LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის უნიკალური შენობები და მათი ისტორიები

2675
covetr

რამდენი თქვენგანი შესაძლოა არ იყოს ნამყოფი ამ შენობებთან,არადა ისინი არქიტექტურისა და ძველი თბილისური კულტურის საოცარი მაგალითებია. ბონ ვოიაჟის ფარგლებში თბილისის უნიკალური და ისტორიული შენობების შესახებ გიამბობთ,რომელთაც ხიბლი დღესაც არ დაუკარგავთ და როგორც ადგილობრივ,ასევე უცხოელ მნახველებს შორის გაოცებასა და ინტერესს იწვევს.

ძველი ქარვასლის შენობა

ძველი თბილისის ტერიტორიაზე კოტე აფხაზის, სიონისა და ერეკლე მეორის ქუჩების შესაყარზე მდებარეობს ისტორიული, წითელი აგურის ნაგებობა, რომელსაც ათწლეულებია სტუმარი აღარ მიუღია. ძველად აქ სიცოცხლე ჩქეფდა.შენობაში მოქმედებდა ხოჯაპორუხოვისა და მაისურაძის ქარვასლა, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურული სტილით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმ პერიოდის ამსახველ ფოტოებზე. იმ დროს შუა ბაზრის სახელით ცნობილი ტერიტორია წარმოადგენდა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ცენტრს, რომელიც ზემო კალას ყოფდა ქვემო კალასგან.ყოფილი შუა ბაზრის ტერიტორიაზე შემორჩა რამდენიმე ქარვასლის შენობა, რომლებიც წარმოდგენას ქმნის ძველი ქალაქის ცხოვრებაზე. არქიტექტურის ისტორიკოსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს “ძველი აგურით ნაგებ” სარდაფს, რომელიც ქარვასლის წინამორბედ შენობას ეკუთვნის.კვლევაში აღნიშნულია, რომ შენობა სავაჭრო ფუნქციას 1930-იან წლებამდე ინარჩუნებდა, რის შემდეგაც, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, დანიშნულება რამდენჯერმე შეეცვალა: იქ ჯერ მილიცია ფუნქციონირებდა, 1972-1984 წლებში კი — სპორტკომიტეტი.

ძველი სახლი აღმაშენებელზე

აღმაშენებლის გამზირზე სეირნობისას ყურადღებას იქცევს ულამაზესი ძველებური სახლი საუცხოო ჩუქურთმებით. სიძველის მიუხედავად, სახლს არ დაუკარგავს თავისი მომხიბვლელობა. სახლი მე-19-20 საუკუნეებში ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა.  ამ შენობის კედლები საუცხოოდ იყო მოხატული და გაფორმებული ოქროსფერი ორნამენტებით. ჭერიდან ანგელოზები დაგყურებენ, ხოლო კედლებზე “ვეფხისტყაოსნის” ცნობილი სცენებია გაცოცხლებული. რაც შეეხება ილუსტრაციებს ისინი ცნობილი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიხედვითაა შექმნილი.

 ვიტრაჟული სახლი ბეთლემის ქუჩაზე

შენობაა ფერადი ფანჯრებით,უნიკალური ანტიკვარული სახლია ბეთლემის ქუჩაზე,რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება. ლამაზი ფანჯრების გარდა, სახლს ხის მოჩუქურთმებული აივანი ამშვენებს.არაფრით გამორჩეული კარების შეღების შემდგომ მნახველი ჯადოსნური სანახაობის მომსწრე ხდება – ზღაპრული, სპირალური კიბის ავლის შემდგომ თვალწინ ფერადი მინის ნატეხებისგან შექმნილი მხატვრული კომპოზიცია იშლება.ცნობილი არ არის ვინ ააშენა,ან ვინ იყო მისი მეპატრონე, თუმცა არსებული წყაროების მიხედვით, იგი ებრაული საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენდა.

ძველი სასტუმრო “ლონდონი”

კლასიცისტური სტილის შენობა,იმ დროისათვის საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო ლონდონი დღესაც კი რაღაც მისტიკური და პოეტური გარემოს მატარებელია. შენობა ახლანდელი ათონელის ქუჩის #31-ში მდებარეობს. ის ძმებმა ზუბალაშვილებმა ააშენეს. სასტუმრო 1875 წელს გაიხსნა და ერთ-ერთი პირველი შენობა იყო, სადაც ელექტროენერგია გაიყვანეს. 1896 წელს ის 28 ნომრისგან შედგებოდა, სადაც დღე-ღამეში ერთი ოთახის ფასი ერთიდან ათ მანეთამდე მერყეობდა. 1914 წელს სასტუმროს უკვე კიდევ ორი ნომერი მიემატა. სასტუმროს უამრავი გამოჩენილი ადამიანი სტუმრობდა. მათ შორის ცნობილი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი,პეტრე ჩაიკოვსკი, ტერენტი გრანელი და სხვა მრავალი. აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძე სასტუმროს რესტორნის ხშირი სტუმარი იყო. „ლონდონის” შენობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი სადარბაზო და კიბეა. პირველი მსოფლიო ომის დროს მეცენატმა ძმებმა შენობა ლაზარეთს დაუთმეს, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ სასტუმროს ფუნქციონირება აღარ გაუგრძელებია. დღეს ყოფილი სასტუმროს შენობა თბილისში ჩამოსული ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

საიდუმლო სტამბა ავლაბარში

ავლაბარში ერთი არაფრით გამორჩეული და მოძველებული სახლი დიდ საიდუმლოს მალავს: ამ სახლის ქვეშ მეოცე საუკუნის დასაწყისში კომუნისტური პროკლამაციები იბეჭდებოდა. სახლის სიღრმეში მოთავსებულია 1906 წლის სტანდარტებითაც კი მოძველებული სტამბა, რომელიც ბოლშევიკებმა თბილისში დაშლილ ნაწილებად შემოიტანეს. სამი წლის განმავლობაში ამ სტამბაში ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე ათასობით პამფლეტი დაიბეჭდა. 1904-1905 წლებში მისი ადგილსამყოფელი სასტიკად იყო გასაიდუმლოებული. თუ შენობას პოლიცია მიუახლოვდებოდა, “დიასახლისები” ზარს რეკავდნენ და ბეჭდვის პროცესი წყდებოდა. სტამბის ოთახიდან რამდენიმე გვირაბი გადიოდა უახლოეს ჭასთან – ეს გვირაბები გასაქცევად უნდა გამოეყენებინათ, თუ არალეგალურ საქმიანობას ვინმე აღმოაჩენდა. 1906 წელს სტამბის არსებობა ჟანდარმერიამ აღმოაჩინა. სახლი გადაწვეს, მეპატრონე კი ოჯახით ციმბირში გადაასახლეს. 31 წლის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირის სათავეში სტალინი მოვიდა, სტამბა აღადგინეს, შენობა კი მუზეუმად აქციეს, იქვე გახსნეს კინოთეატრიც, რომელშიც საბჭოთა ფილმები გადიოდა.

დახრილი კოშკი

2010 წელს აშენებული დახრილი კოშკი,თანამედროვე თბილისის სიმბოლოდ იქცა. ნაგებობა ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავს,რომლის სულისჩამდგმელი რეჟისორი და მხატვარი რეზო გაბრიაძეა. კოშკის გვერდით კი მარიონეტების თეატრია, რომელიც 1981 წლიდან არსებობს. მის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა. ყოველი საათის ბოლოს მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. დღეში ორჯერ კი, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია 5-წუთიანი თოჯინური წარმოდგენის ნახვა. წარმოდგენაზე დასწრება უფასოა და ის ცხოვრების მთავარი ეტაპების შესახებ მოგვითხრობს.

რეზო გაბრიაძე კოშკის მშენებლობის შესახებ წერს:

„კოშკის მშენებლობა, რომ დავიწყე, თითქოს დამსვეს რაღაც მანქანაზე, რომელიც მოგზაურობს დროში. ასე აღმოვჩნდი სადღაც X-XIII საუკუნეში, შორეულ და ზღაპრულ ბიზანტიაში. კოშკი უნდა ჩაწერილიყო არსებულ დროსა და სივრცეში. ჩემი მაგიდა აივსო ორნამენტებით სავსე წიგნებით. იმ ორნამენტებით, რომლებიც ასე უხვად დაუტოვა ბიზანტიამ სამყაროს. მე ვიმოგზაურე შუა საუკუნეებში და მინდა გითხრათ, რომ ისინი არც ისე ბნელი ყოფილა. და თუ იყო გარკვეული სიბნელე ეს ჩვენი საქმე არ არის. ამასთან დაკავშირებით სჯობს დუმილი შევინარჩუნოთ. მაგრამ ვინ ააშენებს? სად ვეძებო ეს ხალხი? ერთი კედლიდან გამოვიდა, მეორე კი ავტობუსიდან ჩამოვიდა. ერთს ოთარი ერქვა (ოთარ მაგრაქველიძე), ჩემი ხნის კაცი, სამოცდაათს გადაცილებული ან ოთხმოცს მიახლოებული. იმათგანი ვინც ჯგუფურ სურათებში სულ კიდეში ხვდება და სანახევროდ სახეჩამოჭრილი გამოდის. მშენებლობებზე მან სულ 50 წელი გაატარა და ორმოცდაათივე წელი მუშად. ლამაზი კარიერაა! ჩვენ დავმეგობრდით. დღესაც ვმეგობრობთ და უკვე სამუდამოდ, ისე როგორც ბავშვობაში მეგობრობენ ხოლმე. მეორეს ერქვა ავთანდილი (ავთანდილ ლეჟავა). ის 1300 ან 1500 წლის იქნებოდა. ხასიათით მდუმარე და არაკონკრეტული. მორცხვი ღიმილით გარიდებდათ თვალს და მზერა გადაჰქონდა არაფრით გამორჩეული სახლის კუთხეზე. ხუთ სიტყვაზე უფრო გრძელი ფრაზები მას თრგუნავდა. ის ჩვენთან დასავლეთ საქართველოში სოფლის ეკლესიის მშენებლობის შემდეგ მოვიდა. ინსტრუმენტებიანი  ჩანთითა და ბოხჩით, როგორც XII საუკუნეში. სხვა დანარჩენი კი ცოლმა მოუტანა, უკმაყოფილო თავის ქნევით. მე მეხმარებოდნენ ინჟინრები – ზურაბ ჯაფარიძე, გელა ჯანგირაშვილი, არჩილ ჯაფარიძე, კოტე ოდიშვილი და სხვ. მათ გადაჰყავდათ ჩემი ნახატები და იდეები თანამედროვე და მშენებლებისთვის გასაგები ნახაზების ენაზე. რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ.“

 საბაგიროს სადგური

1953-1958 წლებში აშენებული საბაგიროს სადგური რუსთაველის მოედანზე კლასიკურ-მონუმენტური სტილის არქიტექტურის ტიპურ მაგალითს წარმოადგენს . პროექტი მიხეილ ჩხიკვაძეს და კონსტანტინე ჩხეიძეს ეკუთვნის. უზარმაზარი, შემინული თაღების რიგს ზემოდან უფრო მცირე ზომის, მეორე, ღია თაღების რიგი ადგას, ხოლო ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებული ბოლნისის ტუფის ფერი ქვემოდან ზემოთ იცვლება, ღიავდება და ბოლოს თითქმის თეთრი ფერის არშიად იქცევა. მთაწმინდის საბაგირო გზის ქვედა სადგურის შენობა თბილისელთა თაობებისთვის მნიშვნელოვან ემოციურ დატვირთვას ატარებს.

ყოფილი კინოთეატრი აპოლო

შენობა 1909 წელს აშენდა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში „ოქტომბერი“ ეწოდებოდა,ხოლო 1987 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ კინოთეატრი ხელახლა გაიხსნა და 1990 წლიდან მას დაუბრუნდა სახელი აპოლო“. აპოლო ასევე იყო პირველი ელექტროთეატრიც, მისი არქიტექტურა კი მოდერნის სტილს ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრს ჰქონდა.შენობაში ორი ინოვაცია – არქიტექტურული სტილი და კინო ხვდებოდა ერთმანეთს.კინოთეატრი თითქმის 80 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, თუმცა 90-იან წლებში ფილმების ჩვენება შეწყდა. შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ი. კარგარეთელის ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კომპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები