LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვიდეოთვალი არ მქონდა და სკოლის გაკვეთილებს ისე ვუსმენდი” – სოციალურად დაუცველი ვუნდერკინდის ისტორია

4348
სოციალურად-დაუცველი-ვუნდერკინგი

14 წლის დათუნა ზარდიაშვილს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ვუნდერკინდი. მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდს 150-მდე ოლიმპიადაში გამარჯვება და სერთიფიკატი აქვს მოპოვებული. სულ რამდენიმე დღის წინ დათუმამ გაზაფხულის სეზონის კინგსის ლიგის ოლიმპიადაზე, ინგლისურსა და მათემატიკაში უმაღლესი შედეგი მოიპოვა. ,,ფორტუნა” დათუნა ზარდიაშვილის შესახებ გიამბობთ.

ზარდიაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბავშვი დედასთან ერთად ქირით ცხოვრობს. ქირის ნაწილს გამგეობა იხდის. როგორც დათუნას დედა ამბობს, შვილს მათემატიკური ნიჭი ჯერ კიდევ ბაღის ასაკში შეამჩნია. დათუნას მომზადება მათემატიკაში ვერ მოახერხა, ამის მიზეზი ფინანსური მდგომარეობა იყო.

მას შემდეგ რაც დათუნას ნიჭის შესახებ გახდა ცნობილი, ერთ-ერთი კერძო სკოლიდან დაუკავშირდნენ, განათლების მიღება და სწავლის გაგრძელება შესთავაზეს. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დათუნა სწავლის გადასახადისგან თავისუფალია.

„არაჩვეულებრივი დირექტორი და მასწავლებლები ჰყავს, ყურადღებით ანებივრებენ, გულშემატკივრობენ. დათუნას ჰქონდა შემოთავაზება სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა. დათუნას ვერ ვამზადებ ცალკე საგნებში, ამის ფუფუნება არასდროს გვქონდა. პატარა ასაკიდან გამოიჩინა სწავლის მიმართ ინტერესი, ყველაფერს მეცადინეობითა და თავისი ცოდნით მიაღწია. ძალიან კარგად იცის ინგლისური და ახლა სწავლობს ფრანგულს. სოციალურად დაუცველების სტატუსი გვაქვს. საკვებს ვიღებთ მერიის უფასო სასადილოდან. დათუნას, როგორც გამორჩეულ ბავშვს, უკვე მეორე წელია აქვს თიბისი-ს სტიპენდია, თვეში 100 ლარი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მე ამ ეტაპზე მუშაობას ვერ ვახერხებ, ვინაიდან დღეში 4-ჯერ მიწევს ინსულინის კეთება, ამიტომ სწორედ ამ სტიპენდიასა და სოციალურ დამხარებაზე გვიწევს ცხოვრება. ოლიმპიადებზე გასვლა ფასიანია, ამასაც ვერ მოვახერხებდით, რომ არა კეთილი ადამიანები, რომლებიც დათუნას ოლიმპიადაზე გასვლას გვიფინანსებენ“, – ამბობს დათუნა ზარდიაშვილის დედა.

დათუნამ კომაროვის შაბათის სკოლა დაამთავრა, სოციალურად დაუცველის სტატუსით იქ უფასოდ ისწავლა. ამბობს, რომ სწავლა არ ეზარება, რადგან იცის რომ ცოდნით ბევრს მიაღწევს.

„ვიცი, რომ სწავლა აუცილებელია, არ მეზარება, რადგან ვიცი, სწავლას შედეგი აქვს. დედას საშუალება არ აქვს, მისი იმედები მინდა გავამართლო, ჩემი ცოდნით მივაღწიო ბევრს… ჩემი ერთი დღე იწყება სკოლით, გაკვეთილები მაქვს 5 საათამდე. გაკვეთილების შემდეგ ვაკეთებ დამატებით ამოცანებს. მიყვარს ლოგიკური ამოცანების ამოხსნა…

როცა პანდემია დაიწყო, თავიდან ძნელი იყო, მაგრამ შემდეგ სახლში მეცადინეობას შევეჩვიე, ვიდეოთვალი არ მქონდა და გაკვეთილებს ვუსმენდი. გამოჩენა სავალდებულო იყო, მაგრამ სკოლამ იცოდა და ჩემზე გამონაკლისი დაუშვეს. მეზობელმა მათხოვა ვიდეოთვალი, მოგვიანებით ჩემმა მასწავლებელმა მაჩუქა და ძალიან გამიხარდა“, – ამბობს დათუნა ზარდიაშვილი.

პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ აუცილებელია საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებს – უყვარდეს და სიამოვნებას ანიჭებდეს. ვარაუდობს, რომ მათემატიკა-ფიზიკის განხრით გააგრძელებს სწავლას და ბევრ საინტერესო პროექტს გააკეთებს.

დათუნას არ უყვარს დახმარებისა და საჩუქრების თხოვნა. ამბობს, როცა გაიზრდება, თვითონ იშრომებს, რათა შემდგარი პიროვნება იყოს. კითხვაზე რა უნდა ყველაზე მეტად, დათუნას დედამ გვიპასუხა.

„დათუნას ძალიან უნდა „აიტი აკადემიაში“ სწავლა, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე არ გვაქვს. ყოველი თვის ბოლოს ვნერვიულობთ ინტერენეტის თემაზე, რადგან დათუნას მეცადინეობა უწევს და ინტერნეტი აუცილებელია, ახლაც კეთილი ადამიანი დაგვეხმარა. ამ ეტაპზე არ გვაქვს ტელევიზორიც, რომელიც გაგვიფუჭდა. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ბავშვი მონდომებულია და უყვარს სწავლა, ფინანსურად ვერაფერს ვუკეთებ, 14 წლისაა და რასაც აქამდე მიაღწია, ხოლოდ მისი ცოდნითა და შრომით“.

პოპულალურები