LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ იყავით 21-ე საუკუნის ქვეყანა, ახლა ხართ მე-19 საუკუნის ქვეყანა: ბაიდენის მთავარი გზავნილები რუსეთს

217
Untitled design (4)

რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სტრატეგიულ მარცხს უწოდებს.

ჯო ბაიდენმა ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვარშავის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისთვის მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, პუტინს ეგონა, რომ უკრაინას უბრძოლველად გადაუვლიდა:

“მე თავადაც დავკარგე შვილი და ვიცი, რომ ეს არ არის ნუგეში ოჯახებისთვის, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. მაგრამ პუტინს ეგონა, რომ უკრაინას უბრძოლველად გადაუვლიდა.

ამის ნაცვლად, რუს სამხედროებს დახვდათ ღირსეული მეტოქე მამაცი და ხისტი უკრაინელების სახით. უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვის ნაცვლად, რუსეთის სასტიკმა ტაქტიკამ გააძლიერა წინააღმდეგობა, ნატოს დაშლის ნაცვლად, ახლა დასავლეთი უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე როდისმე ყოფილა.

რუსეთს სურდა, რომ მის საზღვრებთან ნატო ნაკლებად ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ახლა რუსეთის სიახლოვეს ნატო უფრო მეტად და ძლიერადაა წარმოდგენილი, 100 000-ზე მეტი ამერიკელი და ნატოელი ჯარისკაცით. რუსეთმა გამოიწვია ის, რაც მას არასდროს ჰქონდა მიზნად. დემოკრატიები მსოფლიოში გამოცოცხლდნენ, მათ ამოძრავებთ მიზანი და ისინი ერთიანები არიან, რისი მიღწევაც მოხერხდა რამდენიმე თვეში; ადრე ამას წლები სჭირდებოდა”, – თქვა ბაიდენმა.

დღესვე ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 100 000 უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს:

“ყველა დემოკრატია მსოფლიოში ვალდებულია, დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს. უკრაინელ ხალხს შეუძლია, ჰქონდეს აშშ-ის იმედი. მე რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ აშშ მიიღებს 100 000 უკრაინელ ლტოლვილს. ჩვენ გამოვყოფთ 300 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, რაც მოიცავს ათეულობით ათასს ტონა საკვებს, მედიკამენტებს და პირველადი დანიშნულების საგნებს. ბრიუსელში მე ვთქვი, რომ აშშ მზადაა, დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გამოყოს”, – აღნიშნა ბაიდენმა.

დღესვე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება.

მან დღეს რუსეთის პრეზიდენტს “ყასაბიც” უწოდა.

ჯო ბაიდენის მთავარი გზავნილები დღეს ასე ჟღერდა:

? უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად არ დასრულდება, ხალხი ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს – ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, წერტილი!

? დასავლეთი უნდა მოემზადოს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის მომავალი ხანგრძლივი ბრძოლისთვის;

? რუსები მოწყვეტილნი არიან თანამედროვე სამყაროს. თქვენ იყავით 21-ე საუკუნის ქვეყანა. ახლა ხართ მე-19 საუკუნის ქვეყანა.

? რუსი ოლიგარქები არიან ამ ომის არქიტექტორები.

? ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება.

? ვაფრთხილებ პუტინს, ერთი დიუმით არ გადაადგილდეს ნატო-ს ტერიტორიაზე!

? რუსი ხალხი არ არის ჩვენი მტერი.

? ევროპა უნდა განთავისუფლდეს რუსული ენერგომატარებლებისგან, აშშ მზად არის ამაში დაეხმაროს.

? უკრაინელები მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდნენ თავისუფლებისთვის.

?პუტინმა საკუთარ თავს დაუსახა მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევს.

? აშშ-ის ჯარები იმყოფებიან ევროპაში, რათა არ ჩაერთონ საომარ მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან.