LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსპორტში ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება

214
16522040-1496332153725256-100696682-o

2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, მგზავრებს საფასურის გადახდა მხოლოდ საბანკო და სპეციალური ბარათებით იქნება შესაძლებელი.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  მუშაობა ინტეგრირებულ ტარიფზე მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც მგზავრობის საფასურის გადახდა საათნახევრის განმავლობაში ერთხელ განხორციელდება.

თუმცა, მაია ბითაძე არ აკონკრეტებს, რა ეღირება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა მას შემდეგ, რაც ინტეგრირებულ ტარიფში ყვითელი მიკროავტობუსებიც შევა.

„დათვლილია რამდენი ავტომობილი უნდა იყოს, სად უნდა იარონ და გზების დაპროექტება სად უნდა განხორციელდეს. ეს ეტაპი დასრულებულია. ახლა იწყება მუშაობა ინტეგრირებულ ტარიფზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობისთვის რამდენიმე ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაში მაინც ერთხელ გადაიხდიან. გადახდა სავარაუდოდ განხორციელდება ელექტრონულად. ამის თაობაზე პროგრამა ახლა იწერება, მუშაობა ახლა მიმდინარეობს და დაახლოებით ნოემბერში ჩვენ ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას.

ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე, რასაც დღეს იხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის არაკომფორტული მგზავრობისთვის, იგივეს გადაიხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ოღონდ კომფორტული მგზავრობისთვის ერთიანი ინტეგრირებული ისეთი გადახდის სისტემით, რომელიც მთელ განვითარებულ მსოფლიოში მუშაობს. ყველა შეღავათი რომელიც დღეს მოქმედებს შენარჩუნდება.

ინტეგრირებული ტარიფი დადგენილი იქნება ყველა გადახდისთვის და მგზავრს ექნება უფლება აირჩიოს ის მარშრუტი და ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც იგი იყენებს ყოველდღიურად ან ერთჯერადად,”- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

იგეგმება თუ არა ცვლილება ყვითელ სამარშრუტო ტაქსებზე? – კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნათია მიქიაშვლი „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ თუ თბილისის მერია ამას გადაწყვეტს, მაშინ იგივე პრინციპით იმუშავებენ სამარშრუტო ტაქსებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩაირიცხება კონკრეტული თანხა და შეძლებთ მგზავრობას. ყველა ძირითად გაჩერებაზე იქნება ჩარიცხვის აპარატები საიდანაც სესაძლებელი იქნება ბარათზე თანხის ჩარიცხვა.

ცნობისთვის, თბილისის მერია გეგმავს ტურისტებმა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასური უცხოური საბანკო ბარათებითაც გადაიხადონ. ამ დროისთვის საზოგადოებრვ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა „საქართველოს ბანკის“, „ვითიბი ბანკის“ და ბანკი „ქართუს“ ბარათებითაც არის შესაძლებელი. სისტემაში ჩართვას „თიბისი ბანკიც“ გეგმავს.

პოპულალურები