LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმნიშვნელოვანესია, საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა სერიოზულად მიიღოს ევროკავშირის რეკომენდაციები“ – გზავნილები რუმინეთის პრეზიდენტისგან

37
Untitled design

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. 

რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა და კლაუს იოჰანისმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და რუმინეთმა ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი, საქართველოს მზად იყო და არის გამოიჩინოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ

სიტყვით მიმართვის დროს, რუმინეთის პრეზიდენტმა სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე და პროექტებზე, რომლებსაც რუმინეთი საქართველოსთან თანამშრომლობით განახორციელებს.

კლაუს იოჰანისის თქმით, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს:

„გუშინ რუსულმა რაკეტებმა უკრაინაში ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას კიდევ ერთხელ დაარტყა. მსგავსი თავდასხმები საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაგმონ, ეს არის დაუშვებელი. რუმინეთი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და გმობს ამ აგრესიას.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ გამოვთქვით მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამჟამად რუმინეთი გახლავთ მეორე, ყველაზე მსხვილი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლები, ექსპერტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ჩვენ სიტუაციის მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში 2008 წლიდან.

ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. განგრძობითი კონფლიქტები ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელდება. მუდმივად ვცდილობთ, რომ დაზარალებულ რეგიონებს და მათ მოსახლეობას დავეხმაროთ. გარდა ამისა, ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერებას. ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან კარგი დისკუსიისთვის“, – აღნიშნა მან.

იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი კვლავ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება:

მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, რომ მიიღეთ ევროპული პერსპექტივა ივნისში. რასაკვირველია, ინტეგრაცია გულისხმობს სხვადასხვა სტრუქტურულ, რთულ რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით, პოლიტიკურ სისტემაში და ძალისხმევას მოდერნიზაციის, დემოკრატიზაციის კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. კიდევ ერთხელ მინდა, დაგარწმუნოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ რუმინეთი თქვენი პარტნიორია ამ პროცესში.

გადმოგცემთ განსაკუთრებულ გზავნილს, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს თქვენი რეფორმების მხრივ, ამავდროულად, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ეს ხდება რა თქმა უნდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის თანახმად და ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება“, – განაცხადა მან.

რუმინეთის პრეზიდენტის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა სერიოზულად მიიღოს ევროკავშირის რეკომენდაციები და მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაოს:

„რუმინეთი თავიდანვე მხარს უჭერდა საქართველოს თავის ევროპულ მისწრაფებებში, ლობირებას ვაკეთებთ მუდმივად, რომ საქართველომ მიიღოს აღიარება ამ გზის და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ამ წლების განმავლობაში, რუმინეთი ყოველთვის იყო ქვეყანა, სახელმწიფო, რომელიც ხმას იმაღლებდა საქართველოსთვის და იგივე გრძელდება ასევე ნატოს კუთხით, საკითხი, რომელიც განიხილებოდა 2008 წელს აქ, ბუქარესტში, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ კუთხით. რუმინეთს ასევე გრძელი გზა ჰქონდა, ვიდრე გახდებოდა ევროკავშირის წევრი და დეტალურად ვაღიარებთ, ვხედავთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას.

საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნა ეს 12 რეკომენდაცია, რომლებიც ვიცით, არის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული. უმნიშვნელოვანესი საკითხი ახლა გახლავთ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა მიიღოს ეს რეკომენდაციები, სერიოზულად მიიღოს, იმუშაოს იმაზე, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც მოთხოვნილია.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, რუმინეთში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველ შემთხვევაში, რომ ეს საკითხები იყოს დანახული, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხები და როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაონ ამ საკითხებზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ერთობლივ პრესკონფერენციაზე კლაუს იოჰანისმა.

მისი თქმით, რუმინეთი საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით მუშაობს. იოჰანისმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტია ორ ქვეყანას შორის ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც ელექტროენერგიის მწვანე კორიდორი იქნება:

1ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენი ფიზიკური კავშირები შავ ზღვაში და შავი ზღვის რეგიონში, უმნიშვნელოვანესია სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ამიტომ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული, მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით.

ასე რომ, ჩვენთვის პრიორიტეტია ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც იქნება რუმინეთ-საქართველოს და აზერბაიჯანს შორის და იქნება მწვანე კორიდორი ელექტროენერგიის, დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვას. რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე განვითარება სხვადასხვა მიმართულების – ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი რუმინეთ-საქართველოს შორის, ასევე, ციფრული ურთიერთობები ევროკავშირ-საქართველოსა და ზოგადად ცენტრალურ აზიას შორის.

გარდა ამისა, საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ტრანსპორტის კორიდორზე, რომელიც იქნება საქონლის, სხვადასხვა პროდუქტის კორიდორი შავი ზღვისა და კასპიის ზღვას შორის. ეს იქნება რუმინეთის ინიციატივა, რომ განვავითაროთ და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები საქართველოს კონტექსტში. ასევე, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ზოგადად კავშირის გასაუმჯობესებლად ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.