LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა განვიხილოთ “მარშუტკების” არა გაუქმება, არამედ მათი გადაწევა ცენტრალური უბნებიდან – მესხიშვილი

davit mesxishvili

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ე.წ. მარშუტკების შესაძლო გაუქმებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ამას თბილისში სერიოზული კრიზისი მოყვება.

მესხიშვილი სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში ყოველდღიურად ყველაზე მეტი მგზავრი, სწორედ მიკროავტობუსებს გადაჰყავს, მეორე ადგილზეა ავტობუსები და ბოლო ადგილს იკავებს მეტრო.

რაოდენობრივად ეს სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  1.  მიკროავტობუსებს (მარშუტკებს) ყოველდღიურად გადაყავს 373 000 მგზავრი
  2. ავტობუსებს-332 000 მგზავრი
  3. მეტროს-289 000 მგზავრი

მესხიშვილი წერს, რომ ნებისმიერი საუბარი “მარშუტკების” გაუქმებაზე, სწორედ ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ძალიან სახიფათოა.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, მგზავრთა ნაკადი (373 000) გადანაწილდება მეტროში და ავტობუსებში, რომლებიც არსებულ დატვირთვებსაც ვერ უძლებენ (არათუ დამატებით მგზავრთა ნაკადებს).

“უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის “მარშუტკების” გაუქმების საკითხი. თითქოს მერიაშიც ფიქრობენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. ამას თან ერთვის კერძო ავტომობილების მძღოლთა საყვედურებიც “მარშუტკების” მოძრაობასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხევაში სამართლიანიც. “მარშუტკების” საგზაო მოძრაობის წესების სისტემატიური დარღვევით არავინაა კმაყოფილი, არც კონდიციონერის არჩართვით და არც მძღოლი სიგარეტს რომ ეწევა იმითი. მაგრამ…. აშკარაა რომ რაღაც უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ და მთლიანად მოშლილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა დავაყენოთ ფეხზე,” – წერს მესხიშვილი და შესაძლო გამოსავალზეც საუბრობს, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება.

მათ შორის არის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მარშუტკების არა გაქრობა, არამედ ცენტრალური გზებიდან გადამისამართება გარეუბნებში.

“ღონისძიებები უნდა გატარდეს მკაცრად დაცული თანმიმდევრობითა და გრაფიკით. 1. ავტობუსების საკმარისი რაოდენობით დედაქალაქის უზრუნველყოფა 2. მეტროს შემადგენლობების რაოდენობების ზდა, ლოდინის ინტერვალების შემცირება 3. დედაქალაქის სამარშრუტო სისტემის თავიდან დაპროექტება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დაკავშირება უმოკლესი მანძილით ქალაქის ცენტრთან (სავაჭრო ცენტრები, საწარმოები, საზ-კვების ობიექტები და სხვა), გადაჯდომების მინიმალური რაოდენობით. 4. გართულებულია თბილისს შემოერთებულ სოფლებთან თუ დასახლებებთან (ლისი, ფონიჭალა, წყნეთი, კოჯორი, ოქროყანა, ნაფეტვრები და სხვ) კავშირი, არასრულფასოვნად წარმოებს მგზავრთა გადაყვანა. ამიტომაც უნდა განვიხილოთ “მარშუტკების” არა გაუქმება, არამედ მათი გადაწევა ქალაქის ცენტრალური უბნებიდან და გზებიდან (აქ ისინი ავტობუსებით უნდა ჩანაცვლდნენ). “მარშუტკების” საშუალებით, თავისუფლად შეგვიძლია გავუმარტივოთ ცხოვრება თბილისის გარეუბნებს და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას დედაქალაქში. რამდენიმე სახის ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში, სამარშრუტო სისტემა ისე უნდა იყოს კოორდინირებული, რომ მოხერხებული იყოს გადაჯდომა სხვა მარშრუტზე ან სხვა სახის ტრანსპორტზე. ყველაფერ ამას კი, ძალიან, ძალიან სერიოზული კვლევების ჩატარება ჭირდება,” – აცხადებს მესხიშვილი.

ის ასევე დასძენს, რომ საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ხდება მაშინ თუ თანამდებობის პირები უარს ამბობენ ბიუჯეტის ხარჯზე ავტომობილის მომსახურებაზე და სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

“ბატონებო შავი “ჯიპებიდან” (ან სხვა ფერის) და სახელმწიფოს ბალანსზე არსებული სხვა ავტომობილებიდანაც უნდა გადმოსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ხალხს არ შეუძლია ერთდროულად იხადოს რამდენიმე ასეული მილიონი ლარი თქვენ ფუფუნებაში (ახალი ავტომობილი, მძღოლი, საწვავი, ავტო-სერვისი) და თან განავითაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მარტო საწვავზე, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან თქვენთვის იხარჯება 165 მილიონ ლარი! წარმოიდგინეთ, ეს თანხა ყოველწლიურად რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ჩავდოთ,“ – წერს დავით მესხიშვილი.