LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ თუ გრძნობთ სიზარმაცეს და საქმისადმი ინტერესის დაკარვას, საჭიროა დროულად გაეცალოთ საქმეს“ – ბიზნესმენის ისტორია

1072
nikagigashvili

რუბრიკაში „ბიზნესმენის ისტორია“ წარმოგიდგენთ ნიკა გიგაშვილისა და ნინი სუხიტაშვილის ისტორიას. მათ დაარსეს სწრაფი კვების კომპანია „Juan Tsie“.

ნიკა: ბავშვობიდან აქტიურად ვიყავი სხვადასხვა საქმიანობაში ჩართული, გამოცდილება დაგროვილი მაქვს ძალიან ბევრ კომპანიაში, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. ასევე მქონდა საკუთარი ვებ დველოპმენტისა და მარკეტინგის აუთსორსის კომპანია, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო შევაჩერეთ საქმიანობა და სხვა მიმართულებაზე გადავერთე. ამჟამად მაქვს ხუან წიე, ნახევრად დაკონსერვებული პროექტი petario.com, რომელიც არის ცხოველების მოვლის გარშემო შექმნილი სერვისებისა და e-commerce პლატფრომა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ბლოგი არის გახსნილი და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებს ეხმარება გაციფრულებაში და პროცესების ოპტიმიზაციაში.

ნინი: საკმაოდ ადრეული ასაკიდან მქონდა საკუთარი ბიზნესი, დავიწყეთ ივენთ მენეჯმენტის კომპანიით, პარალელურად გვქონდა საინფორმაციო პორტალი infos.ge, რომელიც ბოლოს მაგიდების დაჯავშნისა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის პლატფორმად იქცა რესტორნებისათვის. თუმცა ამ სიახლისთვის ბაზარი არ იყო მზად, შესაბამისად პროექტი დაკონსერვდა. ასევე გახლავართ ნიკოლოს დამფუძნებელი, კომპანიის რომელიც აწარმოებს ტყავის აქსესუარებს, ასევე ვარ სტარტაპი suchmeal-ის დამფუძნებელი, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმშია გაშვებული რამდენიმე ქალაქში.

რატომ ეს ბიზნესი?

ნიკა: ადრეული ასაკიდან მსურდა კვების ბიზნესში შესვლა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფერო ნებისმიერ დროს და ამავდროულად გურმანობისკენ მაქვს მიდრეკილება.

სირთულეები და პირველი მოგება…

სირთულეები დაიწყო სამზარეულოს გახსნამდე, გუნდი რომელიც უნდა ყოფილიყო ძირითადი და პირი, ვისაც უნდა ემართა ყოველდღიური ოპერაციები, სამწუხაროდ დროებით დაიშალა. ადმინისტრატორს, რომელსაც უნდა ემართა ყოველდღიური პროცესები, აღმოაჩნდა ონკოლოგიური დაავადება და სამწუხაროდ ვერ მოახერხა საქმიანობაში ჩართვა.

პირველ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს აღნიშნული პირის წარმატებული მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ამავდროულად საკმაოდ მოკლე დროში შევძელით ახალი გუნდის დაკომპლექტება, ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ქვეყანაში. გუნდის თითოული წევრი არის ძალიან მოტივირებული და ყოველდღიურ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. აქტიურად ვუსმენთ მომხმარებელთა რჩევებსა და შენიშვნებს, ვითვალისწინებთ საერთო აზრს და ვთვლით, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ადგილი ქვეყანაში, ხუან წიეს სამზარეულო მალე ახალ კერძებს წარადგენს, რაც კიდევ უფრო ექსკლუზიურს გახდის მას.

იმედგაცრუება და მხარდაჭერა

იმედგაცრუება ამ საქმეში არ გვქონია, თუმცა ცხოვრების განმავლობაში უამრავი. ზოგადად ხშირია იმედგაცრუება პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, სადაც ბიზნესი ნაკლებად იყო დამოკიდებული შრომასა და შემოქმედებითობაზე, ხოლო ხელმძღვანელების უმეტესობას არ აქვს სურვილი, განავითარონ გუნდის წევრები და იფიქრონ გრძელ ვადიან პერსპექტივაში, საკუთარ ხალხზე როგორც აქტივზე. ხშირი იყო დაუფასებლობა, განსაკუთრებით ისეთი კადრისთვის, რომელსაც არც მატერიალურ წახალისებაზე ჰქონდა პრეტენზია და არც რაიმე განსაკუთრებულზე, უბრალო მადლობაც კი საკმარისი იქნებოდა. აღნიშნული რა თქმა უნდა იწვევდა კომპანიის დატოვებას და ახალი პერსპექტივების ძებნას, როდესაც ასევე ხშირი იყო კეთილი დამშვიდობების ნაცვლად ფრაზები “ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევ” და ა.შ. თუმცა მნიშვნელოვანია გჯეროდეს შენი თავის და მუდამ ეძებდე საინტერესო საქმეს.

რჩევები…

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მე და ნინი ერთად ვურჩევთ ყველა ადამიანს არასოდეს დანებდნენ. აუცილებელია გჯეროდეს შენი თავის, მუდამ შრომობდე საკუთარ განვითარებაზე, იძენდე ახალ უნარებს, სწავლობდე და ცდილობდე თუნდაც დღეში 2 საათით აკეთებდე შენთვის საინტერესო საქმეს (ზოგჯერ სრულ განაკვეთიანი სამსახურისას მეტის გამოყოფას ვერ ახერხებს ადამიანი). ასევე ვთვლით, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ რაიმეს აკეთებ არ აქვს მნიშვნელობა ეს არის სამსახური თუ საკუთარი საქმე გააკეთო 200%-თ (100% ისედაც მოგვეთხოვება), არ დაიზარო და არ იყო გულგრილი ამ საქმის მიმართ. თუ შემოდის სიზარმაცე და ინტერესის დაკარვა, საჭიროა დროულად გავეცალოთ საქმეს, რომ არ მოხდეს საკუთარი და კოლეგების სხვადასხვაგვარი დაზარალება.

როდესაც მუდამ ვითარდები და ცდილობ საინტერესო საქმე აკეთო, არასოდეს მოიწყენ, ხოლო საქმეში წარმატება მხოლოდ დროის ამბავი ხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები