LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინც მოხუცებს უვლის, მათთვის არაფერი შეცვლილა” – კორონას გადარჩენილი ქართველი ემიგრანტები იტალიიდან

83
FORTUNA.GE (60)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ვირუსის გავრცელების მიხედვით ერთ-ერთი დაზარალებული ქვეყანა იტალიაა, სადაც ამ დროის მონაცემებით, კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი 287 753 შეადგენს, 213 634 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 610 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიო კოვიდ რუკაზე იტალია მე-20 ადგილზეა ინფიცირების მაჩვენებლით.

საქართველოში პანდემიის პირობებში შემუშავებული საგანგებო ზომების გათვალისწინებით, დაიგეგმა და განხორციელდა საზღვარგარეთიდან ქართველი ემიგრანტების ჩამოყვანის პროგრამა. დაინიშნა სპეციალური რეისები; დაწესდა შესაბამისი რეგულაციები; შეთანხმება შედგა ავიაკომპანიებთან; განისაზღვრა ავიაბილეთების ფასი და შედეგად ქვეყანაში ასეულობით მოქალაქე დაბრუნდა. საქართველოში არ დაბრუნდა “ფორტუნას” ერთ-ერთი რესპონდენტი მაიკო ვაშაკიძე. დიდი ხნის წინ ემიგრაციაში წასული ქართველი, დღეს იტალიის მოქალაქეა და ქალაქ აველინოში ცხოვრობს. ერთ დროს საკუთარ თავზე გამოცდილ “გაჭირვებას”, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩასულმა გამოსცადა, ცდილობს სხვას მდგომარეობა შეუმსუბუქოს და ყველას შეძლებისგვარად ეხმარება. კორონავირუსმა მისი ცხოვრებაც შეცვალა.

“ვმუშაობდი რესტორანში მენეჯერის თანამდებობაზე. ყველამ კარგად ვიცით კოვიდ-19-მა რაც მოახდინა მსოფლიო მასშტაბით. დაიხურა ყველა ტიპის საწარმო და ა.შ. მას შემდეგ 4 თვე დაკეტილი დარჩა ჩემი რესტორანი, ივლისის შუა რიცხვებამდე. დავბრუნდით სამსახურში, მაგრამ კლიენტი აღარ გვყავს საკმარისად, რომ ხელფასი ავიღოთ. ადრინდელ ხელფასთან შედარებით მაქვს განახევრებული ანაზღაურება, რაც მიდის მხოლოდ ბინის ქირაში. გაუჭირდა ხალხს…”, – ამბობს მაიკო ვაშაკიძე.

მისივე თქმით, ნაკლებად უჭირთ იმ ემიგრანტებს, ვინც მომვლელად მუშაობს.

“ის, ვინც მოხუცის მომვლელად მუშაობს, მათთვის არაფერი შეცვლილა. ჩვეულებრივად აქვთ ხელფასები, რადგან იტალიელ მოხუცებს არ ჰქონიათ პრობლემა აეღოთ პენსიები. მე რთულ მდგომარეობაში აღვმოჩნდი. არასოდეს ვყოფილვარ მოხუცის მომვლელი. აქედან გამომდინარე იტალიის ეკონომიკა ჩემზე მოქმედებს, რადგან ვცხოვრობ, როგორც იტალიის მოქალაქე. მიწევს გადასახადების გადახდა,  ბავშვებისთვის წიგნების შეძენა და ა.შ.” – აცხადებს მაიკო.

ქართველი ემიგრანტის განმარტებით, იტალიის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს გარკვეული სახის ფულადი ანაზღაურებით დაეხმარა.

“იყო რაღაც მიზერული დახმარება მთავრობიდან, ერთჯერადად. ის თანხა მე არც ამიღია”, – განაცხადა მაიკო ვაშაკიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით იტალიაში 400-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი იმყოფება და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

“ჩემს გარშემო ვისაც ვიცნობ ქართველებს, არც ერთ კორონავირუსი არ ჰქონიათ. დაახლოებით 400 ქართველი ვიცი, ვინც აქ იმყოფება”, – აღნიშნა მაიკო ვაშაკიძემ.