LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვისაც როგორ უნდა, ისე ხაზავს” – რამდენად ეფექტურია დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა

საცობი

თბილისის მოსახლეობის აზრით, დედაქალაქის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა, გზებზე გადატვირთული მოძრაობაა. დღეს თბილისში 900 000-ზე მეტი მანქანა მოძრაობს, რის გამოც გადაადგილება, არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ, არამედ მეორეხარისხოვან ქუჩებზეც ფერხდება. ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში საცობების განმუხტვის კომისია შეიქმნა, რომელიც უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობდა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია. საცობების გამო, პრობლემა იქმნება ჰაერის დაბინძურების კუთხითაც.

  • ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადა უკვე გაიხსნა.
  • 2019 წლიდან ვეფხი და მოყმის ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა დაიწყება.
  • პეკინი და კოსტავას ქუჩები ცალმხრივი გახდა.
  • გზებზე მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისთვის განკუთვნილი ცალკე სამოძრაო ზოლების გამოყოფა ეტაპობრიავად მიმდინარეობს.

თბილისის მერიამ საცობების წინააღმდეგ ბრძოლა მსგავსი ცვლილებებით დაიწყო. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში დეტალურად განგვიმარტეს, თუ რა ეტაპზეა ამ საკითხზე მუშაობა და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. მათ მიერ არჩეული პოლიტიკის მიხედვით, საცობებისგან განტვირთვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ხარჯზე მოხდება. თბილისის მთავრობა მუშაობს როგორც ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსების ქსელების ოპტიმიზაციაზე. საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, მიკროავტობუსები გარკვეული შეზღუდვების ქვეშ მოექცევიან. შეიქმნება სამი სახის მარშრუტი. პირველი, სადაც 19 მეტრიანი ავტობუსები გრძელ სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ, მეორე, 12 და 10 მეტრიანი ავტობუსების სამოძრაო ზოლი და მესამე – შიდა, არაცენტრალური გზები, სადაც პატარა გაბარიტების ავტობუსები, ანუ მიკროავტობუსები იმოძრავებენ.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, ავტობუსებით მოვახდნოთ სწრაფი გადაადგილება, დავამატოთ იქ, სადაც არის მსგავსი ტრანსპორტი. ხაზების ოპტიმიზაცია ხდება მიკროავტობუსების შემთხვევაშიც, გამოიკვეთება, სად იქნებიან ისინი გათვალისწინებული. მიკროავტობუსების მძღოლების მხრიდან შემოსულია მოთხოვნები, ხაზების დამოკლების, შემცირების, გაუქმების შესახებ. ვაპირებთ, რომ ეს საკითხი განსახილველად უახლოესი მთავრობის სხდომაზე გავიტანოთ. იქ, სადაც “მანის” ფირმის ავტობუსები შევიდა, მიკროავტობუსების პოპულარობა შემცირდა. ჩვენ არ მივდივართ რადიკალურ ზომებზე, რომ მთლიანად გავაუქმოთ მიკროავტობუსები,  თუმცა, ჩვენი ახალი კვლების მიხედვით გადავალაგებთ ხაზებს. თუ ავტობუსის მძღოლები ვერ უზრუნველყოფენ სათანადო მომსახურებას, რა თქმა უნდა, ამოქმედდება საჯარიმო სანქციები,” – განაცხადა “ფორტუნასთან” საუბარში  თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.

თბილისის მერიაში აღიარებენ, რომ პრობლემები არსებობს მიკროავტობუსის მძღოლებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რეგულაციები დაუწესეს, რომლებიც მაგალითად, მგზავრის ფეხზე დადგომას კრძალავს, ისინი ამ რეგულაციებს არ ემორჩილებიან.

“პრობლემა არის იმ კუთხით, რომ ხშირად მძღოლები უხეშად ელაპარაკებიან მგზავრებს, მიკროავტობუსი გადატვირთულია და ისე მოძრაობს. რა თქმა უნდა, გამოვლენილია მსგავსი სახის დარღვევები და შესაბამისი რეაგირებაც მოხდა. თუმცა, რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ ვეცდებით, რომ წლის ბოლოსთვის ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა კომპანიამ პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები,” – განმარტავს მამუკა მუმლაძე.

თბილისის მერიის მიერ გატარებულ ცვლილებეთან დაკავშირებით საზოგადოების მოსაზრება ორად იყოფა.  ექსპერტთა ნაწილს გარკვეული კითხვის ნიშნები აქვს. ისინი თვლიან, რომ დედაქალაქის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეპიზოდურია და პროლემას ფუნდამენტალურად ვერ გადაჭრის. 

“თბილისის მერიისგან ერთიან გეგმას ვერ ვხედავთ. მათ არ აქვთ გარკვეული სტრატეგია და თანმიმდევრული ხედვა. ასეთი საცობების პირობებში, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, გადაადგილება ძალიან უჭირს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებსაც, რაც საკმაოდ სერიოზული კრიზისის მანიშნებელია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. მე მახსოვს, რომ მერია მოუწოდებდა საზოგადოებას, გაეჩერებინათ მანქანები და გადამსხდარიყვნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეს იმ დროისთვის უპასუხისმგებლო განცხადება იყო, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ არის საკმარისი ადგილი. მერია ამ შემთხვევაში, ებრძვის შედეგებს და არა მიზეზებს,” – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა.

მესხიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა არათანიმდევრულია. მისი თქმით, კიდევ ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურში კომპეტენციის ნაკლებობაა და სამოძრაო ზოლები სწორად დახაზული არ არის.

“სწორი საგზაო მონიშვნით ყველაზე კარგად არის შესაძლებელი მოძრაობის დარეგულირება, თუმცა ჩვენ შემთხვევაში, ისინი მოძრაობას ართულებს და გვარღვევინებს წესებს. პრობლემებია ხარისხთან დაკავშირებითაც. რა სტანდარტით ხაზავენ გზებს, გაუგებარია. ამ პროცესში მგონი თვითშემოქმედებას აქვს ადგილი. ვისაც როგორ უნდა, ისე ხაზავს. ნამდვილად კომპეტენციის პრობლემაა,” – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ კუთხით მათ პრობლემები არ გააჩნიათ და პირიქით, იმ ქუჩებზე, სადაც რეაბილიტაცია ჩატარდა, კარგი ხარისხის მასალით ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურა გააკეთეს.

ექპერტთა ნაწილი თვლის, რომ თბილისის მერია გარკვეული მიმართულებებით სწორად მოქმედებს. “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელი გელა კვაშილავა მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2020 წლისთვის დაგეგმილია ავტობუსების პარკის მთლიანად შეცვლა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც განხორციელების ფაზაშია, ეს არის ახალი ავტობუსების შეძენა. იცით, რომ ავტობუსების პარკი სასწრაფოდ განახლებას მოითხოვს, ტრანსპორტის უმეტესობა უკვე მოძვლედა, დიდი ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული და ამიტომ, ამ მიმართულებით გაჟღერებული ინიციატივა, რომ მოხდება ახლით ჩანაცვლება, ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამას დიდი რესურსები ჭირდება. მნიშვნელოვანია ასევე, მოხდეს, რაც შეიძლება ნაკლებად საწვავზე დამოკიდებული ატობუსების შეძენა. საუბარია ჰიბრიდულ ან ელექტრო ტრანსპორტზე. ეს უკეთესი იქნება იმ ფონზე, როდესაც ჰაერი ასეთი დაბინძურებული გვაქვს. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშნველოვანია ავტობუსის ზოლების მოწყობა, რომრლიც სხვადასხვა უბნებს ერთმანეთთან დააკავშირებს,” – განაცხადა გელა კვაშილავამ.

პოზიციები ორად იყოფა ქალაქში მოწყობილ ველობილიკებთან დაკავშირებითაც. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, იგეგმება კიდევ ახალი  ველობილიკის მშენებლობაც, რომელიც პეკინის ქუჩას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დააკავშირებს.