თაკო მელიქიშვილი: „ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება მინდოდა, მაგრამ ფინანსები ვერ მოვიძიე…“

207

თაკო მელიქიშვილის სიმღერა „ოქროს ტალღაზე“ კვლავ არის წარდგენილი. მომღერალი კმაყოფილია, რომ ყოველ წელს თითო ახალი სიმღერა მაინც აქვს, რომელიც წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონიაზე ყურადღების ცენტრში და ნომინანტების სიაში ხვდება.

თაკო მელიქიშვილი:

ჩემი სიმღერა „მეგონა“, რომლის ტექსტის და მელოდიის ავტორი ცირა ბზიშვილი გახლავთ, წარდგენილია „ოქროს ტალღაზე“. ცირა ბზიშვილთან უკვე მესამედ ვთანამშრომლობ. ჩვენი წინა ორი ერთობლივი სიმღერა წარმატებული გამოდგა. „ნუ მეტყვი“ ორი წლის წინ ჩავწერეთ, ცირა ბზიშვილის მეუღლემ მასზე კლიპიც გადაიღო. კარგია, როცა კლიპის გადაღების შესაძლებლობა გაქვს, რადგან კარგად შეგიძლია აჩვენო ის სათქმელი, რაც სიმღერაში ჩადე.

ჩვენი მეორე სიმღერა იყო „უბრალოდ“, მესამეა „მეგონა“. ამ სიმღერის ტექსტის იდეა ცირას თავად მივაწოდე და შემდეგ მან დაწერა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი მეგონა ყოფილა, მას მოვუყევი, როგორი მინდოდა, სიმღერა ყოფილიყო და მან შექმნა ტექსტიც. გადავეცი ის, რაზეც მაშინ ემღერებოდა გულს. ალბათ, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა უამრავი მეგონა, იმედგაცრუებები… ეს სიმღერა დაახლოებით ერთი წლისაა.

„ოქროს ტალღაზე“ ყოველ წელს ხარ ხოლმე წარდგენილი…

და ეს ძალიან კარგია, როცა წელიწადში ერთხელ შენთვის ერთი ახალი სიმღერა მაინც იქმნება, რომელიც შემდეგ „ოქროს ტალღის“ ნომინაციაშიც ხვდება. ეს ფუფუნებაა. შესაძლოა, ზოგისთვის არა, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად ფუფუნებაა ახალი სიმღერების ჩაწერა (იღიმის). ძალიან მინდოდა კლიპის გადაღებაც, მაგრამ ფინანსები, სამწუხაროდ, ვერ მოვიძიე.

მსმენელებს გარკვეული პერიოდულობით ვახსენებ, რომ ხმის მიცემა შეუძლიათ, მაგრამ ვერავის ვერ მოვაბეზრებ თავს თხოვნით, შედით და ხმა მომეცით-მეთქი. მაინც მიხარია, რომ ოცეულში ვარ და ეს მიღწევაა, როცა თავად არ სთხოვ ხშირად მსმენელს, მაინც შემოდიან და ხმას გაძლევენ.

რა სიახლეები გაქვს?

ახლა ვწერ „საუნდის“ პოპულარული სიმღერის „ერთხელ გაკოცებ და წავალ“ ახალ ვერსიას. სიმღერის ავტორია პაატა ყოლბაია, „საუნდის“ წევრი. ბიჭებს ვთხოვე, რომ სიმღერა ჩემთვის დაეთმოთ და გაუხარდათ, ფიქრობენ, რომ ის ახალ სიცოცხლეს შეიძენს. პრემიერის მოსწრება მინდოდა „არ დაიდარდოს“ დაბადების დღისთვის, მაგრამ ვერ მოხერხდა. დაახლოებით ერთ კვირაში შედგება მისი პრემიერა და იმედია, რომ წარმატებული იქნება (იღიმის).

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები