LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტული გზა, რომელსაც ზოგჯერ სიკვდილთან მივყავართ: რა უნდა იცოდეთ, სანამ საქართველოში მოგზაურობას გადაწყვეტთ

166
FORTUNA.GE (21)

უკვე სამი დღეა ვგლოვობთ შატილის გზაზე დაღუპულებს, სამი დღეა სოციალურ ქსელში ვბრაზობთ, ვჩხუბობთ, ვიკვლევთ მიზეზებს და ვეძებთ პასუხისმგებელ პირებს. ქვეყანაში გლოვის დღეც გამოცხადდა, დროშებიც დაეშვა და მერე რა. გავა ერთი კვირა და ერთ დღეს დაღუპული 17-ვე ადამიანი მიგვავიწყდება, როგორც შარშან თუშეთის გზაზე დაღუპული 7 ტურისტი, ან ლამის ყოველდღე თბილისსა და თუ სხვა ქალაქებში ავარიისას დაღუპულები. სამწუხაროდ, მალევე გვავიწყდება ასეთი შემზარავი ტრაგედიები და ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას, ისევ სწრაფად დავდივართ მანქანით ან მიკროავტობუსით, ისევ ვარღვევთ მოძრაობის წესებს, ისევ არ ინტერესდება სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ბედით, რომლებსაც მოგზაურობის დროს სახიფათო გზის გავლა უწევთ, ისევ არ დაგვხვდება საგზაო მონიშვნები, ან საგზაო მითითება, რომ იქვე ახლოს გზის შეკეთების სამუშაოებია, სახიფათო მოსახვევში ისევ დაგვხვდება სატვირთო მანქანა, რომელსაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება შევეჯახოთ, ისევ უპასუხისმგებლოდ მოეკიდებიან კომპანიები ტურების დაგეგმვას და შორ მანძილზე ისევ დაგეგმავენ ერთდღიან, იაფ ტურებს.

როდემდე უნდა ვიცხოვროთ სამძიმრიდან სამძიმრამდე და როდემდე უნდა ვითვალოთ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანები, როგორც უბრალო სტატისტიკა – რადიო „ფორტუნა“ შეეცადა ასეთი ტრაგედიების მიზეზების გარკვევას და პრობლემის მოგვარების ვარიანტებიც სპეციალისტებთან ერთად განიხილა.

ავარიაში მონაწილე მიკროავტობუსის ფოტო: "ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?"

"21-ე საუკუნის საქართველოში მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა ხდება სატვირთო და არა სამგზავრო მიკროავტუბუსებით!"

ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე გვეუბნება, რომ ასეთ პრობლემაზე როცა ვსაუბრობთ, სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, ძალისხმევა. ჩვენთან იყვნენ ჩამოსულები უცხოელი ექსპერტები, შეისწავლეს ვითარება, მაგრამ უბრალოდ ქვეყანაში პოლიტიკური ნება არასდროსაა, ამიტომ ეს დოკუმენტები თაროზეა შემოდებული. ეს უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნაც. როგორც კი სახელმწიფო იწყებს კანონების შრმოღებას, რომელიც დარღვევებზე ჯარიმების გამოწერას ეხება, იქვე ჩნდება პროტესტის ტალღა. კოვიდის შემთხვევაში ხომ მივყევით რეგულაციებს, მთავრობაც მობილიზებული იყო. თუ გვინდა, რომ გადავარჩინოთ ეს ადამიანები, სხვაგვარად არ მოხერხდება. სახელმწიფომ თანმიმდევრულად უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ნდობა დაიმსახუროს. ტექინსპექტირება იმდენად დაბალ დონეზე ჩატარდა, უკვე უნდობლობას იწვევს სხვა რეფორმები“, – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

ექსპერტი საგზაო მონიშვნებზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ასეთი ტრაგედიების დროს, მხოლოდ მძღოლისკენ თითის გაშვერა არასწორია.

„რა არის გამომწვევი მიზეზები – არ არის ხოლმე ჩამოთვლილი, გზის გაუმართაობის გამო მოხდა, თუ ავტომობილის. თითს იშვერენ მძღოლისკენ. შეიძლება კომბინირებულ ფაქტორებს შორის ესეც არსებობდეს, მაგრამ ვიცით, რომ გრუნტის გზა იყო, ასევე ტექინსპექტირება ვადაგადაცილებულია, ან შეიძლება გადაღლილი იყო მძღოლიც. შეიძლება საგზაო შემთხვევა მოხდეს, მაგრამ არ დასრულდეს მსხვერპლით. უნდა იყოს მონიშვნები, ბარიერი.

ტურისტული ზონები განსახილველია, არის კი გზა შესაბამისი. არ შეიძლება არც ეს იაფიანი ტურები. ერთ დღეში დიდი მანძილის გავლა. სიცოცხლის ხარჯზე გვინდა იაფიან ტურში წასვლა? – კითხვას სვამს ეკა ლალიაშვილი.

 

ჩვენ ამ შეკითხვით და ასევე – რა პასუხისმგებლობა ეკისრება ტურისტულ კომპანიას, მაია სიდამონიძეს მივმართეთ, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელია.

„დარღვეულია მომხმარებლის უფლებები, ყველაფერი, ძირითადად, ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა. ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული. საგზაო წესებისა და უსაფართხოების კუთხით ვიცით, რაც ხდება, წელიწადში 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება. პრობლემა კომპლექსურია, თუმცა ტურიზმის კანონმდებლობით საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა რეგულირდებოდეს-მეთქი, ვერ ვიტყვი. პრობლემაა ისიც, რომ საგზაო წესების დაცვა არ მოგვწონს. მხოლოდ ტურისტულ მიკროავტობუსებზე კი არა, რეგულარულ რეისებზეც მაღალი სიჩქარით მოძრაობენ.

თუ ტურისტული კომპანია სატრანსპორტო საშუალებას ფლობს, მაშინ რეგულაციები უნდა ვრცელდებოდეს და ამოწმებდეს ყველაფერს, მათ შორის გადიოდეს ტექინსპექტირებას. ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო სააათების რაოდენობა. იაფი ტურების პრობლემაცაა. არ შეიძლება ასეთ მარშრუტზე ერთ დღეში წასვლა და მოსვლა, თუნდაც ორი მძღოლი წავიდეს. ასევე სკამების ჩადგმა არ შეიძლება“, – ამბობს მაია სიდამონიძე.

 

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი დარციმელია კი აღნიშნავს, რომ ყველას ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს.

„სინდრომი, რომ მე ეს არ მეხება და არ დამემართა, აღარ უნდა იყოს, ეს 90-იანებში გავიარეთ. ჩვენც უნდა ვკითხოთ ტურისტულ კომპანიას, სანამ სადმე გავემგზავრებით დეტალები, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენი და ტურისტული კომპანიების პასუხისმგებლობის გარდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც.
სახელმწიფომ მარტო კი არ უნდა დააჯარიმოს, უნდა მართოს ყველფერი“, – თქვა გიორგი დარციმელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები