ასტროლოგი სოფია ბზეკალავა აღნიშნავს, რომ 2020 წლის ბოლომდე საკმაოდ რთული პერიოდი გველოდება. ვირუსი უკან დაიხევს, თუმცა მთლიანობაში ვირთხის წელიწადი ძალიან ბევრ ცვლილებას მოიტანს, რომელიც მტკივნეული იქნება სტაბილურობის მოყვარული ადამიანებისთვის, სამაგიეროდ, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის შემოქმედებითად აქტიურ ხალხს.

ასეთ მძიმე წელს ელოდებოდით ასტროლოგები?

სოფია ბზეკალავა:

ველოდით და არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ჩემი კოლეგა, ქართველი თუ უცხოელი. უმეტესობა ამბობდა იმას, რომ ეს წელი იქნებოდა კარდინალური ცვლილებების, გარდამტეხი წელი. ყველა ინტერვიუში ამას ვამბობდი. მოგეხსენებათ, ახალ წელს ხალხს მხოლოდ კარგი პროგნოზის გაგება სურს. ყველა ელოდება, რომ ასტროლოგები იტყვიან პოზიტიურს. ყველას პოზიტივი სჭირდება, მაგრამ ზოგადად რაც ხდება, სრულად ნეგატიური არასდროსაა. ჩვენ ამ მხარის დანახვა უნდა ვისწავლოთ. რა ეტაპიც გავიარეთ და ახლაც სადაც ვართ, ესეც მედლის ორი მხარეა. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ყველაფერი ისე ვეღარ იქნება, როგორც ადრე იყო. ახლა გვექნება გარკვეული ამოსუნთქვის პერიოდი. ადამიანებს შესაძლოა გაუჩნდეთ ილუზია, რომ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, მაგრამ ასე არ მოხდება. დეკემბრამდე პერიოდი მეტ–ნაკლებად მშვიდი იქნება, თუმცა აქაც იქნება ცალკეული ნეგატიური მომენტები. ეს წელი არ არის მარტივი, რადგან ვირთხის წელია. რომ გადახედოთ, რომელი წლები იყო ვირთხის, ყველგან აღმოვაჩენთ კარდინალურ ცვლილებებს, მსოფლიო მასშტაბით, კატაკლიზმები, პოლიტიკური ცვლილებები…

23 მარტს სატურნი მერწყულში გადავიდა და რა მოხდა? შეგვეზღუდა გადაადგილების თავისუფლება, ჩაიკეტა ცა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ესკალაცია. ორ ივლისამდე იქაა, მაგრამ უკან მავალია, ამიტომაც ახლა დაიწყება ნელ–ნელა რაღაცების შემსუბუქება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, მაგრამ არც იმას, რომ ქვეყნის დაქცევას უნდა ველოდოთ. ესკალაციის პერიოდშიც ვამბობდი, რომ ეს არ არის აპოკალიფსი. კი, დიდი ცვლილებებია, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ ქვეყანა დაინგრევა, არ უნდა გვქონდეს. სამყარო გადადის აბსოლუტურად ახალ ეტაპზე. ჩვენ დავინახავთ, როგორი რეკორდული სისწრაფით განვითარდება ტექნოლოგიები. ახლა დაფასდება პრაქტიკული ცოდნა და არა დიპლომები. დარგის ვიწრო სპეციალისტები დაფასდებიან, ადამიანები დაიწყებენ აღმოჩენების კეთებას, სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიები და მედიცინა განვითარდება. ყველა ადამიანი, ვისაც სურს, ჩარჩეს მისთვის ჩვეულ გარემოში, თავს კარგად ვერ იგრძნობს. ეს ერთი წელი არა, დიდი პერიოდი გაგრძელდება.

კორონამ კუდი მოიქნია მაშინ, როცა კირჩხიბი იყო აღმავალ ნიშანში, თხის რქა – დაღმავალში. მოხდა ის, რომ სამყარომ ყველანი გვაქცია კირჩხიბებად, ანუ ჩაგვსვა სახლში. კირჩხიბი არის სახლისკენ, ფესვებისკენ დაბრუნების ნიშანი. უნდა მიხედო შენს ოჯახს, შენს ქვეყანას, შენიანებს. აქამდე ჩვენ ყველანი ვცხოვრობდით თხის რქის პრინციპით, ანუ სამსახური იყო პირველი, ოჯახს, ასაკოვან ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევდით. ნახეთ, რამდენი ემიგრანტი დაბრუნდა საქართველოში. კიდევ ბევრი დაბრუნდება. ეს მოტრიალება საკმაოდ კარდინალურად მოხდა, რადგან კირჩხიბი და თხის რქა კარდინალური ნიშნებია.

კვანძები 5 მაისიდან შეიცვალა. თუ დააკვირდები, როგორ უცებ შეიცვალა და აჩქარდა ყველაფერი, რადგან ტყუპებს ყველგან ეჩქარებათ, არიან ძალიან მარტივები, ცოტა ზედაპირულები, მაგრამ ახლა ეს სიმსუბუქე გვჭირდება. სამყაროში ტენდენცია ასეთი იქნება – მოვასწროთ ბევრი საქმე, ვისწავლოთ, განვვითარდეთ, პრაქტიკულად გამოვიყენოთ ცოდნა, რადგან ტყუპი პრაქტიკოსია, ის ყველაფერს გამომგონებლის თვალით უყურებს. 2022 წლის იანვრამდე, ყველაზე მინიმუმ, ახლა ეს ეტაპია. ქვედა კვანძში გადადის მშვილდოსანი და აი, რა აღარ იქნება მოდაში – ვეღარ ააფრიალებთ სერთიფიკატებს, რომ რაღაც იცით, ეს უნდა დაამტკიცოთ, სელებრითების დრო ნაკლებად იქნება, ისინი უკან გადაიწევენ, აღარ იქნებიან პრივილეგირებულები და მოდურები, წინ წამოვა უბრალოება, რა გაცვია და რა გახურავს, აღარ იქნება საინტერესო, წინ წამოვა პიროვნული თვისებები და ის, რამდენად ბევრი მეგობარი გყავს.

ტყუპი მოსწავლის სიმბოლოა, მშვილდოსანი კი არის გურუ, რომელიც ნოტაციებს გიკითხავს, ასეთი ხალხი დრო აღარ იქნება.

მსოფლიო პოლიტიკას როგორ შეცვლის?

ძალთა ხელახალი გადანაწილებაა მოსალოდნელი.

ომის საშიშროება არის?

ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ომის საშიშროებაა, თუმცა არ არის გამორიცხული, ვიღაცებმა ერთმანენს საკუთარი ძალა დაანახონ, მაგრამ ესეც მცირე ხნით. ასტროლოგია ალბათობის მეცნიერებაა. როცა ამ წლის პროგნოზს ვაკეთებდით, რასაკვირველია, მსოფლიოს გაჩერება არავის წარმოედგინა. ერთადერთი, იმაზე ვთანხმდებოდით, რომ იქნებოდა ძალაუფლებისთვის ფარული ომი, რომ იქნებოდა დასმული კითხვა: „ვინ არის აქ უფროსი?“. შეიძლება, ვიღაცას შეთქმულების თეორიების გჯეროდეს ან არა და ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვით. ეს ვირუსი ხელოვნურია თუ ბუნებრივი, არავინ იცის, მაგრამ ესეც კანონზომიერებაში ჩაჯდება. ყველაფერი მაინც ღმერთის ხელშია.

რაც შეეხება კორონავიურსს…

ის უკან დაიწევს. ივლისში აქტიურად დავუბრუნდებით ცხოვრებას. ტყუპმა ბევრი რამ დააჩქარა. აღარ გვეშინია. ვირუსის საკვები შიშია. ადამიანები უფრო მარტივად შეხედავენ ბევრ რამეს, თუმცა ტყუპების ზედაპირულობამ სიფრთხილის შეგრძნება არ უნდა დაგვაკარგვინოს. პროცესი არ დასრულებულა, რადგან 2020 რთული წელიწადია. გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა. იგივე ტიპის ტრანზიტები, რამაც კორონას პიკი მოიტანა, იქნება ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კორონას მოგვცემს, თუკი ასეც მოხდება, იქნება მოკლევადიანი და მისი შემსუბუქებული ფორმა. კაცობრიობა მას ცოდნით დაამარცხებს, თუმცა გარკვეული გლობალური სირთულეები, თუ არა კორონა, გველის წლის ბოლოსთვის.

2021 წელზეც ვისაუბროთ…

2020 წელი საძირკვლის გათხრისაა, რაც ძალიან შრომატევადი პროცესია. სამყაროს პრინციპი განვითარებაა. ყოველთვის ყველაფერი კარგად ვერ იქნება, ზოგჯერ ცუდად უნდა იყოს, რომ მიხვდე, რა არის კარგი. 2021 წელი გადაწყობის წელი იქნება. ადამიანები გაერთიანდებიან სასარგებლო ჯგუფებად, წინ წამოვა ერთობლივი საქმეების კეთება, კოლექტიურობის პრინციპი დაიწყება, რადგან მერწყულის ძლიერი გავლენა შეგვეხება. იმას კი არ ვამბობ, რომ კომუნიზმი დაბრუნდება, მაგრამ ადამიანები გაერთიანდებიან რაღაც ნიშნით. ძალიან ბევრი ენთუზიასტი ადამიანი გამოჩნდება. ცუდი წელი არ იქნება, უბრალოდ, ფასეულობების სისტემები ერთმანეთს დაეჯახება. შენების პროცესი მარტივი არ არის. მთავარია, იქნება პროგრესი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 2021 წელს წინსვლის გაცილებით მეტი შესაძლებლობა იქნება, ვიდრე 2020 წელს. ადამიანებს მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რისი დანახვაც არ გვინდა. ახლა სამყარო ჩვენგან ითხოვს, რომ აღმოვაჩნოთ ჩვენში ინდივიდუალიზმი. ეს დაფასდება სწორედ მომავალ წლებში.

პანდემიები კიდევ იქნება?

ძალიან მეეჭვება. მედიცინა ძალიან განვითარდება შემდეგი ათი წლის განმავლობაში. პანდემიების დროს დაახლოებით იგივე ხდებოდა ასტროლოგიურად, რაც ახლა. პანდემიები და ომები ყოველთვის წინ უძღვოდა ტექნოლოგიურ პროგრესს. ჩვენ ისიც უნდა ვისწავლოთ, როგორ გავხადოთ გარემო ჩვენთვის უსაფრთხო და ასევე ჩვენ როგორ ვიყოთ გარემოსთვის ნაკლები საფრთხის შემცველი, რადგან ეს, როგორც ახლა დავინახეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

ნინო მურღულია

კატეგორიები: ექსკლუზივი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05