LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უერთდება პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას? – თანხმობა და უარი ზურაბიშვილს 16 ივნისს

467
zurabaspatiji

ევროპიდან დაბრუნებულმა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და ევროპისთვის ერთიანობის საჩვენებლად, 16 ივნისს ევროპის მოედანზე აქცია დააანონსა. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებს რიგით მოქალაქეებად ეპატიჟება. 

დაანონსებული აქციის პარალელურად, პრეზიდენტი ორგანიზატორებს მანამდე დაგეგმილ 20 ივნისის აქციის გადადებას მოუწოდებს.

არა და არასოდეს – ასეთია სირცხვილიას პასუხი ზურაბიშვილისთვის, თუმცა მოძრაობა პრეზიდენტის მიპატიჟებას იღებს და თავადაც ეპატიჟება 20 ივნისს, აქციაზე – შინ ევროპისკენ.

“ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ”, – ნათქვამია სირცხვილიას განცხადებაში.

პრეზიდენტის დაგეგმილ აქციაზე პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა, ზოგი უერთდება, ნაწილი კი მისვლას არ გეგმავს. არიან ისეთებიც, ვინც ჯერ პოზიციას არ აფიქსირებს და ისეთებიც, რომლებიც ორივე აქციას უერთდებიან.

ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა – ეს მმართველი გუნდის პასუხია პრეზიდენტის იდეაზე. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც ზურაბიშვილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებისთვის გათვლა და გააზრება სჭირდებათ.

„სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, რადგან ჩვენ ვიცით ზოგადად, რომ აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ცოტა ხალხი რომ მივიდეს, ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ა.შ. არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, ეს იქნება ძალიან ცუდი.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და მის შემდეგ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ერთპიროვნულად ამაზე პასუხის გაცემა და არა მარტო ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი სჭირდება ყველაფერს. როცა აქცია იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული, ამიტომ დღეს, ამაზე გაგვიჭირდება პასუხის გაცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

როგორც “ცხელ გულზე” გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, პრეზიდენტის დაანონსებულ შეკრებაზე “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვიხილავთ. 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას – ამბობს ნიკა მელია და მხარდამჭერებს 20 ივნისს ეპატიჟება.

„სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს);

მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხისმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე – და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?!;

არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას;

რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ, ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!;

20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას;

იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს;

გაუგებარია რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება – ევროპული მომავალი!

20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველზე“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტის მოწოდებას არა აქვს “გირჩი-მეტი თავისუფლებისგანაც”. ზურა ჯაფარიძის შეფასებით, ზურაბიშვილისგან აქციის დაანონსება ემსახურება 20 ივნისის აქციის მუხტის დაგდება.

“16-ში აქციის დაანონსება, როდესაც უკვე დაანონსებული იყო აქცია 20 ივნისს, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ 20 ივნისი არის თარიღი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას, იყო არასწორი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახლეობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი.

მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ექნება, ცხადია შეუძლია მივიდეს 16 ივნისის აქციაზე, მაგრამ მთავარი ერთიანობის გზავნილი ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა მიიღონ 20 ივნისის აქციიდან. ამიტომ ყველანი რუსთაველზე, 20-ში” – წერს ჯაფარიძე.

სალომე ზურაბიშვილის მიწვევას იღებს და აქციას უერთდება “ლელო”, რომელიც 20 ივნისის აქციაზეც აპირებს შეერთებას. 

“დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა.

ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

ლელო იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე.

საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

კიდევ ერთი კი აქვს პრეზიდენტს “მოქალაქეების” ლიდერისგან და ზურაბიშვილს ერთი რიგითი ალეკო ელისაშვილის სახით რიყეზე ეყოლება. 

“17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 7 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა) საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქუთ, ამოვისუნთქოთ – ჩვენ ჰორიზონტალურ “მე იქ იმასთან არ მივალ”- ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს – ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების – საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16-ში – ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ რომ ბევრნი ვართ!

მოვუწოდებ “სირცხვილიას” ჯგუფს რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდნენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!”, – წერს ელისაშვილი.

პოლიტიკური სპექტრის დანარჩენ წარმომადგენლებს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ. ვისგან ექნება კი, და არა, პრეზიდენტს, შეძლებს თუ არა პოლიტიკოსების რიგით მოქალაქეებად შეკრებას ევროპისთვის – ამის უტყუარ მტკიცებულებას 16 ივნისს, რიყესა და ევროპის მოედანზე ვიხილავთ. მანამდე კი დაველოდოთ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის საბოლოო ვერდიქტს ზურაბიშვილის მიპატიჟებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები