LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვის საუკეთესო ფილმები და სერიალები – რას ვუყუროთ ,,ნეტფლიქსზე” თებერვალში?

1726
netflix-movies-tv-shows

,,ნეტფლიქსი” ერთგულ მაყურებელს ყოველთვის ანებივრებს საინტერესო ფილმებით და ორიგინალური შოუებით. გამონაკლისი არც 2020 წლის თებერვალია. რას უნდა ვუყუროთ აუცილებლად თებერვალში? ფილმებშიც და სერიალებშიც ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს.

ფილმები:

Horse Girl

დრამა

პრემიერის თარიღი: 7 თებერვალი

როლებში: ელისონ ბრი, დები რაიანი, ჯონ რეინოლდსი

სარა ჩვეულებრივი გოგონაა, რომელსაც ძალიან უყვარს ცხენები და კრიმინალური შოუები. ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც სარას ეწყება ლუციდური, გაცნობიერებული სიზმრები და იგი ჩათვლის, რომ ახალი უნარი მას შემდეგ მიიღო, რაც უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს.

ყველაზე ცივი თამაში / The Coldest Game

ჯაშუშური თრილერი

პრემიერის თარიღი: 8 თებერვალი

როლებში: ბილ პულმენი, ლოტ ფერბიკი

1962 წელი, კარიბის კრიზისი. ჯონ მანსკი, ალკოჰოლიზმით შეპყრობილი გენიალური მათემატიკოსი ყველასგან მივიწყებულია იქამდე, სანამ ერთ დღეს ამერიკული საიდუმლო სამსახურის აგენტები მოიტაცებენ და ჯაშუშთა სამყაროში ჩაითრევენ. საიდუმლო სამსახურის დავალებით, მანსკი იძულებულია საჭადრაკო მატჩში მიიღოს მონაწილეობა და რუს მსოფლიო ჩემპიონს, ალექსანდრ გავრილოვს დაუპირისპირდეს.

ყველა ბიჭისთვის, ვინც ოდესმე მიყვარდა P.S. მე შენ ისევ მიყვარხარ / To All the Boys: P.S. I Still Love You

რომანტიკული კომედია

პრემიერის თარიღი: 12 თებერვალი

როლებში: ლანა კონდორი, ჯორდან ფიშერი

ჯენი ჰანის რომანტიკული კომედიის პირველი, წარმატებული ეკრანიზაციის შემდეგ „Netflix”-მა მისი სიქველის გადაღება გადაწყვიტა. 2018 წელს გამოსული ფილმის მთავარი გმირი 16 წლის ლარა ჯინია, რომელიც ყველა ბიჭს, ვინც კი ოდესმე უყვარდა,  გრძელ სასიყვარულო წერილებს სწერს და შემდეგ ინახავს. ლანას ცხოვრება იცვლება მას შემდეგ, რაც მისი წერილები გასაჯაროვდება… ფილმი ორიგინალი ნოველის გაგრძელებაზე „P.S. I still love you”-ზეა დაფუძნებული.

მისი უკანასკნელი სურვილი  / The Last Thing He Wanted

პოლიტიკური თრილერი

პრემიერის თარიღი: 21 თებერვალი

როლებში: ენ ჰეთეუეი, ბენ აფლეკი, უილიამ დეფო

„ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორი ელენა მაკმაჰოუნი ტოვებს სამსახურს, რათა ავადმყოფ მამაზე იზრუნოს. რიჩარდ მაკმაჰოუნი აშშ-ის მთავრობის დავალებით ცენტრალურ ამერიკაში იარაღით წლების განმავლობაში ვაჭრობდა, უჩვეულო მოვლენების განვითარების შემდეგ კი მისი ადგილის დაკავება ელენას მოუწევს. ფილმი ჯოან დიდიონის ამავე სახელწოდების წიგნის ადაპტაციაა.

„ყველა ნათელი ადგილი“ / All The Bright Places

რომანტიული დრამა

პრემიერის თარიღი: 28 თებერვალი

როლებში: ელ ფენინგი, ჯასთის სმიტი

ჯენიფერ ნივენის ამავე სახელწოდების ბესტსელერზე დაფუძნებული ფილმი ვაიოლეტ მარკის და თეოდორ ფინჩის სიყვარულზე მოგვითხრობს,თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია.

ის ეხება სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან თემასაც, მაგალითად მენტალურ დაავადებებს, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ მწუხარებას, დანაშაულის შეგრძნებას, საზოგადოების გულგრილობას, სუიციდს და ა.შ…

სერიალები:

„უცხო“ / The Stranger

მისტიური თრილერი

მინისერიალი

პრემიერის თარიღი: 30 იანვარი

ჰარლენ კობენის ამავე სახელწოდების წიგნზე დაფუძნებული მინისერიალი ადამ პრაისის შესახებ მოგვითხრობს. ადამს საქმეები კარგად მისდის, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც იდუმალი უცნობი გაუმხელს საიდუმლოს, რომელსაც დამანგრეველი ეფექტი აქვს მის იდეალურ ცხოვრებაზე.

Locke & Key

დრამა, საშინელებათა

პრემიერის თარიღი: 7 თებერვალი

Netflix-ის ახალი სატელევიზიო შოუ სტივენ კინგის შვილის, ჯო ჰილის ამავე სახელწოდების მქონე კომიქსის ეკრანიზაციაა და მოგვითხრობს მოზარდების შესახებ. ისინი მემკვიდრეობით იღებენ სახლს, სადაც იქამდე საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მათი საშიში და დაუჯერებელი თავგადასავლები იწყება მას შემდეგ იწყება, რაც თინეიჯერები სახლში საიდუმლო გასაღებს იპოვიან…

„ნარკოსი: მექსიკა“ / Narcos: Mexico

დრამა

სეზონი 2

პრემიერის თარიღი: 13 თებერვალი

მექსიკა, XX საუკუნის 80-იანი წლები. ქვეყანაში საშინელი კრიმინოგენული ვითარებაა. რამოდენიმე ნარკოკარტელის ომის ფონზე  პოლიციელების მკვლელობები ჩვეულებრივი მოვლენაა. სიუჟეტის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ძლიერი, გვადალახარას კარტელი და მისი ერთ-ერთი ლიდერი მიგელ გალარდო არიან…

 „ტელეფონისტი გოგონები“ / Cable Girls

დრამა

სეზონი 5, ფინალური სეზონი

პრემიერის თარიღი: 14 თებერვალი

სერიალი მოგვითხრობს ოთხი ქალის ისტორიას, რომლებიც 1920-იანი წლების მადრიდში, ახალგახსნილ თანამედროვე ტელეკომუნიკაციების კომპანიაში იწყებენ მუშაობას.

„სახეშეცვლილი ნახშირბადი“ / Altered Carbon

სამეცნიერო ფანტასტიკა

სეზონი 2

პრემიერის თარიღი: 27 თებერვალი

XXVII საუკუნის დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს ტექნოლოგიური პროგრესი აძლევს საშუალებას, იყვნენ უკვდავები. სპეციალური ტექნოლოგიის დახმარებით, ადამიანის ცნობიერება სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაზე ინახება, სხეულის სიკვდილის შემდეგ კი მისი სხვა სხეულში მოთავსებაა შესაძლებელი. სერიალის მეორე სეზონში მთავარ როლს ენტონი მაკი შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები