LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს – თენგიზ ცერცვაძე

111
BeFunky-collage (8)

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თვლის, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგანაც მან საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას არაკორექტული უწოდა.

ცერცვაძე თვლის, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირმა არგუმენტებს მოკლებული განცხადებები არ უნდა გააკეთოს.

„არ გვგონია, რომ არსენ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს. საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს. იმ ფონზე, როდესაც 22 მაისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ19“-ის 6302 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 77 გარდაიცვალა, სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია. ჩვენ ვეპატიჟებით არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში,“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები