LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია კობალაძე საიმონ კოუელის წინაშე ამერიკულ „ნიჭიერში“ წარდგება: „თუ შემდეგ ეტაპზე გადავედი, ძალიან მინდა, ქართული სიმღერა შევასრულო…“

3491
თათია კობალაძე

თათია კობალაძე მალე ამერიკული „ნიჭიერის“ ჟიურის წინაშე წარდგება. მან ყველა ტური გაიარა იმისთვის, რომ სცენამდე მივიდეს და თავისი ოცნება აისრულოს – ცნობილი ამერიკელი პროდიუსერის, ტალანტების აღმომჩენი საიმონ კოუელის წინაშე იმღერის. ერთადერთი, რაც ოცნების ასასრულებლად აკლია, ამერიკის ვიზაა, რომელსაც მალე ელოდება.

თათია კობალაძე fortuna.ge-სთან ამ თემაზე ექსკლუზიურად საუბრობს.

„რაც შეეხება ამერიკულ „ნიჭიერს“ – პანდემიის მერე ყველაფერი ონლაინზე გადავიდა. ბევრჯერ მაქვს შევსებული და გაგზავნილი ანკეტა. ბრიტანულ „ნიჭიერში“ გადავედი, მაგრამ ვიზაზე უარი მითხრეს, ეს იყო ხუთი წლის წინ, თუმცა არ გავჩერებულვარ და ისევ ვაგრძელებდი მცდელობას. ყოველთვის არ გიმართლებს. ბოლოს როცა ამერიკულ „ნიჭიერში“ გავაგზავნე ანკეტა და ვიდეოები, დამიკავშირდნენ „ზუმში“ ჩართვით. ზუმში ოთხი ეტაპი გავიარე, წარმატებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ახლა მიწევს სცენის ტურზე გასვლა, სადაც საიმონ კოუელი მომისმენს. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ საიმონის წინაშე დავდგე და ამხელა სცენაზე ვიმღერო. არ მაქვს გამარჯვების ამბიციები, რადგან ეს არის ამერიკა. ამ კონკურსში მხოლოდ მომღერლები არ მონაწილეობენ. ძალიან მაღალი დონის მონაწილეები იკრიბებიან.

როდისაა სცენის ტური?

მე უნდა ჩავსულიყავი წესით, მაისის ბოლოს, მაგრამ ვიზის გამო ვერ მოვახერხე. ველოდებით ვიზას, როგორც კი პასუხი მოვა, უნდა ჩავიდე. იქ გამარკვევენ, რა რიცხვში მომიწევს გასვლა სცენის ტურზე. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, რადგან ვიზა არ მქონდა და პრობლემა გახდა, გაურკვეველია რიცხვი.

რეპერტუარი თავად შეგირჩიეს თუ შენ აარჩიე?

ჩემი სურვილებიც გაითვალისწინეს და და თავადაც შემირჩიეს რეპერტუარი. ერთი სიმღერით არ მიდიხარ, რადგან სცენაზე შეიძლება სამი სიმღერის შესრულება მოგთხოვონ. ვერ გეტყვით, რომელი სიმღერები ავარჩიე.

შენ თურქულ, უკრაინულ, ყაზახურ საერთაშორისო კონკურსებში გაქვს მონაწილეობა მიღებული. რით განსხვავდება მათგან ამერიკული „ნიჭიერი“?

ხომ ამდენ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული, სრულიად განსხვავებულად ხდება ყველაფერი. დეტალურად გეკითხებიან შენს ცხოვრებაზე, რა გიყვარს, მუსიკის გარდა რას აკეთებ და ა.შ. დაწვრილებითი ინფორმაცია სჭირდებათ. ასეთი ორგანიზება არ მინახავს. ჯერ არ ჩავსულვარ და იმდენი ემოცია მივიღე მათთან საუბრისას და ზუმის ჩართვებისას, ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ და ადგილზე ვნახავ სიტუაციას.

თუკი შემდეგ ეტაპზე გადახვალ, რისი შესრულება სურს?

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თუ გადავედი შემდეგ ეტაპზე და ძალიან მინდა გადასვლა, ქართული სიმღერა შევასრულო. არ ვიცი, რამდენად მექნება ამის შესაძლებლობა, ქართული სამოსით მინდა წარვდგე და ამერიკას საქართველო სხვა კუთხით გავაცნო.

ვიცი, რომ მაიკო კაჭკაჭიშვილმა სიმღერა დაგიწერა, ხომა არ აპირებ მასზე კლიპის გადაღებას? 

ქალბატონმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა  გამომიგზავნა სიმღერა და მომწერა, რომ ჩემი ხმა მოუხდებოდა. ძალიან თბილი და ტკბილი სიმღერაა. სასწრაფო წესით ჩავწერე. არ მიყვარს, როცა უდევთ სიმღერა და არაფერს აკეთებენ. სულ ვცდილობ, სიახლეები მქონდეს. ეს სიმღერა ძალიან მომწონს. მგონია, რომ ერთ-ერთი ქართული ჰიტი იქნება. მელოდიაც და ტექსტიც არის მაიკო კაჭკაჭიშვილის. კლიპის გადაღების სურვილი მქონდა, მაგრამ ვერავინ ვნახე, რომ ამ საქმეში დამეხმაროს. ფინანსურად ძალიან რთულია. ჩემთვის გზა ამერიკული „ნიჭიერამდე“ ასევე რთული აღმოჩნდა, ფინანსური კუთხითაც, ვიზას ვგულისხმობ, მაგრამ როცა გაქვს ოცნება, ბოლო წვეთამდე უნდა იბრძოლო…

 

თათია კობალაძე – ბედისწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები