“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ციხის გარეთ მყოფ მიხეილ სააკაშვილს ზიანის მოტანა შეუძლია როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ხელისუფლება საქართველოს და უკრაინას უფრთხილდება და სწორედ ეს არის დამატებითი არგუმენტი, თუ რატომ არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი:
“სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის. სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში და საინტერესო არ არის.
ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და უკრაინას. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინას ვუფრთხილდებით, ეს არის დამატებითი არგუმენტი რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი. მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს.
პირიქით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ დამატებით არ დავამძიმოთ მდგომარეობა, ჯობს, სააკაშვილი იჯდეს ციხეში. მთავარია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის. თქვენ ითხოვთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღოთ გათავისუფლებაზე და სამართლებრივად ეს კაცი ზის იქ, სადაც ზის”, – თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას მთავრობის ჩამოგდებასთან დაკავშირებით:
“არეულობის შემოტანის დიდი რესურსი არ აქვთ, მაგრამ პატარა რესურსი, რა თქმა უნდა, აქვთ. ამიტომ, სჯობს იყვნენ იქ, სადაც არიან დღეს”, – თქვა კობახიძემ.