LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფრო წვიმს, ვიდრე ქუხს – გაერთიანებულ ოპოზიციაში განხეთქილებაა?

275
opozicia

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ძირითად მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს” ლიდერები იყრიან კენჭს. მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ასევე არიან შალვა ნათელაშვილი და ალეკო ელისაშვილი.

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია არ შეთანხმებულა თბილისში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე და მასაც არანაირი დასტური არ უთქვამს.

„ეს ხარბი ზნე როგორც ჩანს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოიშალა. ჯერ იყო და პროპორციული არჩევნების მოპოვება დაიბრალეს და ახლა საკუთარი ჭკუით და გემოვნებით გაგვანაწილეს თბილისში. კარგად დაიმახსოვროს ყველამ – ჩვენ საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული არჩევნებისა და პატიოსანი საარჩევნო სისტემის მოპოვების მიზნისთვის! რომელი კანდიდატი სად დავდგებით და ვის დავუჭერთ ან არ დავუჭერთ მხარს, ამას გადავწყვეტთ ჩვენ თვითონ და არავითარ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“, ან მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ კარნახით”, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

გაერთიანებულ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები ბევრმა აღიქვა, როგორს  პირველი ნიშანი. რომ  ოპოზიციაში განხეთილებაა.

„ფორტუნასთან“ საუბარში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მითი ოპოზიციის ერთიანობის შესახებ, მისთვის დამაჯერებლად არც არასდროს ჟღერდა.

„სიმართლე გითხრათ, თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი რომ ამდენი პარტია კოორდინირებულ მოქმედებას შეძლებდა. ძნელი წარმოსადგენია ამდენი ხალხი ერთ ჭკუაზე მოქმედებდეს. ოჯახშიც არ არის ხოლმე სრული ჰარმონია. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად არ შეათანხმეს ერთმანეთთან და როგორც ჩანს, ეს იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას. ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება, ბევრ რამეს ხშირად ისე აკეთებს, რაც წესით არაა მომგებიანი. მაგრამ იქცევიან ასე და რა ვქნათ. მე და თქვენ ამას ვერ შევცვლით“, – აცხადებს ექსპერტი.

კითხვაზე, ყველას მიზანი მაინც სკამია, ექსპერტი პასუხობს, რომ არ რჩება განცდა, რომ ოპოზიციას ეს მიზანი ამოძრავებს.

„რადგან გულახდილობაზე გვაქვს საუბარი, გეტყვით, მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ოპოზიცია სკამისთვის იბრძვის. მგონია, რომ მათი მთავარი მიზანი არის პარლამენტში შესვლა საიმისოდ, რომ მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. თუ პარტიები ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან, მერე კმაყოფილები იქნებიან. მთელი ეს ხმაურიანი განცხადებები, რომ დავამთავრებთ და შევცვლით, მგონი წინასაბრძოლო ყიჟინაა, რომელიც თავის მომხრებისთვისაა წამოწყებული. საკუთარი რეიტინგები მათ გადასარევად იციან. ეს რეიტინგები მათი მხარდამჭერი სააგენტოების მიერ ჩატარებულიც მათ დიდ უპირატესობას არ აძლევს. ამიტომ მგონია, რომ რაც ხდება, უფრო ქუხს, ვიდრე წვიმს“, – წერს ექსპერტი.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა.

„მგონია, რომ ჯერჯერობით კანდიდატების დასახელება ძალიან ადრეა. შეიძლება რაღაც პრინციპებზე შეთანხმდნენ, მაგრამ კადიდატების დასახელება მათთვის მომგებიანი არ იქნება. უფრო ჭკვიანურია, კანდიდატებს მაშინ თუ დაასახელებენ, როცა საარჩევნო პროცესი დაიწყება.

თუ ასე გააგრძელა „მოღვაწეობა“ ოპოზიციამ, მოსახლეობა ისეთივე არჩევანს გააკეთებს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, არჩევნები საქართველოში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები