LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გელოვანის ოჯახში გოზინაყს მამაკაცები ამზადებენ

156

სოფო გელოვანი 31 დეკემბერს არასდროს სახლში არ არის, შესაბამისად, ახალ წელს ოჯახის წევრების გარემოცვაში ვერ ხვდება, სულ გადარბენა აქვს და წელსაც ასე იქნება. როგორია მომღერლის საახალწლო ტრადიციები, თავად გაგვიმხილა.

სოფო, ოჯახის წევრები არ გსაყვედურობენ, ახალ წელს მათთან ერთად რომ ვერ ხვდები?

მიეჩვივნენ. ჩემი ახალი წელი არის ხან სად, ხან – სად. წელსაც გარეთ ვხვდები, ჯერ ცენტრეალუ კონცერტზე და შემდეგ სხვადასხვა ადგილას მიწევს სიმღერა, სულ გადარბენაზე ვარ. ყოველ წელს მინდა ძალიან სახლში შეხვედრა, მაგრამ არ გამოდის.

როგორია ტრადიციები?

როგორც ყველას, მეც ისეთი ტრადიციები მაქვს. ვცდილობ, კერძები თავად მოვამზადო. კულინარია ჩემთვის სასიამოვნოა. ერთადერთი, რაც ჯერ ვერ ვისწავლე, საცივის მომზადებაა. ვიცი გოზინაყის გაკეთება ჩვეულებრივი რეცეპტით, მთავარია კარგი ნიგოზი და თაფლი მქონდეს. ბაზარში ვერ დავდივარ, პროდუქტი ჩემი ოჯახის წევრებს მოაქვთ. ისე, გოზინაყს ჩვენთან ყოველთვის მამაკაცები აკეთებენ, ჯერ ბაბუაჩემი, მერე მამა, შემდეგ – ძმა. რაც ცალკე გადავედით, ორი წლის წინ, ნოდიც მეხმარება ხოლმე გოზინაყის მომზადებაში.

მოკლედ, ახალი წელი ძალიან მიყვარს და პატარა ბავშვივით ველოდები მიუხედავად იმისა, რომ მგონია, ახლა უფრო გაციებულია ეს მოლოდინი, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში. ადრე უფრო დიდი სიხარულით ხვდებოდნენ. ამ დღესასწაულზე მთავარია განწყობა.

საჩუქრებს ჩუქნით ერთმანეთს ოჯახის წევრები?

რასაკვირველია. ბავშვებისთვის ხან მე ვყიდულობ, ხან – ნოდი. ერთმანეთსაც ვუსახსოვრებთ ხოლმე საჩუქრებს.

ნაძვის ხე უკვე ააწყვეთ?

დათას და აკას მივეცით სრული თავისუფლება და ერთად ააწყვეს. უფროსი 8 წლისაა, პატარა – 2-ის. ძალიან ლამაზი და ჭრელი ნაძვის ხე გამოუვიდათ, ცოტა სათამაშო დაიმტვრა, მაგრამ არა უშავს (იღიმის).

როგორი იყო მიმდინარე წელი შენთვის და რას ელოდები 2018 წლისგან?

2017 სტაბილურად კარგი წელი გამოვიდა. იმედი მაქვს, 2018 წელი შემოქმედებითად უფრო აქტიური იქნება. ჩაფიქრებული მაქვს პროექტი, უკვე შევედით სტუდიაში, ძალიან საინტერესო ადამიანებთან ერთად მიწევს მუშაობა, მაგრამ ჯერ არ გავამხელ და ვწერთ ახალ ალბომს. იმედი მაქვს, 2018 წელს ჩემი ალბომი გამოიცემა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები