სამეგრელოში, წალენჯიხაში სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც ცნობილია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამართალდამცველმა პოლიციელებსა და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა პოლიციელების ავტომობილები სროლის შედეგად დაცხრილულია.

საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, რომელსაც გენერალური პროკურატურა იძიებს. უწყებამ რადიო „ფორტუნას“ განუცხადა, რომ სამართალდამცველი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 მუხლით მიმდინარეობს – (დანაშაულის მცდელობა, განზრახ მკვლელობა). ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მომხდარის მოტივი. დაკავებული პოლიციელი დუმილის უფლებას იყენებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევაში სამი სამართალდამცველი მონაწილეობდა, მათგან ამ დროისთვის ორი იძებნება.

რადიო “ფორტუნა” გადასამოწმებლად გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურსაც დაუკავშირდა. მათი განმარტებით, მათი უწყების თანამშრომლებს ინციდენტში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ.

მსგავსი თემები