LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია კონსტიტუციას ეწინააღმდეგება” – უმრავლესობის შეხვედრა დაიწყო

140
3674cab279d76030e417c1c00fbd13d1_thumb

პარტია „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო. მმართველი გუნდი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთ კონსულტაციას მართავს, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე იმსჯელებს.

სხდომას ესწრება „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

სხდომის დაწყებამდე განცხადებები გააკეთეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, დღევანდე შეხვედრაზე გადაწყდება რას გაითვალისწინებენ რეკომენდაციებიდან და რას -არა. მისივე თქმით, იმსჯელებენ იმ რეკომენდაციაზეც, რომლის თანახმად, მოსამართლეთა ნაწილი სხვა მოწვევის პარლამენტმა უნდა დააკომპლექტოს და შეხვედრის შემდეგ დაზუსტდება გადაწყვეტილება.

“დღეს მართლა უჭირთ უზენაეს სასამართლოში, რადგან დიდი რაოდენობით საქმეს იხილავს ძალიან ცოტა მოსამართლე და არც კი ვიცი, ასეთი ცოტა მოსამართლე ჰყავდა თუ არა უზენაეს სასამართლოს ოდესმე,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კიდევ ერთი დეპუტატი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ სამართლებრივი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ასახული იქნება კანონპროექტში.

“ვფიქრობ, სწორი რეკომენდაციაა ესეც, რომ ყველა მოსამართლის არჩევა არ მოხდეს ახლა და გადაიდოს შემდეგისთვის“, – განაცხადა გოგუაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„სამართლებრივი შენიშვნების უდიდესი ნაწილი ვფიქრობ, გასათვალისწინებელია, პოლიტიკური ალბათ, ანგარიშგასაწევი, თუმცა არის საკითხები, რომელიც ელემენტარულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შენიშვნები ვერ იქნება გათვალისწინებული,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ამოღებაზე, დიმიტრი ხუდაძე ამბობს, რომ კონკრეტული პასუხის გაჟღერებისგან ის ახლა თავს შეიკავებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი არჩილ თალკვაძე “მოამბესთან” ამბობს, რომ “გამოცდა არ არის ის მძიმეწონიანი საკითხი, რომელზეც შეთანხმება და გადაწყვეტილების მიღება გაჭირდება.” იუსტიციის საბჭოს წევრების კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, თალაკვაძე ამბობს, რომ „წინასწარი პოზიცია არის მზადყოფნა, რომ ეს რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. ასე რომ, ახალ რედაქციაში ეს კიდევ უფრო დეტალურად იქნება ასახული.“

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ასეთივე პოზიცია ჰქონდა ოპოზიციას და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, თუმცა, მათი შენიშვნების გაზიარება ვერ მაშინ მოხერხდა.

მმართველი გუნდი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამათლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე კიდევ ერთ კონსულტაციას მართავს, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე იმსჯელებენ.

პოპულალურები