LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რუკის კითხვა არავის ეცოდინება, უფრო იოლად დავთმობთ იმას, რასაც დღეს ჯერ კიდევ ვამჩნევთ!- თინათინ მოსიაშვილი

437
37414743-679206862415490-6014510195151994880-o

ლექტორი თინათინ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს განათლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მოსიაშვილის თქმით, მისაღებ გამოცდაზე სამი საგნის ჩაბარებას გულისხმობს.

თინათინ მოსიაშვილი ამბობს, რომ სამინისტრო აბიტურიეტებს არჩევანის საშუალებას ართმევს

გთავაზობთ მის სტატუსს:

“განათლების სამინისტროს მორიგი „ბრძნული” ექსპერიმენტი

ჩვენი ხელისუფლება იცნობს მაინც საკუთარ მოსახლეობას, ალბათ ამიტომაც არის, რომ ყველა უგონო და ლამის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას აგვისტოში იღებენ.

არ დაიწყოთ, ესაო და ისაო, რაც თავი მახსოვს ასეა, ყველა ხელისუფლების დროს ასე იყო… აგვისტო კი, იანვრის ქეიფების არ იყოს, დასვენების თვე გვაქვს ქართველებს.

ზაფხულში ბევრს დავდივარ, უმეტესად საქართველოს მთიან რეგიონებში. მთიანეთში ბევრგან დღესაც არ იჭერს მობილური ტელეფონი და მეც ხელისუფლების ასეთი „ბრძნული” გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ხან სად მომდის და ხან – სად, ხან ვისგან ვიგებ ჭორ-მართლით გაზავებულს, ხან – ვისგან.

ახლაც ჭაუხში ამოგვიტანეს ამბად განათლების სამინისტროს ადრე მოსაზრების დონეზე გაჟღერებული, მაგრამ ახლად მიღებული გადაწყვეტილება, რომ მისაღებ გამოცდებზე უმეტესად სამი გამოცდა უნდა ჩაბარდეს და ეს სამი საგანი უნდა იყოს: ქართული, ინგლისური და ისტორია ან მათემატიკა.

ვინ და როგორ შეარჩია ეს საგნები, უცნობია!

ან ვის ჰკითხეს აზრი? ჰკითხეს კი ვინმეს საერთოდ? Mariam Jashi სადმე განიხილეთ ეს საკითხი? ან სამინისტროს ხელმძღვანელები თუ განათლების კომიტეტის წევრები აცნობიერებენ რისკებს?

მეგობრებო, დღევანდელი საქართველოს განათლების დედ-მამებო, ეს უგუნური გადაწყვეტილებაა!

სხვას ვერაფერს დავარქმევ!

მე არ მყავს აბიტურიენტები და ამიტომ არ ვსაუბრობ ამ საკითხზე. ჩემს ნაცნობ-მეგობრებს ჰყავთ მოწავლეები, თუმცა არც ეს მალაპარაკებს. სკოლის ცოდნა საკმარისი რომ იყოს, არავინ ივლიდა დამატებით რეპეტიტორთან, მეორე მხრივ კი, მასწავლებლის ანაზღაურება საკმარისი რომ იყოს, არც ერთი მასწავლებელი აღარ დაიტვირთავდა თავს შინ თუ მოსამზადებელ ცენტრში მოსწავლეების მიღებით.

ეს სხვა საკითხია და ამაზე სხვა დროს…

უნივერსიტეტები, რომელთა უმეტესობა ორიენტირებულია მეტი სტუდენტის მიღებაზე, დამატებით ბარიერად, მეოთხე საგანს აღარ დანიშნავს.

აბიტურიეტებს ვართმევთ არჩევანის საშუალებას!

დე, ახალგაზრდამ აირჩიოს საგანი, რომელიც მის პროფესიას უფრო შეეფერება და რომელიც უკეთ იცის!

მესამე საგანი იყოს უნივერსიტეტისა და დარგის პროფილის შესაბამისი.

მე ამ შემთხვევააში საბუნებისმეტყველო დარგების მომავალი მაფიქრებს: მაშინ როდესაც მსოფლიო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაშიაო, ჩვენ უკან-უკან ვდგამთ ნაბიჯებს.

როდესაც არც გამოსაშვები გამოცდა ექნებათ ჩასაბარებელი და არც მისაღებზე დასჭირდებათ ესა თუ ის საგანი, მოსწავლეების უმეტესობა საერთოდ მიატოვებს „მეორეხარისხოვანი” საგნების სწავლას. თუ ძალიან მაგარი მასწავლებელი არ ეყოლებათ (ასეთები კი, მოგეხსენებათ, ბევრიც არ არიან), მოზარდები დიდი ნაწილი წიგნსაც აღარ გადაშლის. ნიშანს დაუწერენ რა, აბა, მეთორმეტე კლასამდე მისულს უატესტატოდ ხომ არ დატოვებენ?

„მეორეხარისხოვანი” საგნები კი ხდება (ეს ტენდენცია უკვე დაწყებულია 🙂 ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება…

საქართველოს განათლების სამინისტრო ალბათ ერთდერთი სამინისტროა მსოფლიოში, რომელიც ასეთი რამის დამკვიდრებას ცდილობს! წავიდა მსოფლიო წინ და ჩვენ „მხოლოდ ნიკოფსიით დარუბანდამდე” საქართველოზე ფიქრში უნდა ვიყოთ? ისიც კი მიკვირს, მათემატიკა და ისტორიაც რომ დატოვეს ჩასაბარებლად ანუ სასწავლად. ესა საგნებიც თუ არ ეცოდინებათ და საეთოდ ეგრევე დიპლომებს დავარიგებთ, განათლების დედ-მამებო, უფრო იოლი იქნება ამ ქვეყნის მართვა.

ყველა საგანზე საუბარს აღარ დავიწყებ, მაგრამ ძალიან კარგად ვხედავ, როგორი გვაქვს შედეგი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების დიდ ნაწილს უბრალოდ წარმოდგენაც არ აქვს ქვეყნის გეოგრაფიაზე. გვინდა უარესი ხდებოდეს?

თუ რუკის კითხვა არავის ეცოდინება, უფრო იოლად დავთმობთ იმას, რასაც დღეს ჯერ კიდევ ვამჩნევთ!

განათლების სამინისტროვ, ვისიანი ხარ?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”- წერს თინათინ მოსიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები