LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითური სქემები და ათასობით დაზარალებული – როგორ დაკარგეს მოქალაქეებმა ასეულობით დოლარი და რა უნდა იცოდეთ, რომ პოპულარული „თამაშების“ მსხვერპლი არ გახდეთ

899
fortuna.ge (52)

ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო ქუჩაში და ჰკითხო – გსურს თუ არა ფეხით სიარულის ან ვიდეოების ნახვის შემდეგ ფული იშოვოს, სავარაუდოდ, ყველა თუ არა, ყოველი მეორე თანახმა იქნება. წინადადება მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ წინდახედულ ადამიანს უჩნდება კითხვა – რა რისკთანაა ეს დაკავშირებული, რამდენად დიდია შანსი, რომ წინასწარ მოთხოვნილი ინვესტიცია საერთოდ ვეღარ ამოვიღო და ა. შ.

ამ კითხვებზე შეიძლება ნაცნობი პასუხი გაგვახსენდეს, რაც ალბათ ბევრ ჩვენგანს არაერთხელ უთქვამს – თუ არ გარისკავ, შამპანურსაც ვერ დალევო. არადა, არსებობს სქემები, რომლის მეშვეობითაც ეს შამპანური შეიძლება, ძალიან ძვირი დაგიჯდეთ ან საერთოდ ვერ დალიოთ. ასეთ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, ერთადერთი გზაა – მინიმუმ მეგობარს, ნაცნობ ფინანსისტს ვკითხოთ, რამდენად მაღალია თანხის დაკარგვის საფრთხე, რა მსგავსი სქემები არსებობს, რა რისკებია და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. მომავალში რომ ფულის დაკარგვისგან თავი დავიზღვიოთ, ჯერ განვიხილოთ ბოლო გახმაურებული შემთხვევა, რომელიც ტესლა ვიდეო მედიას ეხება და აზრი გამოცდილ ფინანსისტს ვკითხოთ.

 

 

როგორ მუშაობდა Teslavideomediaს თაღლითური სქემა

 

Teslavideomedia.com – ეს არის (იყო) ვებგვერდი, რომელიც მომხმარებლებს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხის გამომუშავებას სთავაზობდა, თანხებს აღარ გასცემს, რის შედეგადაც ათასობით მოთამაშემ ჩადებული ინვესტიცია ფაქტობრივად დაკარგა.  Teslavideomedia.com-ის საშუალებით მომხმარებლებს თანხის გადახდის შემდეგ ვიდეოები უნდა ენახათ, რაშიც მათ სისტემა ანაზღაურებას აძლევდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც მომხმარებლები ირწმუნებოდნენ, რომ ეს არის ფულის შოვნის მარტივი გზა. დავალება მარტივი იყო – საიტის მიერ შემოთავაზებულ ვიდეოებს უყურებდით და გერიცხებოდათ კონკრეტული თანხა. ამ სისტემაში რომ ჩართულიყვნენ მოქალაქეები, ზოგმა სესხი აიღო, ზოგმა მანქანა დაალომბრადა, ზოგმა კი მეგობარს ესესხა.

რა პრინციპს ეფუძნებოდა საიტი: ჯერ გადიოდით რეგისტრაციას, შემდეგ გენიჭებოდათ სტატუსი და გერიცხებოდათ 138 დოლარი საჩუქრად, ოღონდ მისი განაღდება არ შეგეძლოთ. გასანაღდებლად საჭირო იყო 300 დოლარზე მეტის შეგროვება. აქ უკვე ორი გზა გრჩებოდათ – გენახათ დღეში ოთხი ვიდეო, რაშიც საიტი 1 დოლარს დაგირიცხავდათ, შესაბამისად 300 დოლარის შეგროვებას თვეები დასჭირდებოდა, ან თანხა პირდაპირ თავად შეგეტანათ.

თუ თქვენ მოახერხებდით და ფულს შეიტანდით, შემდეგ ვიდეოების ნახვაში საიტი უკვე 5 დოლარს გიხდიდათ და პარალელურად, თანხის გატანაც შეგეძლოთ.

იყო კიდევ ერთი გზა – შეგეძლოთ 12 ადამიანი მოგეწვიათ, რომლებიც ჩადებდნენ ინვესტიციას და სანაცვლოდ საიტი კონკრეტულ თანხას დაგირიცხავდათ. სწორედ ამ სქემაში უკვე ნათლად ჩანდა, რომ საქმე, ფინანსურ პირამიდასთან გვქონდა.

 

                                                                       

 

 ვებგვერდი ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო

 

ჩვენ დავინტერესდით, რომელი ქვეყნები იყო, სადაც ვებგვერდი ყველაზე პოპულარული გახდა. გაირკვა, რომ ეს ქვეყანა საქართველოა. ანუ ფულის შოვნის ყველაზე მარტივი გზა, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად საქართველოში იზიდავთ.

Google Trends-ის მონაცემებით, სწორედ საქართველოა ის ადგილი, სადაც მოქალაქეებში Teslavideomedia პოპულარობით სარგებლობს. იმავე Google Trends-ის თანახმად, საქართველოში ამ ვებგვერდის პოპულარობა 100 ქულით იყო შეფასებული, მაშინ როდესაც მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ სომხეთსა და აზერბაიჯანში მისი პოპულარობა 2 ქულით ფასდებოდა, მეოთხე პოზიციაზე მყოფ ყირგიზეთში კი 1 ქულით. შესაბამისად, ამ სისტემის მომხმარებელეთა უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოდან იყო რეგისტრირებული.

როგორც ფინანსისტები განმარტავენ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ფულის მარტივად შოვნის გზა არ არსებობს. მათივე თქმით, ასე რომ იყოს, ევროპის ქვეყნებში ხალხი ამდენს არ იშრომებდა და მსგავს სქემებში ჩაერთვებოდა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. ვებგვერდების სარეგისტრაციო სისტემის მიხედვით, Teslavideomedia.com-ი 2022 წლის 3 მარტს დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ Teslavideomedia.com არავითარ კავშირში არ არის ილონ მასკის დაფუძნებულ, ავტომწარმოებელ “ტესლასთან” მიუხედად იმისა, რომ ლოგო და წარწერა სწორედ საერთაშორისო ბრენდს ჰგავს.

 

 

 

მსგავსი თაღლითური სქემები და ფინანსისტების რჩევები

 

ერთ-ერთი პირველი, რაც ფინანსური პირამიდის ხსენებისას თავში აზრად მომივიდა – შპს „საფინანსო კომპანია საქართველოა“, რომელსაც მეანაბრეები კუთვნილ ფულს საპროტესტო აქციების მეშვეობით სთხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ. „საზოგადოება და ბანკების” ანგარიშის თანახმად, საფინანსო კომპანია საქართველოს – 2343 მოქალაქეს 81 მლნ ლარამდე (12 688 965 ლარი, 1 837 761 ევრო და 23 761 849 აშშ დოლარი) მატერიალური ზიანი მიადგა. (წყარო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური). როგორც ცნობილია, ამ დრომდე დაზარალებულებს თანხა არ დაბრუნებიათ.

ეს ფინანსური პირამიდის მხოლოდ ერთი მაგალითია. ჩვენმა რესპონდენტმა სხვებიც გაიხსენა. ეკონომისტი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელშიც წერდა და შემდეგ, ჩვენთან საუბარშიც ისაუბრა მსგავს სქემებზე და რისკების გათვალისწინებაზე. ის იხსენებს წლების წინ არსებულ მსგავს სქემას და აცხადებს, რომ მან სოციალური ქსელით მომხმარებლები არაერთხელ გააფრთხილა.

„2014-2017 წლებში არსებობდა ესეთი მარაზმი QNET, რომლის ვალებსაც , როგორც ცნობილია, ამ დრომდე იხდიან ადამიანები. ასეთი ტიპის სქემები იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სწრაფი და მარტივი გამდიდრება უნდათ და ამით არიან შეპყრობილები.  მე სოციალურ ქსელშიც ვწერდი ამაზე და ვიხსენებდი ე.წ. “ბოტასის” ამბავს. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორი გამოხმაურება ჰქონდა ამ აპლიკაციას, რომელიც 1200 დოლარი ღირდა. დღეს კი უფასოა. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას , უნდა ითქვას, რომ TESLA MEDIA მორიგი თაღლითობაა და არანაირი საერთო არ აქვს რეალურად ტესლასთან.  არის კიდევ LYST -ი, რომელიც ყველაზე პრიმიტიული პირამიდაა, რაც კი ოდესმე შექმნილა. შეიძლება თქვენ გარშემო ბევრი მითი მოისმინოთ. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გეტყვით, რომ აი, ვიღაცის მეგობარმა და ვიღაცის ბიძაშვილმა იყიდა ბინა ან დღეში 300 დოლარს შოულობს. 

მე ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელშიც ვწერდი და ვიხსენებდი ევროპის ქვეყნებს. ახლაც გეტყვით, აი, მოდი, ავიღოთ ევროპაში ყველაზე განვითარებული ქვეყანა გერმანია, სადაც დღეში 300 დოლარი ძალიან დიდი ანაზღაურებაა. გამოდის, რომ გერმანელები არიან ბრიყვები, რადგან არ იციან ან არ არიან ამ სქემაში ჩართულები და ქართველები, ბანგლადეშელები და პაკისტანელები ჭკვიანები?

მსგავსი პირამიდის სათავეში მყოფი 100 ადამიანის გარდა ყველა დანარჩენი არის პირამიდის შემავსებელი წყარო მხოლოდ. ყველა ასეთი პროექტი გათვლილია 3-6 თვის ვადაზე.

რაც შეეხება რჩევებს და რეკომენდაციებს, მე მხოლოდ ის შემიძლია ვუთხრა ყველას, რომ არ არსებობს ფულის შოვნის ასეთი მარტივი გზა და საშუალება. ეს არის პირველი ნიშანი, რამაც უნდა გვაფიქრებინოს, ფინანსურ პირამიდასთან ხომ არ გვაქვს საქმე. სანამ მსგავს თაღლითურ ამბავში გავეხვევით, მინიმუმ ჩვენს ნაცნობ ან მეგობარ ფინანსისტს, ეკონომისტს უნდა ვკითხოთ, რა რისკები არსებობს, ხომ არ არის აქ ფულის დაკარგვის მაღალი შანსი, მოვისმინოთ, რას გვეტყვიან, გავითვალისწინოთ და შემდეგ აღარ მოგვიწევს სასამართლოებში სიარული, რაც როგორც წინა შემთხვევები გვაფიქრებინებს, უშედეგოა. უკვე გითხარით, რომ არსებობს წლების წინანდელი მსგავსი სქემები და ამ დრომდე იმ სქემაში ჩართულ მოქალაქეებს პრობლემები აქვთ”, – გვეუბნება ოთარ აბესაძე.

Teslavideomedia – მ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ვებგვერდი აღარ მუშაობს და თანხის გაცემა შეწყვეტილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები