LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერ შევძელით მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება”

174
CCA3B239-DF81-459D-A4C5-714C9D7ADAEE_w650_r1_s

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი, რომ ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და შენი პოზიციის დაფიქსირება, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს იყო „ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები.”

„ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული საოცარი ინტენსივობის ცილისწამების, შავი პიარის კამპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაიწყო ჩემ წინააღმდეგ „იმედის” ეთერით.

სახელისუფლო პოზიციიდან დაპირებისა და და დაშინების გამოყენებით, ყოვლად უღირსი ზემოქმედება ხდებოდა ისეთ ამომრჩეველზე, როგორებიც არიან პატიმართა ოჯახები და სოციალურად დაუცველები. ხელისუფების მხრიდან მოხდა კრიმინალური მენტალიტეტის მასობრივი გამოყენება, ამომრჩევლის გარკვეულ წრეზე ზეწოლის მოსახდენად და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე შეძლო და შენარჩუნა პოზიციები.

„​მართალია, „ევროპული საქართველოს” და „თავისუფალი დემოკრატების” ძალისხმევა და მხარდაჭერა დღეს არ გახდა წარმატების მისაღწევად საკმარისი, მაგრამ ჩვენ ამ სურათს აუცილებლად შევცვლით და წარმატებას მივაღწევთ ხვალ”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, პარტნიორულ ურთიერთობას „ევროპული საქართველო” და „თავისუფალი დეოკრატები” მომავალშიც გააგრძელებენ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 18 უბნის დათვლის შემდეგ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 62.19% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 37.81%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები