LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეცია ტურისტებისათვის ქალაქში შესვლის გადასახადს აწესებს

183
venecia

ვენეცია იტალიისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრია, რომელსაც წელიწადში 25 მილიონი ადამიანი სტუმრობს. მხოლოდ 2019 წლის ერთ დღეს, ვენეციის კარნავალს 193 000 ადამიანი დაესწრო. ქალაქის მცხოვრებლები ცდილობენ, შეძლებისდაგვარად ებრძოლონ ხალხმრავლობას, ამიტომ ქალაქის მმართველებმა მიიღეს რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლებიც ქალაქში ტურისტების ნაკადის შესვლაზე ნამდვილად იმოქმედებს.

პირველი ცვლილება ვენეციაში შესვლის მსურველთათვის სპეციალური გადასახადის დაწესება იქნება. ფასი 3-დან 10 ევრომდე იქნება იმის მიხედვით, თუ წლის რომელ სეზონზე ესტუმრებით ქალაქს. გარდა ამისა, ვენეციის ტერიტორიულ წყლებში ვეღარ გადაადგილდებიან საკრუიზო გემები. ქალაქში შემსვლელ ტურისტებს მალე სასტუმროების წინასწარ დაჯავშნას მოსთხოვენ. თუ ახლა ეს ნებაყოფლობითია და ღამის გასათევის მოძებნა ადგილზე ჩასვლის შემდეგაც შეიძლება, ახალი წესის მიხედვით, სასტუმროს წინასწარ დაჯავშნა ყველასთვის სავალდებულო იქნება.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

ვენეციის მთავრობა 468 CCTV კამერების, სენსორების და მობილური ტელეფონების საშუალებით აპირებს ქალაქში ტურისტთა ნაკადის შემოდინება აკონტროლოს. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ყოველ 15 წუთში მიიღებენ ინფორმაციას ქალაქის ქუჩებიდან იმის შესახებ, თუ დაახლოებით რამდენი ადამიანი იმყოფება იქ.

აღსანიშნავია, რომ რეზიდენტები, სტუდენტები და მგზავრები თავისუფალი იქნებიან როგორც გადასახადის, ასევე სხვა აკრძალვებისაგან.

ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუნაროს განცხადებით, იგი საპროტესტო აქციებს და მოქალაქეების საჩივრებს ელის, თუმცა მისი ვალია ყველაფერი გააკეთოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ვენეციაში ცხოვრობს და იმათთვისაც, ვისაც იქ სტუმრობა უნდა.

„სამწუხაროდ, ქალაქში ერთდროულად მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ადამიანების ყოფნაა შესაძლებელი იმისათვის, რომ იქ ცხოვრება შეიძლებოდეს. ჩემი ვალია ნორმალური საცხოვრებელი გარემო შევუქმნა ვენეციის მოქალაქეებს. ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ სტუმრებმაც კომფორტულად იგრძნონ თავი, თუმცა მათი რაოდენობა გაკონტროლდება“ – აცხადებს ბრუნარო.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როდიდან შევა ძალაში ცვლილებები, თუმცა დიდი ალბათობით, ეს 2022 წლის ზაფხულიდან 2023 წლამდე მოხდება.