LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ დავინახეთ, რომ მიმდინარე გამოძიება არის ეფექტური – თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

machalikashvilebi

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და არასამთავრობო ორგანიზაცია EMC პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს EMC-ის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან – მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მედიკო მარგოშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

EMC-ის წარმომადგენელმა სპეცოპერაციაზე ჩატარებული გამოძიების შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ ის არაეფექტურად წარიმართა, რის გამოც, საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება დადგა.

„დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ერთი წელი გავიდა. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ფორმალურად დაიწყო, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მიმდინარე გამოძიება არის ეფექტური. გამოძიების საწყის ეტაპზევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუშვა არსებითი შეცდომები, რამაც ჩვენ გადაგვიწურა იმედი, რომ გამოძიებას რაიმე შედეგი ექნებოდა. შემთხვევის ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სუს-მა და მისმა თანამშრომლებმა ამოიღეს და გვიჩნდება ეჭვი, რომ ამ მტკიცებულებების ნაწილი ფაბრიკაციაა ან საერთოდ განადგურდა, რამაც გამოძიების პროცესი არსებითად დააზიანა და პროკურატურის ამ საქმეში მონაწილეობა ფორმალური გახადა. ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს წვდომა ძალიან მნიშვნელოვან საქმის მასალებზე, მათ შორის, იგივე სპეცრაზმელების ჩვენებაზე, სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თითქმის 5 თვეა, ველოდებით კომპლექსური ექსპერტიზის საბოლოო პასუხს, რომელსაც უნდა შეეფასებინა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილი გასროლის მომენტში, თუმცა ეს პასუხებიც ჭიანურდება. ადგილზე ამოღებული ნივთები აჩვენებს, რომ თემირლანი იწვა, სავარაუდოდ, ყურსასმენი ეკეთა და ეძინა. იმის გამო, რომ შეჭრა და გასროლა მყისიერად განხორციელდა, გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია. ვამტკიცებთ, რომ ამ საქმეში ძალის გამოყენება არ აკმაყოფილებდა აუცილებლობის და პროპორციულობის სტანდარტს. ჩვენ ამ საქმეში სადავოდ ვხდით სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობასა და კანონიერებას. სწორედ იმის გამო, რომ ამ გამოძიებაში ვერანაირი შედეგი ვერ ვნახეთ, ვითხოვთ, ამ საქმეში პარლამენტის შემოყვანას,” – განაცხადა თამთა მიქელაძემ. მისი თქმით, აპირებენ, მიმართონ ყველა საპარლამენტო ჯგუფს, მათ შორის სახელისუფლებოსა და ოპოზიციურს ჯგუფს.

ამავროულად, EMC და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საპარლამენტო ჯგუფებთან საკონსულტაციო შეხვედრებსაც ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები