LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 10% „ინდურ შტამზე“ მოდის: თენგიზ ცერცვაძე

96
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული კორონავირუსის შემთხვევების 10%  „ინდურ შტამზე“ მოდის.

ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში დომინანტური ე.წ. ბრიტანული შტამია. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების ერთმანეთისგან განსხვავება სიმპტომებით ძალიან რთულია.

ცერცვაძის თქმით, თეორიულად შესაძლოა, „ინდური შტამი“ დომინანტური გახდეს, რადგან 10%-შია, მაგრამ მისივე სიტყვებით, ეს ჯერ არ ვიცით.

 „ჯერ მაინც „ბრიტანული შტამია“ დომინანტური. პირველი, რითაც განსხვავდება, ეს არის უფრო იოლი გადადების და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული „ჩინური შტამი.“ ბოლოს უკვე გამოჩნდა ცნობები, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ბრიტანული შტამი“,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ჯერჯერობით სიმპტომებით ვერ გავიგებთ, ის ე.წ. ინდური შტამია თუ ბრიტანული. მისი თქმით, ერთადერთი ინდურზე შეიძლება ეჭვი იმ ადამიანებში მივიტანოთ, რომელთაც მოგზაურობის ისტორია აღმოსავლეთის ქვეყნებში აქვთ, მაგალითად, ინდოეთში ან მიმდებარე ქვეყნებში, თუმცა, მისივე თქმით, ეს პირობითია.

„არის ცნობა, რომ ექსპერიმენტულ კვლევებში „ინდური შტამი“ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე სხვა შტამები, მაგრამ ეს ადამიანებზე ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ჯერჯერობით, ჩვენთან „ბრიტანული შტამია“, რომელიც ცალსახად დამტკიცებულია, რომ დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე სტანდარტული „ჩინური შტამი“ და ეს ჩვენს თავზე, საქართველოში უკვე გამოვცადეთ “,- განაცხადა  ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა.