ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) იურისტი ანა თავხელიძე სასამართლო პროცესის შესახებ წერს, რომელიც ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევას ეხება. იურისტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალადობად არ აღიქვამენ, უფრო მეტიც, ამ მხრივ პრობლემებია სასამართლოშიც.

ანა თავხელიძე ამბობს, რომ მოცემული შემთხვევა პირველი არაა, როცა სასამართლო “არასაკმარის” ძალადობად მიიჩნევს ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას შემაკავებელი ორდერისთვისაც კი. იურისტი განმარტავს, რომ  ეროვნული სასამართლოს ამგვარი დამოკიდებულება წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტთან, ECHR-ის პრაქტიკასთან.

“მძიმედ დაიწყო 2019 წელი. რამდენიმე ბავშვის სიცოცხლე სახელმწიფოს არასწორმა პოლიტიკამ და უმოქმედობამ შეიწირა. ყველამ განვიცადეთ 4 წლის ნინოს ამბავი, გამოვიგლოვეთ 13 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ ჯართის შეგროვების დროს დაიღუპა და კიდევ არაერთი შემთხვევა.

ყოველთვის როდესაც ბავშების ცემას ან უფრო მძიმე ძალადობას ვიგებთ გული გვტკივა, ვბრაზდებით, ვაპროტესტებთ,  მოძალადის მკაცრად დასჯას ვითხოვთ, მოკლედ ასე თუ ისე ბავშვებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებას არ ვეგუებით. სახელმწიფოც უცებ გამოფხიზლდება ხოლმე და ჩვენი ბრაზის დაკმაყოფილებას იწყებს,  საჩვენებლად მკაცრად დასჯიან ხოლმე ერთ-ორ ადამიანს და მერე ჩვენც სამოქალაქო პროტესტით კმაყოფილები ვმშვიდდებით და ვაგრძელებთ ცხოვრებას.

ჩვენი მართლშეგნება ვერ მივიდა იქამდე, რომ ბავშვების სიკვდილს, ცემას  არ დაველოდოთ და პროტესტი გამოვხატოთ ბევრად უფრო ადრე. მაგალითად,  არ შევეგუოთ, როდესაც მშობლები ბავშვებს უყვირიან, სჯიან, ამცირებენ და გავაკრიტიკოთ ყოველი შემთხვევა, როცა ბავშვების ღირსება ილახება. საზოგადოებამ ვაიძულოთ სახელმწიფო, არ დატოვოს ასეთი შემთხვევები რეაგირების გარეშე.

მე, დღეს ვერ შევძელი მოსამართლის დარწმუნება, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, ვერ დავანახე რომ ბავშვების გრძნობებით, ემოციებით მანიპულირება არანაკლები ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვის. მოსამართლის ერთმა ფრაზამ: „მაგრამ ეს ხომ ფიზიკური ძალადობა არ არის…“ აზრი დაუკარგა ყველაფერს.  ეს სიტყვები ვერ გადაწონა, ვერც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკამ და ვერც ბავშვის საუკეთესო ინტერესმა.

სასამართლოც ამ საზოგადოების ნაწილი მოსამართლეებისაგან შედგება და დიახ, ისინი გამუდმებით მთხოვენ ვისაუბრო უფრო მძიმე ძალადობაზე, ვიდრე ფსიქოლოგიური ძალადობაა, რათა უფრო თამამად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება.

და უკვე მეორედ, მოსამართლემ არ მიიჩნია ბავშვები მსხვერპლებად, მხოლოდ იმიტომ რომ მე მას ვესაუბრე  ემოციურ ძალადობაზე, მშობლის უფლების ბოროტად განხორციელებაზე, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე”, – წერს ანა თავხელიძე.

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები