LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან და რა უნდათ?! “ქართული ოცნების” ოცეული ივანიშვილის გარეშე

575
ოცნების-სია-ფორტუნა

მუსიკალური ანსამბლი „ფორტე“, მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე, მომღერალი აჩი მეფარიძე, მსახიობი გიორგი გილიგაშვილი (“ჩემმა მზემ”), კომპოზიტორი ნუცა ჯანელიძე – ეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სია ჯერ არ არის – წელს ისინი ოცეულში ვერ, მაგრამ პრეზენტაციაზე ნამდვილად მოხვდნენ. “ფორტეს” და აჩი მეფარიძეს ვინ ჩივის, ოცეულში „ვერ მოხვდა“ ბიძინა ივანიშვილი.

გამორიცხული არ არის – ეს მისი და პარტიის მხრიდან ზედმეტი თავდაჯერებულობაც იყოს, რომ თურმე ივანიშვილის სიაში ჩასმის გარეშეც შეუძლია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგება. არადა, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ლამის ყველა საარჩევნო პლაკატზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები იყვნენ. პრინციპში, ივანიშვილმა ალბათ იფიქრა, თუ ვინმე „ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევს, ეს მაინც ჩემ გამო ხდება და სიაში ჩასმა რაღა საჭიროაო.

2020 წლის ოცეულის წარდგენაზე “ოცნების” დამფუძნებელი მხოლოდ სიტყვით გამოვიდა. საპარლამენტო სიაზე არანაკლებ საინტერესო იყო ივანიშვილის რამდენიმე ფრაზა.

მან გვითხრა:

„ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელების ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე ვიწროპარტიული ინტერესების გამო”.

არ დაუსახელებია რა “მასშტაბურ პროექტებზე” საუბრობდა, არც ის უთქვამს, ვინ მოუყვა „მასშტაბურ პროექტებზე“, რომ ჩვენც გაგვეგო ვინ აწვდის ასეთ ინფორმაციას.

კიდევ ერთი ფრაზა ივანიშვილის გამოსვლიდან:

ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეძლო ქვეყნის შეუქცევადი განვითარება, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის მტკიცე გარანტიების შექმნა”.

არც აქ დაუკონკრეტებია რა უსაფრთხოება და განვითარება იგულისხმა. როგორც ჟურნალისტმა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღე კრიმინალური ფაქტების, მკვლელობების, ქურდობის, თვითმკვლელობების გაშუქებას ვეღარ ავუდივართ. ამიტომ ზუსტად არ ვიცი, უსაფრთხოება სად შეიქმნა…

ივანიშვილის გამოსვლიდან საყვარელი ფრაზა ბოლოსკენ მოვიტოვე:

საქართველო იყო ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა”.

ალბათ ძნელი მოსაძებნია ოჯახი, რომელიც საკუთარი შრომით ღირსეულად ირჩენს თავს. პრინციპში, თუ იგულისხმება თვიდან თვემდე თავის გატანა, კარტოფილსა და მაკარონზე ცხოვრება, ყოველ ხელფასზე ვალების გასტუმრება – ასე კი, საკუთარი შრომით ოჯახს ბევრი არჩენს.
თუმცა სიღარიბე და ამით გამოწვეული პრობლემები ცალკე თემაა და ისევ “ოცნების” ოცეულის წარდგენას და ტრიბუნაზე გაკეთებულ განცხადებებს მივუბრუნდეთ.

 

სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ისევ გიორგი გახარია იქნება.

სიის მეორე ნომერი და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ისევ არჩილ თალაკვაძე.

მესამე ნომერი: ირაკლი კობახიძე

მეოთხე: თეა წულუკიანი

მეხუთე: მამუკა მდინარაძე

ჯერ აქ შევჩერდეთ. პირველი ხუთეული ალბათ გეცნოთ – ისევ ის სახეები არიან, ვისთანაც საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილს კითხვები აქვს: 20 ივნისის ღამის დარბევაზე, როცა ადამიანებმა თვალის სინათლე დაკარგეს, კითხვები აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და კითხვები აქვთ ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატ გავრილოვის ჩამოყვანაზე და ა.შ. ალბათ ამ კითხვებზე პასუხი სწორედ იმაშია, რომ ეს ადამიანები სიის პირველ ხუთეულში არიან. 

 

აი, ხუთეულის მერე ამოცანა ცოტა რთულდება.

№ 6 კახა კუჭავა

№7 გიორგი კახიანი

№8 მარიამ ქვრივიშვილი

№9  მიხეილ სარჯველაძე

№10 მაია ბითაძე

№11 მიხეილ დაოშვილი

№12 გიორგი ამილახვარი

№13 ვიქტორ სანიკიძე

№14 მაკა ბოჭორიშვილი

№15 შალვა პაპუაშვილი

№16 დავით კაჭარავა

№17 ნიკოლოზ სამხარაძე

№18 გიორგი ხელაშვილი

№19 მარიამ ლაშხი

№20 ბექა დავითულიანი

შესაძლოა გაგიჩნდათ კითხვა – ესენი ვინ არიან ? ზოგი გვეცნო, ნაწილი სპორტიდან, ნაწილი მერიიდან, ზოგიც ტურიზმიდან, მაგრამ მაინც ლეგიტიმურია კითხვა – ვინ არიან და რა უნდათ, ანუ რისი გაკეთება უნდათ, რატომ უნდა მისცეს მათ ამომრჩეველმა ხმა?

ყველაზე მეტი გამოხმაურება კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძისა და მორაგბე დავით კაჭარავას სიაში ჩასმამ გამოიწვია და ალბათ მართებულადაც. სოციალურ ქსელში მთელი საღამო იხსენებდნენ სანიკიძის სიტყვებს, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ.

პრეზენტაციაზეც და მისი დასრულების შემდეგაც მოკლე კომენტარები გაკეთდა, რომ მთელ თავის რესურსს საქართველოს განვითარებას მოახმარენ, მაგრამ ამ ზოგადი მზა ფრაზების იქით ჯერჯერობით არაფერი ვიცით.

ძალიან საინტერესოდ მოჩანს ტურიზმის დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის სიტყვები: “ჩემთვის ძალიან საამაყოა ის, რომ ღირსად ჩამთვალეს მოვიაზრებოდე ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე”.

სიის მესამე ნომერი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს და კოალიციაზე საუბარიც კი არ იქნება. ის ამტკიცებს, რომ საპარლამენტო გუნდი თვისობრივად განახლდა, რასაც კობახიძის თქმით, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ.

„სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენი საარჩევნო პროგრამა იქნება რეალისტური და ამბიციურიც” – ამბობს კობახიძე.

 

სანამ ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სიაში პატრიოტები და პროფესინალები არიან, მანამდე „ქართული ოცნების“ ოცეულის ოპოზიციურ შეფასებებსაც გაგაცნობთ.

„ევროპულ საქართველოში“ ფიქრობენ, რომ ეს ოცეული დღევანდელი პრობლემების მოგვარებას ვერ მოახერხებს. როგორც ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, თავის გამოსვლაში არავის უხსენებია სიღარიბე, ძირითადად ამბობდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა და აღმშენებლობას გავაგრძელებთო.

„ვინმეს ჰგონია, რომ რაგბისტი, კალათბურთელი ამ პრობლემებს მოაგვარებს? ამ ადამიანების არჩევა არ შეიძლება, ისინი შეგვიყვანენ გამოუვალ კრიზისში“, – აცხადებენ ოპოზიციაში.

მათი შეფასებით, ივანიშვილმა საპარლამენტო სიით გვითხრა: „კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რაც ქვეყანაში ხდება, გეყოლებათ იგივე პრემიერი, იგივე პარლამენტის თავმჯდომარე… ისინი სხვა რეალობაში ცხოვრობენ“ – აცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქრომბერს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები