LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ხაზები თუ თვითგადარჩენის ინსტიქტი – რა ხდება “ქართულ ოცნებაში”

392
egzitpolebi

„ისეთ დემოკრატიას შევქმნით, რომ ევროპაც გავაოცოთ,“ – ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. დაპირება ყოფილმა პრემიერმინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე გასცა. საქართველო კვლავაც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვშია და დასავლეთში დემოკრატიით გაკვირვებას ჯერ ვერ იწვევს. სამაგიეროდ, გაოცებული ალბათ, ისევ ქართველი ამომრჩეველია, თავის დროზე ღია და გამჭვირვალე მმართველობას რომ დაპირდნენ, ახლა კი იცის, რომ შესაძლოა, იუსტიციის მინისტრი გადამდგარიყო, მაგრამ არ უთხრეს რატომ. მიზეზს არც იუსტიციის მინისტრი ამბობს და არც პრემიერმინისტრი, რომელმაც ამ საკითხზე მხოლოდ მცრედი განმარტება გააკეთა.

თეა არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ვერ წარმომიგენია!“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძემ უარყო, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას თეა წულუკიანმა ულტიმატუმი წაუყენა და აღნიშნა, რომ საკითხზე, რომელზეც აზრთა სხვაობა იყო, პოზიციები შეჯერდა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით გადაწყდა. ულტიმატუმთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ექპსერტთა ნაწილს. როგორც „ფორტუნასთან“ თორნიკე შარაშენიძე ამბობს, იუსტიციის მინისტრს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ბევრი ინფორმაცია აქვს და სწორედ ამიტომ არის „წარმოუდგენელი“ და შეუძლებელი მისი გადაყენება.

„მან ბევრი რამ იცის და ბევრი ცუდის მოყოლა შეუძლია. ულტიმატუმი იყო ასეთი – არ გამიშვათ, თორემ მოვყვები ცუდ რაღაცეებს და ამით მორჩა ყველაფერი,“ – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

იუსტიციის მინისტრმაც, ისევე როგორც „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა, მის შესაძლო გადადგომაზე საუბრისას, ფასეულობებს გაუსვა ხაზი. თუმცა, ექსპერტებისთვის ეს მიზეზი დამაჯარებელი ნაკლებად არის. თორნიკე შარაშენიძე წულუკიანის წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ღარიბაშვილის დაბრუნებას შორის კავშირზეც საუბრობს და ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ხმების გავრცელება ღარიბაშვილის დაბრუნებას შემთხვევითი არ დაემთხვა. თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ სინამდვილეში პრობლემა არა ფასეულობათა შეუთავსებლობა, არამედ თეა წულუკიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეუთავსებლობა გახდა.

ფასეულობების შეუთავსებლობა არგუმენტი არ არის არც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლისთვის, გია ხუხაშვილისთვის, რომელიც ამბობს, რომ პარტიის ერთიანობა არა ფასეულობებზე, არამედ ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითზე იდგა. თავად ბიძინა ივანიშვილიც მიიჩნევდა, რომ მას “საზოგადოებაში ჭარბი ავტორიტეტი” აქვს. ივანიშვილი სწორედ ამით ხსნიდა მის გავლენას მთავრობაზე, როცა მას არაფორმალურ მმართველობაზე ესაუბრებოდნენ. თუმცა, როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, მითები მასზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიმსხვრა, შესაბამიად, გავლენაც შესუსტდა.

„მათ არაფერი ჰქონდათ შემაკავშირებელი თავიდანვე და ბუნებრივია, ახლა უკვე ბაბილონის გოდოლმა დაიწყო ნგრევა. ეს ყველაფერი იდგა ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითზე, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოჩნდა, რომ არც თუ ისე უძლეველი ყოფილა. მისი ავტორიტეტი დაიმსხვრა, მაგრამ ნუ ჩავთვლით, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, ბიძინა ივანიშვილისგან გამორჩენას ჯერ კიდევ ელოდებიან და სწორედ ეს აკავებს “ოცნებას”. ივანიშვილი ამ დროისთვის რჩება ძალიან მცირე გადამწიფებული თინეიჯერების და პირობითი მაჟორიტარების ამარა. ნგრევის ტემპი დამოკიდებული იქნება შეცდომებზე, რომელსაც უშვებენ და კიდევ დაუშვებენ. ეს ყველაფერი სუიციდს ჰგავს,“ – ამბობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი.

პარტიის დასუსტებაზე საუბრობს  ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვახტანგ ძაბირაძეც. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ‘ქართული ოცნება” თავის გადარჩენას გუნდის გადახალისებით შეეცდება და ცვლილებები მთავრობაშიც განხორციელდება.

„2016 წლის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. 2020-ის არჩევნებისთვის კი, უმრავლესობა თუ ექნება, ესეც საკითხავია. შესაბამისად, დაიწყო გუნდის გადახალისება-გადარჩევა. ეს პროცესები 2020 წლის არჩევნებისთვის მზადების პირველი ფაზაა. ლოგიკა მოითხოვს, რომ მეორე ფაზა მთავრობის გადახალისება იყოს. სწორედ ამ პროცესთან არის კავშირში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაც, რომელიც დაბრუნდა არა იმისთვის, რომ პარტიაში რაღაც ფუნქციები შეასრულოს, არამედ იმისთვის, რომ მთავრობაში დაიკავოს პოსტი,“ – აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

მოიტანს თუ არა სამთავრობო ცვლილებები შედეგს, რთული სათქმელია. ექსპერტთა ნაწილი  მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სისტემური პრობლემები აქვს.

„გასაგებია, ვიღაცა ისტერიულად ცდილობს რაღაცის გადარჩენას, მაგრამ ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რაღაცას გადაარჩენს, არასერიოზულია. შეიძლება სამთავრობო ცვლილებებიც ვიხილოთ, მაგრამ ამით რა იცვლება? პრობლემა სისტემურია და როცა შენობა ინგრევა, ამას მუშის შეცვლა ვერ უშველის,“ – ამბობს ხუხაშვილი.

„პარტიაში ქაოსია.  ბევრი გარბის იმიტომ, რომ განაწყენებულია, მაგალითად, კვაჭანტირაძე, ზოგი გარბის იმიტომ, რომ წითელი ხაზები აქვთ და ვერ შეეგუა რაღაცეებს, მაგალითად გოგიჩაიშვილი და ბევრს თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს და იმიტომ გარბის, არ დავასახელებ გვარებს. თუ ასე გაგრძელდა და არ გააჩერა პროცესი იმან, ვინც რეალურად ხელმძღვანელობს ყველაფერს, შეიძლება 2 თვეში მართლა დაიშალოს „ოცნება.“ – ამბობს შარაშენიძე.

პოლიტიკიდან „წასული“და შემდეგ  „ისევ დაბრუნებული“ ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე გასაოცარ დემოკრატიას გვპირდებოდა, ერთი წლის წინ დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვის სირთულეზე და ძლიერი ვერტიკალის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ივანიშვილმა მაშინ ისიც თქვა, რომ გუნდი იშლებოდა და ვერტიკალის შესანარჩუნებლად გარედან კონტროლი საკმარისი აღარ იყო. თუმცა, რყევები „შიგნიდან კონტროლის პირობებშიც“ გაგრძელდა. როგორც ექსპერტთა ნაწილი ამბობს, პროცესები მას ხელიდან უკვე გაექცა და შესაძლოა, „დაბრუნებაც დაუგვიანდა.”