LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათზე საერთაშორისო ფასები გაიზარდა

70
grocery

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – მაისში, ყველისა და სიმინდის ფასების ცვლილების ხარჯზე გაიზარდა და 172.4 ერთეული ქულა შეადგინა, რითაც ამ წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აპრილის თვესთან შედარებით, მაისში ფასების ინდექსი 1.2%-თაა მომატებული, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასებმა, რომელიც აპრილის თვესთან შედარებით 5%-ითაა მომატებული. ფასების მატება, ძირითადად ყველზე, ოკეანიის ქვეყნებში გვალვით და მარაგების ნაკლებობითაა გამოწვეული.

1.4%-ითაა გაზრდილი მარცვლეულის ფასების ინდექსი, რაც სიმინდზე გაზრდილი მოთხოვნისა და მიწოდების სიმცირემ განაპირობა. სიმინდზე ფასების ზრდის მიზეზია, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამუდმებული წყალდიდობები და წვიმები, რის გამოც ვერ ხერხდება კულტურის თესვა. მაისის თვეში შემცირდა ხორბლის ფასების ინდექსი, მაშინ როცა ბრინჯის გლობალური ფასი უცვლელი იყო.

შემცირებულია FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, კლებამ 3.2% შეადგინა – ინდოეთიდან დიდი ოდენობით შაქრის ექსპორტმა, შეავსო მსოფლიოს შაქრის ყველაზე მსხვილი მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, არსებული 17% დანაკლისი, რის შედეგადაც მაისის თვეში სასურსათო კალათის ამ პროდუქტზე ფასმა დაიწია.

პალმის ზეთის დიდი მარაგის ფონზე, 1.1%-ით შემცირდა ფასები მცენარეულ ზეთზე, მცირედითაა გაზრდილი ფასები მზესუმზირის და სოიოს ზეთზე.

ამასთან, მაისის თვეში გაზრდილია FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, რაც ღორის აფრიკული ცხელების აფეთქების ფონზე აზიის ბაზრებზე ამ პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნითა და მიწოდების სიმცირით არის გამოწვეული. აპრილის თვესთან შედარებით, ფასები შემცირდა საქონლის ხორცზე, რაც პროდუქტის დიდი მარაგით არის განპირობებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები