ზღაპრული დასვენება აჭარის მთიანეთში – ეს წინადადება ალბათ ბევრს ეუცნაურება, რადგან მთაში დასვენება ძირითადად, კომფორტისგან შორს ყოფნას გულისხმობს.

ბათუმელმა ვიქტორ ლიმანეცმა და ლარისა გავრილიუკმა, ასევე მერისელმა ლაშა ჯიჯავაძემ მოახერხეს და აჭარის მთაში, კლდის პირზე ულამაზესი კოტეჯი “დაკიდეს”. გარდა იმისა, რომ ამით აჭარის საოცარ ბუნებაში ეგზოტიკური დასასვენებელი სივრცე შექმნეს, ადგილზე მიიყვანეს ყველანაირი კომუნიკაცია…

ქედაში, მერისის რაიონში, სოფელ სილიბაურში ეს სასტუმრო სავარაუდოდ, უამრავ ტურისტს მიიზიდავს. ბათუმიდან ამ კოტეჯამდე მისვლისთვის სულ საათნახევარია საჭირო (50 კმ).

 

კოტეჯის მეპატრონეები ამბობენ, რომ როცა სასტუმროს შენება დაიწყეს, ადგილობრივებს უკვირდათ და არ სჯეროდათ, რომ ამ ყველაფერს შეძლებდნენ.

“მთელი სოფელი იცინოდა და უკვირდათ, რატომ გადაწყვიტეთ აქ აშენებაო. ძალიან ბევრი ვიწვალეთ გაყვანილობებზე: ელექტროენერგიაზე, ცხელ წყალზე, თავიდან მოკლედ ყველაფერი პრობლემა იყო, მაგრამ გადავლახეთ.

ჩვენ აქამდეც ტურიზმის სექტორში ვიყავით და რომ ვხედავდით ამ სილამაზეს, გვინდოდა ამ პატარა სოფლის განვითარება. ჩვენ ამ სასტუმროს აშენებით ვთქვით, რომ ისეთ სოფელშიც კი რომელიც განუვითარებელია, შესაძლებელია კომფორტულად დაისვენო.

აქ ბევრი ტურისტები არ დადიან, არადა ულამაზესი ბუნებაა, ჩანჩქერებით, კანიონით, ტბებით, მინერალური წყლით. საოცარი ადგილია. ჩვენ შეგვიყვარდა ეს ადგილი და სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სასტუმროსთვის,” – ამბობს “ფორტუნასთან” ლარისა გავრილიუკი.

“ეკო ჰაუს მერისში” განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კლდეზე გადაკიდებული მინის საძინებელი, ჯაკუზი და ჰამაკი.

“დიზაინი ვიქტორ ლიმანეცმა შექმნა, რომელიც 5 წელი ტაილანდში ცხოვრობდა და სასტუმროს მართავდა. ეს არის მართლა უნიკალური დიზაინი, სრულიად მისი იდეით.  ეზოში მალე დიდი საქანელაც დაიდგმება, რომელიც ასევე კლდის პირას იქნება დამონტაჟებული. აქ ყველაფერია შექმნილი იმისთვის, რომ სტუმარმა მდიდრულად დაისვენოს.

ჩვენი სტუმრები ამბობენ, რომ მათი ცხოვრების ოცნება იყო ისეთი დღეების გატარება, როგორიც აქ გაატარეს,” – ამბობს “ფორტუნასთან” ლარისა გავრილიუკი.

სასტუმროში ამ ეტაპზე სულ 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

მომავალში პარტნიორები აპირებენ კიდევ რამდენიმე კოტეჯის აშენებას. ახლა კორონავირუსის გამო, შეჩერებულები არიან, შემდეგ იმედი აქვთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შეძლებენ ეს ადგილი ბევრისთვის აქციონ კომფორტულ დასასვენებლად, ტურიზმის განვითარებით კი ადგილობრივებს უკეთესი ეკონომიკური პირობები შეუქმნან.

სასტუმროს მეპატრონეები ამბობენ, რომ ხშირად ესმით შეფასება, მათი სასტუმროს “არაქართულობის” შესახებ, რასაც არ ეთანხმებიან.

ეს სასტუმრო ზუსტად ისეთი ლამაზია, როგორც საქართველო და კონკრეტულად ეს სოფელი. სწორედ ასეთი პროექტები გვინდა იმისთვის, რომ ტურიზმი სწორად განვითარდეს.

კარგი იქნება გზები გაკეთდეს, თუდაც ჩანჩქერზე მისასვლელად. იმედი გვაქვს მხარდაჭერის და ჩვენი გრანდიოზული გეგმების განვითარების”, – ამბობენ “ფორტუნასთან” სასტუმროს მეპატრონეები.

 

 

 

 

სასტუმროში ერთი ღამის ღირებულება 1-2 ადამიანისთვის – 250 ლარი; 3-4 ადამიანი კი 300 ლარი ღირს. ეკო ჰაუსს აქვს ფასდაკლებების დღეებიც.

ადგილზე ფუნქციონირებს საოჯახო სამზარეულო და მარანიც, სადაც სტუმრებს შეუძლიათ აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება და მასპინძელი ოჯახის მიერ დაყენებული ჩხავერის, ცოლიკაურის და ჭაჭას გასინჯვა.

ქედიდან და ბათუმიდან მსურველებს შეუძლიათ ტრანსფერის სერვისითაც ისარგებლონ.

იმის მიუხედავად, რომ სასტუმრო სულ ერთი კვირაა გაიხსნა, უკვე რამდენიმე დამსვენებლის მიღება მოასწრო.ერთ-ერთმა მათგანმა საჯაროდ დაწერა, ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა რეალობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს საოცარი ფოტოები.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები