LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, ვინც დაარღვევს, რა თქმა უნდა, უნდა დაჯარიმდეს – კალაძე “ბასლაინებზე”

8_I0A1838

„მე მინდა, ისევ სატრანპორტო პოლიტიკას დავუბრუნდე იმიტომ, რომ ამ პოლიტიკის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება 2019 წელს,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომამდე ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძემ კიდევ ერთხელ დაანონსა, რომ მერია მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და როდესაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება, დედაქალაქის მთავრობა მაქსიმალურად ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების რჩევებს, მინიშნებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა განხორციელდეს პროექტები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს კომფორტული, სწრაფი და თავისუფალი ქალაქში.

„შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები გვაქვს განკუთვნილი, ე.წ. „ბასლაინები“, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული ქალაქში. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტოთ გადაადგილება უნდა იყოს ყველაზე კომფორტული ქალაქში, შესაბამისად, ჩვენ დღეს რა პრობლემებსაც ვაწყდებით, ამ ავტობუსის სპეციალურ ზოლებზე, რომლებიც შეიქმნა, ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან ამ გზებზე, რაც დარღვევაა და არ არის სწორი,“ – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ პრობლების მოსაგვარებლად, მერია საპატრულო პოლიციასთან მჭიდრო კომუნიკაციას და ურთიერთობას ამყარებს.

„მე ბატონ გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი, არის მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, ვინც დაარღვევს, რა თქმა უნდა, უნდა დაჯარიმდეს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის განკუთვნილი მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად. ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე იქნეს მოწესრიგებული.

„იგივე დამოკიდებულება მაქვს ველობილიკებთან დაკავშირებით. ეს ხომ ჩემი და ჩვენი ახირება არ არის? ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და ახლის გამოგონებას არაფერს ვაპირებთ. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ სუფთა ტრანსპორტს. ველობილიკები იმიტომ კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილების, ველოსიპედებით სარგებლობის და ჩვენ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, სადაც ვახორციელებთ რეაბილიტაციას, მაქსიმალურად ვეცდებით, გავითვალისწინოთ ის რჩევები და გვექნება ის მიდგომები, როგორც მაგალითად კოსტავა-შარტავას ამ კონკრეტულ მონაკვეთზე რეაბილიტაციის გვქონდა და საკმაოდ კარგი პროექტი გამოვიდა. იგივე დამოკიდებულება გვექნება სხვა კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებით, ამიტომ აქაც ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ. ჩართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები