“ბია”-ს ორგანიზებითა და “საქართველოს ლიზინგის ასოციაციის” მხარდაჭერით, 2017  წლის 17 ოქტომბერს, სასტუმროში “ბილტმორ თბილისი”, “აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის  ფორუმი” გაიმართა, რომლის მიზანი იყო საქართველოში თოთოეული დარგის განვითარება და ბიზნესისთვის სოლიდური პლატფორმის შექმნა, მსოფლიოს მასშტაბით კავშირების გასაფართოვებლად და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გასაზიარებლად.

ფორუმი  ”ბიას”  გენერალურმა  დირექტორმა  აიეტ  კუკავამ  გახსნა,  ხოლო ეკონომიკისთვის  სალიზინგო  მომსახურების  მნიშვნელობაზე  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა ისაუბრა.

”ბიას”  ფორუმს  დაესწრო  500-ზე  მეტი  დელეგატი  კავკასიის,  დსთ-ს,  შუა აღმოსავლეთის  ქვეყნებიდან.  წარმოდგენილები  იყვნენ  მომწოდებლები  9-ზე  მეტი ქვეყნიდან და დელეგატები 16-ზე მეტი ქვეყნიდან.

ფორუმმა დელეგატებს შესაძლებლობა მისცა, დაკავშირებდნენ სამშენებლო, აგრო, სამედიცინო,  სატრანსპორტო  და  “ჰორეკა”  სექტორისთვის  საჭირო  ტექნიკის მომწოდებლებსა  და  დილერებს,  აქვე  გაცნობოდნენ  ლიზინგის  მომსახურების უპირატესობას,  როგორც  დაფინანსების  ალტერნატიულ  წყაროს  და  ესარგებლათ კონკურენტული  შეთავაზებებით. ღონისძიების  მიზანი  იყო  იაფი ფინანსური რესურსის შეთავაზება  მეწარმეებისთვის  ტექნიკური  პარკის  განსაახლებლად,  რაც  თავის  მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოეძიებინათ ეფექტური გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის და გაცნობოდნენ  მიმდინარე და სამომავლო  ტექნოლოგიური განვითარების  ტენდენციებს, ხოლო მონაწილეებმა  შეძლეს  პოტენციურ მომხმარებლებთან და ახალ პარტნიორებთან შეხვედრა.

ბიას  კონფერენციის  პარალელურად  გაიმართა  მომწოდებლების  გამოფენა  და შედგა  B2B  შეხვედრები  აღჭურვილობების  მომწოდებლებთან  და  სალიზინგო კომპანიებთან.   

ბიას  ყოველწლიური  საერთაშორისო  ფორუმი  საქართველოში  უკვე  მეორედ იმართება და ერთ სივრცეში აერთიანებს ინვესტორებს,  ბიზნესის  წარმომადგენლებს  და მთავრობის წევრებს.

მსგავსი თემები