LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკო ჩხეიძე: „ჩემი წიგნი არ არის სიკვდილზე, ტატას ეს არ მოუხდებოდა… ჩემი წიგნი არის იმაზე, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ…“

6007
tikochxeidzenews

მოდელ თიკო ჩხეიძისა და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ოჯახს უბედურება შეემთხვა – მათი 9 წლის გოგონას, ტატიანა (ტატა) რევიშვილს თბილისში დენმა დაარტყა… გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა…

ამ ტრაგიკული შემთხვევიდან აგვისტოში სამი წელი გადის. 27 ივნისს, 11:00 საათზე, წიგნის ფესტივალის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ეზოში,  გოგონას დედის, ცნობილი მოდელის, თიკო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია შედგება. „აღსარება დედისა“ ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც მხოლოდ ტატას არ ეძღვნება. გამოცემაში თიკო თავისი ცხოვრების, ცნობილი ფეხბურთელის, ნუკრი რევიშვილისა და მისი სიყვარულის ისტორიის და სამოდელო სფეროს საინტერესო და დაფარული ამბების შესახებ მოგვიყვება. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია და წიგნის შეძენა შეღავათიან ფასად იქვე შეგიძლიათ. პრეზენტაციას თიკოს მეგობრები, ირინა ონაშვილი და ნინუკა გაგუა გაუძღვებიან.

Fortuna.geს თიკო ექსკლუზიურად ესაუბრა იმ ემოციების შესახებ, რომელიც წიგნის წერისას დაეუფლა და გაუმხილა, რატომ გადაწყვიტა სადებიუტო რომანის შექმნა.

თიკო ჩხეიძე:

თავიდან არ მქონია იდეა, რომ წიგნი დამეწერა. ტატას ნათლიამ თქვა, მე დავწერ ტატაზე წიგნსო… მას ძალიან უნდოდა ამ წიგნის დაწერა, მაგრამ ალბათ, ემოციურად მისთვის ამ ეტაპზე ვერ დადგა ის მომენტი, რომ მასზე მუშაობა დაეწყო… მერე თავად გამიჩნდა წიგნის დაწერის სურვილი… მინდოდა, ჩემი ამბავი თავად მომეთხრო.

თავიდან არ ვუყურებდი ამას ასე და არ მიფიქრია, რომ მას გარკვეული თერაპიული დანიშნულება შეიძლებოდა ჰქონოდა… ამას მივხვდი მაშინ, როდესაც წიგნი ხელში დავიკავე. ცხოვრების ახალი ეტაპი გაიხსნა ჩემთვის – ემოციების გამოტანისაც და დალაგებისაც.

წიგნში რა გადმოეცით? გამოცემიდან  ნაწყვეტს გავეცანით, სადაც ტატაზე წერთ და ეს ძალიან ემოციური მონაკვეთია. ეს არის წიგნი სიკვდილზე თუ სიცოცხლეზე?

არა! არა!.. ეს წიგნი სიკვდილზე არ არის და ტატას არც მოუხდებოდა… წიგნი ბევრი ამბისგან შედგება და ის არ არის მხოლოდ ტატაზე. ბიოგრაფიული გახლავთ, ვწერ ჩემი და ნუკრის შეხვედრაზე, ჩვენი სიყვარულის ამბავზე, სამოდელო სფეროს შესახებ და რა თქმა უნდა, ჩემს ტრაგედიაზეც… როგორ გადიხარ ამ ტრაგედიას, რა ხდება ამ დროს ადამიანის ცხოვრებაში და როგორ უნდა იპოვო ძალა, შვილისთვის, მეუღლისთვის, მშობლებისთვის, დადგე ფეხზე და გააგრძელო ცხოვრება…

თქვენ როგორ იპოვეთ ძალა?

წიგნში ეს ძალიან კარგად არის გადმოცემული, გაშიფრულიც და აღწერილიც, რა როგორ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როგორ ვიპოვე ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად. ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, ალბათ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ისევ ჩემმა შვილმა მომცა ამის ძალა, მისმა სიახლოვემ, რასაც ისევ ვგრძნობ და განვიცდი. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ეს საკუთარ თავზე… ყველას აქვს საკუთარ თავში ბრძოლის უნარის აღმოჩენის საკუთარი შესაძლებლობა…

როგორი გოგონა იყო ტატა?

ზუსტად ასე ვიწყებ წიგნს – ტატას აღწერით, ვწერ მის შესახებ, როგორი იყო მისი ხასიათი. არ ვიცი, ერთი სიტყვით როგორ დავახასიათო…

თქვენი მეუღლე როგორ შეხვდა ამ წიგნს? ალბათ, თავადაც ინტერესით წაიკითხავდა…

წიგნი მცირე ხნის წინ დაიბეჭდა და ახლა დაიწყო მისი კითხვა… ახლა კითხვის პროცესშია. არაფერი უთქვამს… მგონია, რომ ძალიან დიდ ემოციებშია. ველოდები, როცა დაასრულებს, რას მეტყვის. სხვათა შორის, წიგნი ნუკრის ლექსით სრულდება, ვფიქრობ, ის ძალიან ემოციურია და ბევრისთვის მაგალითის მიმცემი იქნება.

როგორც ვხვდები, თქვენ ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ ამ ტრაგედიის გადასაფასებლად… როგორ ფიქრობთ, დაეხმარება თუ არა თქვენი წიგნი იმ ადამიანებს, რომელთაც შვილი დაკარგეს?..

პირდაპირ ამ მიზანს ემსახურება. ტატასგან რა ძალაც მივიღე, მაქვს და შინაგანად ვგრძნობ, მინდა, მოვახმარო იმ ადამიანებს, ვინც ჩემს მსგავს მდგომარეობაში არიან… ან ასეთი ტრაგედია არ შეემთხვათ, მაგრამ სხვა მხრივ აქვთ პრობლემები. მინდა, ყველა მათგანს სტიმული მივცე. ყოველთვის, მიუხედავად დამარცხებისა, წინ უნდა ვიაროთ და ახალი აღმოჩენები უნდა ვაკეთოთ.

რამდენად დაგეხმარათ რწმენა თქვენი ტრაგედიის გავლაში?

რწმენა, ალბათ, იყო მთავარი მამოძრავებელი ღერძი, რამაც საკუთარ თავში ძალა მაპოვნინა, რომ თუნდაც თქვენთან მესაუბრა ახლა. წიგნი სრულდება სასულიერო პირთან შეხვედრით და მისი სიტყვით… რწმენა არის ადამიანისთვის პირველი, რამაც შეიძლება, ასეთი ტრაგედია გადაგალახვინოს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები