LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს ახალი საბაგირო ხაზები დაემატება – როდის დაიწყება მერიის პროექტი

815
95

თბილისის მერია ახალი საბაგიროების მშენებლობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. სპეციალისტების ჯგუფმა უწყებას 120 მარშრუტზე მეტი ვარიანტი შესთავაზა, საიდანაც რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. 2019 წლის 24 აპრილს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საბაგიროს სამი მიმართულება შეირჩა: სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა. 5 თვიანი ტექნიკურ-ეკონომიკური დეტალური ანალიზის შემდეგ,  მშენებლობის დასაწყებად უნდა გადაწყვეტილიყო შერჩეული მარშრუტებიდან რომელი უფრო მომგებიანი იქნებოდა.

კვლევა უკვე დიდი ხანია დასრულებული უნდა იყოს. კალაძის განცხადებით, კვლევის პირველადი მონაცემები აქვთ და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

“კვლევის პირველადი მონაცემები გვაქვს. ქალაქის სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა მიმართულებებით არის შესაძლებელი საბაგირო პროექტების განხორციელება, თუმცა როდესაც გვექნება ზუსტი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ამა თუ იმ პროექტის, ამის შესაბამისად უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ მთაწმინდის ფერდზე საბაგიროს პროექტის განხორციელებაზე.“ – აღნიშნა კალაძემ.

ამ საკითხზე ქალაქის მერის მოაგილემ, მაია ბითაძემ უფრო დეტალურად ისაუბრა.  მისი თქმით, უახლოეს პერიოდში საბოლოო კვლევა ექნებათ, ხოლო იდენტიფიცირებული სამი მიმართულება,  თბილისში ახალი საბაგიროების განვითარებას საფუძვლად დაედება.

„საბაგიროებს, რომელზეც მუნიციპალიტეტმა კვლევა შეუკვეთა, უკვე გვაქვს კარგი შედეგები და საბოლოო კვლევა ჩაგვბარდება ნოემბრის ბოლოს.

ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ერთი საბაგიროსთვის გაკეთებული კვლევა, ეს არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დაკავშირების ახალი სქემა საბაგიროებით, რომელიც ვეცადეთ მკვლევარებთან ერთად შეგვედგინა ისე, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი ყოფილიყო ახალი საბაგირო ქსელი როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ასევე ტურისტული მარშრუტების კოორდინირებით.

წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ძალიან საინტერესო სქემები თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, ასევე სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად. გარდა ამისა, განვიხილავთ ძველ თბილისთან საფეხმავლო ბილიკებით ან პოტენციური საბაგიროებით დაკავშირებასაც. ეს არის უნიკალური კვლევა, რომელიც ცვლილებებს შეიტანს გენერალური გეგმის საბაგიროების ქსელში. ვფიქრობ, ძალიან დიდ პოტენციალად შეიძლება აღვიქვათ ის საბაგიროთა ქსელი, რომელიც სულ მალე ჩაბარდება მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ბითაძემ.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, კვლევის საბოლოო შედეგი დედაქალაქის მთავრობას დაახლოებით, ორ კვირაში ექნება.

აღსანიშნავია, რომ საბაგირო ტრანსპორტი საქართველოში მეოცე საუკუნეში გამოჩნდა. საბჭოთა საქართველოში მრავალი სამგზავრო თუ ტექნიკური დანიშნულების საბაგირო ფუნქციონირებდა, მათ შორის, თბილისში. დედაქალაქში თავის დროზე ერთდროულად 6 საბაგირო მარშრუტი ფუნქციონირებდა. ესენი იყო: ლისი, კუს ტბა, მთაწმინდა, მაღლივი-ბაგები, ვერა-ჩუღურეთი, მერვე ლეგიონი-ვაზისუბანი.

ჩამოთვლილთაგან, ყველაზე გრძელი და ცნობილი მარშრუტი მთაწმინდა – რუსთაველის საბაგირო ხაზი იყო. გზის სიგრძე – 906 მეტრი იყო, ხოლო ვაგონი 25 ადამიანს იტევდა.  აღნიშნული საბაგირო მარშრუტი 1958 წლიდან ამუშავდა, თუმცა 1990 წელს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ,  რა დროსაც 19 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა, საბაგირომ ფუნქციონირება შეწყვიტა.

რუსთაველის მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა დიდი ხანია იგეგმება. მანძილის დაფარვა 4 წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო გზას საშუალოდ, 6 ადამიანზე გათვლილი 20 გონდოლა მოემსახურება. თუმცა იმის გამო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები დიდ საკომპესაციო თანხას ითხოვენ, მშენებლობის დაწყება ვერ ხერხდება.

ამჟამად  თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს: რიყის პარკიდან ნარიყალამდე, რომელიც 2012 წელს ამუშავდა და  ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე, რომელსაც რეკონსტრუქცია 2016 წელს ჩაუტარდა.