ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია 15 ივნისს, შიდა ტურიზმის გახსნის დღეს ჩატარდა. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, კონფერენციის თემატიკა თავიდან ბოლომდე მიეძღვნა კოვიდ-19-ის გავლენას აღნიშნულ ინდუსტრიაზე. პანდემიამ ფორმატის ცვლილებაც გამოიწვია, და ღონისძიება, რომელიც წარსულში 400-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

მონაწილეები იყვნენ, როგორც სამთვარობო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე კერძო სექტორი: თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, აწარმოე საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, BDO საქართველო, საქართველოს ბანკი, Hotel Contract Georgia. მათ სხვადასხვა კუთხით განიხილეს პანდემიის გავლენა ინდუსტრიაზე. ღონისძიება ხუთ საათს გაგრძელდა და ორ პანელის შორის დისკუსიაც შედგა, რომელსაც მოდერაცია მაია სიდამონიძემ გაუწია.

სადისკუსიო თემა იყო – ინდუსტრია პანდემიამდე და შემდეგ. მასში აქტიურად ჩაერთნენ გიორგი მოლოდინაშვილი(ავიაციის მიმართულებით) და ქეთი მიქაშავიძე (მასპინძლობის მიმართულებით).

”ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, პირიქით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება მაქსიმალურად მოერგება ახალ რეალობას და კვლავ მაქსიმუმს გააკეთებს ინდუსტრიის წასახალისებლად. წლევანდელი კონფერენცია შიდა ტურიზის გახსნის თარიღს. 15 ივნისს, დავამთხვიეთ. ამ გზით გვინდოდა კოლეგები, ინდუსტრიის წარმომადგენლები ენთუზიაზმითა და მოტივაციით დაგვემუხტა. ვიმედოვნებ, ეს ცოტათი მაინც გამოგვივიდა“ -ამბობს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი მარინა ჩაიკა.

Welcome to Georgia! – პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია პროექტის თანაორგანიზატორია და აქტიურად უჭერს ინდუსტრიას მხარს.

„ახლა, ახალი რეალობიდან გამომდინარე ტურიზმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და წახალისებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები