LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უტიფრობა, სირცხვილი, ჰაერის რხევა”- საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გახარიას გამოსვლას აფასებს

collage

ეს იყო ყველაზე დიდი უტიფრობა და სირცხვილი, რაც ჩვენ დღეს მინისტრ გახარიასგან მოვისმინეთ, – ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტში გიორგი გახარიას დღევანდელ გამოსვლას. მისი თქმით, შს მინისტრისგან პასუხები ვერც ერთ საკითხზე ვერ მოისმინეს. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, გახარიამ პოლიტიკური სპექტაკლი დადგა.

“დღეს მინისტრ გახარიასგან რეალურად ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ პასუხი. მან დასაწყისში მოგვიწოდა, რომ პოლიტიკური ცეკვები არ დადგათო და მართლა პოლიტიკური სპექტაკლი დადგა მან დღეს აქ. მან მთელ რიგ დანაშაულებზე, მაგალითად მუხთარლის, მაჩალიკაშვილის, არჩევნების გაყალბების საქმეებზე გვითხრა, რომ პროკურატურისთვის მიგვემართა. ანუ კრიმინალ ფარცხალაძესთან უნდა გავარკვიოთ თურმე, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, რატომ მოხდა ის დანაშაული მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ან რატომ გააყალბეს არჩევნები. რაც შეეხება სარალიძის საქმეს, ეს იყო ყველაზე დიდი უტიფრობა და სირცხვილი, რაც ჩვენ დღეს მინისტრ გახარიასგან მოვისმინეთ. მან ფაქტობრივად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დაადანაშაულა იმაში, რომ სწორედ მათი საქმიანობის გამო დათუნა სარალიძის მკვლელი დღემდე არ არის დასჯილი. აი, ასეთი უტიფრობისა და პოლიტიკური სპექტაკლის შემსწრენი ვართ ჩვენ დღეს აქ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ნაციოანლური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი სალომე სამადაშვილი კი მიიჩნევს, რომ სპექტაკლი, რომელიც გიორგი გახარიამ უმრავლესობასთან ერთად დადგა, ძალიან მოსაწყენი იყო.

„ძალიან ეცადეთ, დიდხანს პასუხობდით შეკითხვებს, ინტელექტუალური უპირატესობის მოპოვების მცდელობაც გქონდათ ოპოზიციაზე, მაგრამ შემდეგ ერთი ფრაზით გაყიდეთ საკუთარი პოლიტიკური არსი და პოლიტიკური გუნდის მსოფლმხედველობა – ჩავაგდეთ კირკიტაძე და სხვებსაც ჩავაგდებთო. ყველაფერი, რაც მანამდე თქვით, არის ჰაერის რხევა და რასაც ახლა იტყვით, ისიც ასეთივე ფუჭი ჰაერის რხევაა, რადგან ამაში აისახება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური არსი. როგორც საათი დღეში ერთხელ აჩვენებს ნამდვილ დროს, სწორედ ასე, დღეში ერთხელ, ამ ერთ ფრაზაში ქართულ საზოგადოებას უთხარით სიმართლე“, – მიმართა გიორგი გახარიას სალომე სამადაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმე, ახალქალაქის ინციდენტი და ველისციხის მოვლენები ეს მთავარი მიმართულებებია, რაზეც გიორგი გახარიას თითქმის ხუთი საათის განმავლობაში მოუწია საუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები