარია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს 2017 წლის სამეცნიერო ნაშრომში.

 

წყარო: http://srca.gov.ge/files

ნაშრომში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად გაუმჯობესებისა, საქართველოში მაინც ვერ ხერხდება წყლის რესურსების რეგულარული მონიტორინგი, რისი მიზეზებიცაა არასაკმარისი დაფინანსება, საწარმოო ლაბორატორიების ნაკლებობა, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების არასათანადოდ აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვ. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით წლების განმავლობაში გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა საკმარისი არ არის სასმელი წყლის ხარისხის კონტროლისთვის, სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შესაქმნელად და ვერ ასახავს რეალურ სიტუაციას.

წყლის მარაგების სიუხვის მიუხედავად, ქვეყანაში პრობლემა მარტივად ვერ გვარდება, თუმცა დაგეგმილი სამუშაოების მასშტაბურობა, იმედს იძლევა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები