LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკუღმა” ჭავჭავაძე და “სიფრიფანა” განათების ბოძები კახეთის გზატკეცილზე – რა ჩაიფიქრა კალაძემ

304
ჭავჭავაძე 1

თბილისში განხორციელებული პროექტების განხილვისას, როცა აზრი ორად იყოფა და ერთ მხარეს მოსწონს, მეორეს კი – არა, როგორც წესი, პროექტის მეხოტბე ადამიანები ცდილობენ, დისკუსია და საქმე სულ სხვა მხარეს წაიყვანონ. ასე მოხდა ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაშიც. საზოგადოების ნაწილმა, ოპოზიციამ, ექსპერტებმა როცა თქვეს, რომ განახლებული ჭავჭავაძის გამზირი ცუდია, ოპონენტებმა სოციალურ ქსელსა და ეთერებში დაიწყეს იმის მტკიცება, თითქოს მოწინააღმდეგე მხარეს არ მოსწონს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ავტობუსის ზოლები. არადა, საქმე სულ სხვაგვარადაა. ყველას გვინდა გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველას გვინდა, უფრო მეტი ავტობუსის ზოლი, მეტი ახალი ავტობუსი, რომ ნელ-ნელა უარი ვთქვათ კერძო მანქანებით გადაადგილებაზე და გადავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ოღონდ აქ არის ერთი დიდი “მაგრამ”.

მაგრამ – ახალი ავტობუსები შემოდის მინიმალური რაოდენობით და ხვალ რომ მართლა უარი ვთქვათ ავტომობილით გადაადგილებაზე, კალაძე, ალბათ, შეგვეხვეწება, ისევ თქვენი მანქანებით იარეთო

მაგრამ – ავტობუსის ზოლები თუ მხოლოდ კონკრეტულ ქუჩებზეა, მაგ. ჭავჭავაძის ბოლომდე რომ მივალ, მერე სად მივდივარ, რას ვაკეთებ, ანუ მერე ისევ საცობში ვხვდები ? თუ საცობში უნდა ვიდგე, მაშინ ისევ ჩემი მანქანით ვიდგები

მაგრამ – ჭავჭავაძეზე უკუღმა სიარული რატომ უწევთ მძღოლებს, რატომ გადაგვიწყვიტა დედაქალაქის მერმა, რომ ასეთი უცნაური ტრაექტორიით ვიაროთ

რა ფაზლი დაიხაზა მითხარით ვინმემ სახლში ვერ მივდივარ - ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს

მოკლედ, ბევრი “მაგრამ” არსებობს, ამიტომ რადიო “ფორტუნა” დაინტერესდა, რას ნიშნავს პროექტების ასე უცნაურად დაგეგმვა და განხორციელება და როგორი თბილისი მივიღეთ დღეს.

ტრანსპორტისა და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა “დღის თემაში” თქვა, რომ მათ უკვე დაუკავშირდნენ და მერიაში შეხვედრა ჩანიშნეს, სადაც საუბრის თემა, მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ჭავჭავაძის გამზირი იქნება.

“ფორტუნას” კითხვაზე, ახლა რა შეიცვლება, მესხიშვილი ამბობს, რომ ახლა რაიმეს შეცვლა რთული იქნება.

“არასამთვრობოები და ექსპერტები, რომლებიც კრიტიკულად ვართ განწყობილი და ობიექტური მოტივი გვაქვს, ვითხოვთ კვლევებს, რომ ესა და ეს პროექტი იქნება წარმატებული. ასეთი კვლევები არ გვინახავს. ვდავობთ იმაზე, რომ პროგნოზი არ ვიცით, ეს კარგია თუ ცუდი. იმ ქვეყენბში, სადაც ასეთი პროექტია, სხვანაირადაა მოწყობილი. ბოგოტას მაგალითს რომ იშველიებენ, რომელიც მე დავდე სოციალურ ქსელში, იქ ვნახეთ რა საცობია, მაგრამ ბოგოტაში მოძრაობის მიმართულებითაა ყველაფერი და არა საწინააღდეგო – უსაფრთხოების კუთხით აუარესებს სიტუაციას. გარდა ამისა, ყველგან არის  6, 8 ზოლი. იცით რატომ ?  მაგ. სახანძრო მანქანა, ან სასწრაფო ხომ უნდა მივიდეს”, – ამბობს მესხიშვილი.

კახი კალაძის ბოდიშზე კი, ექსპერტი ამბობს, რომ ასე თბილისის მერი, ალბათ მძღოლების მხრიდან წამოსული აგრესიის განეიტრალებას შეეცადა.

“ბოდიშით” – ალბათ ისიც ჩანს, რომ მიხვდა – მისი სამსახურები, რომელსაც ევალებოდათ, განეხილათ ეს საკითხი, უნდა მიეწვიათ ურბანისტები, პროფესორები, სამოქალაქო სექტორს უნდა ჰქონოდა ინფორმაცია რა იგეგმებოდა. ბოდიში არის ამის აღიარება, რომ ჩართულობა იყო ნული”, – გვითხრა მესხიშვილმა.

რადიო “ფორტუნა” საკრებულოს დეპუტატს “ნაციონალური მოძრაობიდან” – ლევან ხაბეიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც პროექტის დეტალებზე გვესაუბრა.

“ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის წინ მერიამ და ბიუჯეტმა 100 ათასობით ლარი პროექტისთვის გადაიხადეს. 7 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. თუმცა ის პროექტი, რომლითაც დაიწყო მერმა, 12-ჯერ შეიცვალა გზადაგზა. ეს ნიშნავს, რომ ამის კეთება დაუგეგმავად დაიწყო. შეიძლება ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ შეგეშალოს და 12-ჯერ შეცვლა არის არაპროფესინალიზმი.

თავდაპირველ პროექტში არც ეს შუაში კუნძულები იყო, არც ბასლაინი იყო შუა ზოლში და არც მოძრაობის ეს მიმართულებები.
ანუ რაშიც თანხა გადავიხადთ და დაპროექტდა, ის არ გაკეთდა. გვაჩენოს დოკუმენტი, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. ეს მისი პირადი ახირებაა. ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა, გამონაბოლქვი მეტია, როცა საცობებია”, – ამბობს ხაბეიშვილი.

“ფორტუნას” კითხვაზე – ეს რატომ უნდა იყოს კალაძის ახირება, რატომ უნდა აწყობდეს, რომ ხალხი განაწყენდეს ან პრობლემა შეექმნას, საკრებულოს წევრმა გვიპასუხა:

“ჩვენ ვმსჯელობთ ჭკვიანი ადამიანის პოზიციიდან, გაგვიჭირდება კალაძის ტვინი ამოვიცნოთ. რაში გვჭირდებოდა მაგ. 31 ათას ლარიანი ნაგვის ურნები. 700 ლრიანში ვერ ვყრით? ეს ურნები უკვე დაიდგა. ყველაფერი კარგია, გალამაზებული ქალაქი, როცა ადამიანებს ამის შესაძლებლობა აქვს. 1. 18 ლარად გამოიკვებეო და თან 31 ათას ლარიან ნაგვის ურნას დგამ, ეს რა არის.

ყველა პროექტზე ასეა. აეროპოტის გზაზე რომ სანათები შეცვალეს, ეს იყო სიფრიფანა განათების ბოძები, რომლებიც ქარში ქანაობდა, ეს კახეთში ჩაიტანდა ამ განათებებს, ზემოდან რომ არ დაემაგრებინათ რკინით.  3, 700 ათასი გადავიხადეთ, 1 ცალ ბოძში – 800 ათასი ლარი”, – გვითხრა ხაბეიშვილმა.

ის ასეთ პროექტებში კორუფციის ნიშნებს ხედავს და კალაძეს ურჩევს, ბოდიშებს “ცრემლების ღვრას და გოდებას მორჩეს, ის “კალაძის სახელობის” კუნძულები მოაშოროს , სექტემბრიდან ხალხის ნაკადი გაიზრდება და კატასტროფა იქნება”.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილი სიტუაციის გამო ბოდიში მოუხადა.

“მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულ ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ქალაქში. რა თქმა უნდა, თქვენს ადგილზე იგივე დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ“,- თქვა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები