LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რუსთავში მამაკაცი ხალხს ქუჩაში დანით დასდევდა – „პირბადე მოგლიჯა და გინება დაუწყო“

528
რუსთავი

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე დანით შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე პირს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავის“ ავრცელებს.

კაცი განსაკუთრებით აგრესიული ქუჩაში გაჩერებული ტაქსის მძღოლის მიმართ აღმოჩნდა, რომელსაც ყელის გამოჭრით ემუქრებდა.

„მოვიდა და დანას მიტრიალებდა, ყელს გამოგჭრი და მოგკლავო“, – მომხდარს ტაქსის მძღოლი „ინფო რუსთავთან“ იხსენებს.

როგორც თვითმხილველები იხსენებენ, შეიარაღებულ კაცს სიტყვიერი დაპირისპირება ფაქტის შემსწრე სხვა პირებთანაც ჰქონდა.

„მოვიდა ამ კაცთან, პირბადე მოგლიჯა და გინება დაუწყო. აქ ერთი ბიჭი იყო ამ დროს და იმან უთხრა გაჩერდი, რა დღეში ხარო. შენც გიცნობ, იმასაც ვიცნობ, ორივეს მოგაჭრით თავსო ასე უპასუხა. გაჩერდა ეს კაცი, თორემ შეიძლება დაერტყა პასუხი რომ გაეცა“,- იხსენებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცის მხრიდან მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. თვითმხილველებმა მეგობრობის გამზირზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა 60 წლამდე კაცი ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა შეიარაღებული პირის იდენტიფიცირება და პოვნა მალევე შეძლეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მამაკაცი რუსთავის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში ის არ მიიღეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს კლინიკაში განუცხადეს, მიზეზი ადგილების არარსებობა გახდა.

“ჩვენ ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს, ამის შესახებ მოვახსენეთ საპატრულო პოლიციას, შევადგინეთ ოქმი და გავუშვით. ფიზიკურად ვერ მივიღებთ”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” კლინიკის მორიგე ექიმმა, მარიამ მამრიკიშვილმა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ადგილების სიმცირის გამო გამოწვეული რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, კაცის გადაყვანა გლდანში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხერხდა, სადაც ის მკურნალობას გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები